სტატიები
პატრიოტული აზროვნების დეფიციტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4638 01 თებერვალი 2021, 11:52

ქეთი ხატიაშვილი

გიგი უგულავა: რა თქმა უნდა, დავით გარეჯი არის საქართველო, რა თქმა და მტკიცება უნდა ამას - მხურვალე ტაში ფეხზე ადგომით.

ივერი მელაშვილი: არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს [აზარბაიჯანი] არასოდეს - მხურვალე ტაში ფეხზე ადგომით. 

სააკაშვილი პოლიტიკური კლასტერი და საარჩევნო ელექტორატი ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებაზე ერთნაირი პატრიოტული ემოციითა და შემართებით რეაგირებს. უგულავაც და მელაშვილიც მის თვალში გმირია, ორივე სიმართლეს ამბობს და ორივეს პოლიტიკურად დევნიან. 

დავით გარეჯი მორიგი კლასიკური მაგალითია - პატრიოტიზმი აზროვნებაა და არა ემოცია!

მხოლოდ ფაქტები:

დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე რუკა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთია ხელმოწერილი როგორც ბაქოს, ისე თბილისის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება. რუკა 1938 წელს დამოწმდა, სტალინის დროს. მას შესაბამისი დოკუმენტებიც ერთვის.

დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობს კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც უკვე 1996 წლით თარიღდება. ოქმს ამჯერადაც ორივე მხარე აწერს ხელს - საქართველოც და აზერბაიჯანიც. დამოუკიდებელი რესპუბლიკების პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ საზღვრის დემარკაციის დროს საგანგებო კომისია 1938 წლის რუკით იხელმძღვანელებდა, რომელიც, ისევ გავიმეორებ, საბჭოთა თბილისისა და საბჭოთა ბაქოს მიერ იყო ხელმოწერილი. 

შევაჯამოთ: ბაქომ სხვადასხვა დროს - 1938 წელს პირველად და 1996 წელს მეორედ - საკუთარი ხელმოწერით აღიარა დავით გარეჯის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე. 

1985 წელს კიდევ ერთი რუკა შედგა, თუმცა, ის მხარეებს არ დაუმოწმებიათ. მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც კი მიუღებელი იყო პირობები, რომელიც იქ ჩაიდო. 

სამაგიეროდ მისაღები აღმოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს მესამე პროდასავლელი პრეზიდენტისთვის. 

2007 წელს ბაქოსა და თბილისს შორის მორიგი შეთანხმება შედგა. ამჯერად ილჰამ ალიევის შვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ეს შეთანხმება კი 1985 წლის სსრკ-ს დროინდელ ადმინისტრაციულ დაყოფას დაეყრდნო, რომელსაც მაშინ არც ერთმა მხარემ არ მოაწერა ხელი. 


რა ვიცით 2007 წლის შეთანხმებაზე? 

2007 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა ილჰამ ალიევს უმასპინძლა. თბილისში თბილი მიღების შემდეგ, სტუმარი საპატიო ყარაულით და წითელი ხალიჩით გააცილეს. ტრაპთან ხელიც დაუქნიეს. 

მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ აეროპორტში თქვა: 

- მალე გაიმართება [ქართული და აზერბაიჯანული] სამუშაო ჯგუფების შეხვედრა… სტრატეგიული სიმაღლეები დარჩება აზერბაიჯანული მხარის კონტროლის ქვეშ, ხოლო სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დარჩეს… დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ შეთანხმების ხელმოწერას.

რომ არა ეს განცხადება, რთული იქნებოდა რაიმეს დამტკიცება. მაგრამ პრეზიდენტის რანგში სააკაშვილი გარკვევით ამბობს სიტყვას „შეთანხმება“. ამ ფრაზაში არის ერთი მკაფიო და ერთი ორაზროვანი გზავნილი.

მკაფიო მესიჯი ასეთია: სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის შემადგენლობაში უნდა მოყვეს. 

ორაზროვანი მესიჯი: დავით გარეჯის კომპლექსი საქართველოს უნდა დარჩეს. სააკაშვილი აქ არ აზუსტებს: ის, რაც „უნდა დარჩეს“, შეთანხმებულია თუ არა. 

ალიევის ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთის თხემზე გადმოიწიეს, რის შემდეგაც გარეჯის კომპლექსის ორი მონასტერი „საზღვრის იქით“ აღმოჩნდა. 

ოღონდ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს მისცა პირობა (ეს იყო შეთანხმების ნამდვილი არსი), რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არავითარ შემთხვევაში არ შეუშლიდნენ ხელს მღვდლებს, ქართველ მომლოცველებს, ტურისტებს, გადასულიყვნენ თხემს მიღმა და მოელოცათ ეკლესია-მონასტრები. მეტიც, ბერებს შეეძლოთ, იქ მუდმივად ეცხოვრათ კიდეც.
ეს სიტყვიერი შეთანხმება მოქმედებდა მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილმა ეს დუმილი ჯერ ბაქოში, შემდეგ კი დავით გარეჯზე გაკეთებული განცხადებით არ დაარღვია.  

შევაჯამოთ: გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია სააკაშვილის მიერ დადებული სიტყვიერი შეთანხმება. სააკაშვილმა კი, თავის მხრივ, დაარღვია შევარდნაძე-ალიევის მიერ გაფორმებული შეთანხმება, სადაც ყველაზე კარგად იყო დაცული საქართველოს ინტერესები. 


რატომ დასჭირდა სააკაშვილს დათმობაზე წასვლა?

არ არის გამორიცხული, 2007 წლის გაზაფხული, - სწორედ მაშინ დაიდო ბაქოსა და თბილისს შორის სიტყვიერი შეთანხმება, - 2006 წლის შემოდგომის შედეგი იყოს. 

2006 წლის შემოდგომაზე მიხეილ სააკაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა რუსი ჯაშუშები დემონსტრაციულად გადასცა რუსეთს. ოთხი დაპატიმრებული ოფიცრის სამშობლოში დაბრუნება პროვოკაციულ სტილში სახალხოდ და საჯაროდ მოხდა და არა ფარულად, როგორც ეს ხდება ხოლმე და როგორც ამას ქვეყნები წესისამებრ აკეთებენ, თუკი რომელიმე ქვეყანას არ სურს, დაამციროს სხვა ქვეყანა. 

ჰოდა, მოსკოვმაც თავი დამცირებულად იგრძნო და ის, რაც შემდეგ მოხდა, როგორც ჩანს, თბილისში მოკალათებულ პოპულისტურ მთავრობას ვერც კი წარმოედგინა. კრემლის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან 800 ათასი (სწორედ ეს ციფრი დაასახელეს მაშინ მედიაში) ქართველი საცხოვრებელი სახლებიდან გამოყარეს და საბარგო თვითმფრინავით სამშობლოში გამოამგზავრეს. ამას დაემატა ეკონომიკური სანქციები, მათ შორის ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. რუსულ გაზსა და ელექტროენერგიას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური ფასი.  

თბილისში ოპოზიცია ძლიერდებოდა. ყველაფერი ერთად კი სააკაშვილის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. შესაძლოა, სოციალური აფეთქების თავიდან ასაცილებლად სააკაშვილს დავით გარეჯის თემის გათამაშება დასჭირდა. ალიევთან სიტყვიერი შეთანხმება „გააფორმა“.
შეიძლება ითქვას, რომ დავით გარეჯი პირველი კლასიკური მაგალითია იმისა, - 2008 წლის აგვისტომდე, - რამდენად ძვირი ჯდება შეცდომა. რამდენად დიდია მისი გავლენა ადამიანებზე, კონკრეტულ ოჯახებსა და ქვეყანაზე. 

არ არის გამორიცხული, დავით გარეჯის თემით სააკაშვილმა ვერტიკალზე ყოფნა გაიხანგრძლივა. და ეს არ იყო მხოლოდ მისი ინტერესი და ალბათ არც ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იქნებოდა. ეს მთელი მაშინდელი ნაცელიტის საერთო ნება-სურვილს უფრო ჰგავს. 

სხვა რა ვერსია ან ვარიანტი შეიძლება იყოს? თავად მიშამ ტერიტორიის გაყიდვაზე გააკეთა აქცენტი: არ გამიყიდია დავით გარეჯი 70 მილიონადო. 

უცნაურია მხოლოდ, რომ პრორუსულად მონათლულმა ედუარდ შევარდნაძემ არ გააკეთა ის, - სხვათა შორის, არც მაშინ, როცა სერიოზული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების წინაშე იდგა, - რაც პროდასავლელად გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი