სტატიები
ოცნებას გმირი გამოეცალა, ოპოზიციას ანტიგმირი - ცვლილებები და გამოწვევები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4277 13 იანვარი 2021, 21:55

ქეთი ხატიაშვილი

პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, პანიკა ოპოზიციაში გაჩნდა. ბაიდენის თეთრ სახლში შესვლას ელოდნენ - უნდა ეთქვათ მისთვის, როგორ იტანჯება ქართული ოპოზიცია და დემოკრატია რუსი ოლიგარქის დიქტატურის ქვეშ. ელოდნენ გაზაფხულს, ჯერ ხეში წყალი ჩადგება, შემდეგ ხალხი რუსთაველის გამზირზე გამოვა; მერე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ოპოზიცია გაიმარჯვებს და პრემიერი გახდება... აქ ყველამ საკუთარი თავი იგულისხმა ალბათ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების წინ სწორედ ასე იყო - და ის იყო, შემოდგომაზე კახეთში ყურძნის მოსავალი აიღეს, თბილისში კი გამარჯვება გაიყვეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. 

ამიტომაც ჩავარდა ოპოზიცია პანიკაში. მათ ქუჩის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილზე ჰქონდათ აწყობილი. ბიძინა იყო მთავარი ანტიგმირი, ბოროტების სათავე, რომელსაც, თუ მოჭრი, ქვეყანაში განათდება, როგორც ამას მიშა ირწმუნება ხოლმე. დიახ, სწორედ ასე, ზღაპრულ ჟანრში. თუმცა ზღაპრებში ურჩხულების მოკვდინებით, ძირითადად, წყალი მოედინება ხოლმე თავისუფლად სოფელსა თუ ქალაქში. 

ოპოზიცია კრიზისშია, რომელსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ უმკლავდება, ამიტომაც მის გადასაფარავად ახალი მოდა დაამკვიდრა. ახლა გვიმტკიცებენ, მთავარი ფაქტი არ არის, მთავარი ის აღქმაა, რომელსაც ჩვენ გიქმნითო. 

ვნახოთ, რას ნიშნავს ეს კონკრეტულ მაგალითზე. არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს. ვერ დადეს და შედეგების გადათვლაზეც უარი განაცხადეს. ამიტომაც ახლა ქმნიან გაყალბების აღქმას. გვეუბნებიან, რომ გაყალბდა. თუმცა, რამდენით, ვერ თანხმდებიან. ნაციონალები ამბობენ, რომ 12%-ით გაყალბდა, ევროპელების აზრით - 4%-ით, დანარჩენებს ამაზეც არ აქვთ წარმოდგენა - მთავარი ხომ აღქმაა, გაყალბდა და მორჩა. შედეგები მხოლოდ „გირჩებმა“ აღიარეს, თუმცა, იქვე დასძინეს, ოპოზიციის გარეშე პარლამენტში შესვლა უაზრობა იქნებაო. ჰოდა, არც შევიდნენ. 

თუმცა, დაწყობილი გეგმები და გასაყიდად გამზადებული აღქმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ, როგორც ჩანს, სრულიად დაანგრია. გეგმები იმიტომ, რომ ახალი ანტიგმირი სჭირდებათ, ვის წინააღმდეგაც გაერთიანდებიან. ბიძინამ პოლიტიკა დატოვა. ირაკლი კობახიძეს ამდენ პატივს ვერ და არ მიანიჭებენ. ახლა რა გზავნილი უნდა ჰქონდეთ? ან რა აღქმები უნდა დათესონ? არც ანტიგმირი ჰყავთ და არც გმირი. არადა სწორედ ამ ორ ფაქტორზე იდგა აქამდე ქართული პოლიტიკა.   

ქუჩაში გამოდიოდნენ გამსახურდიას წინააღმდეგ ჭანტურიას მომხრეები; შევარდნაძის წინააღმდეგ - რეფორმატორების მომხრეები; სააკაშვილის წინააღმდეგ - ივანიშვილის მომხრეები. მავნე ტრადიციის ეს ჯაჭვი ივანიშვილთან ჩაწყდა. 

ბიძინას წასვლით ოპოზიცია უკვე იძულებულია, აგრესიული და რადიკალური დღის წესრიგიდან პოზიტიურზე გადაეწყოს, გარკვეულწილად მაინც. ახლა ქუჩაში ხალხის ვიღაცის წინააღმდეგ დარაზმვა აღარ გამოვა. მე, როგორც ამომრჩეველს, უკვე ის კი არ მაინტერესებს, ვის წინააღმდეგ იბრძვის ოპოზიცია, არამედ ის, რისთვის იბრძვის. 

და კიდევ, ივანიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ გააკეთეს პოლიტიკაში აღიარებულმა ფიგურებმა - ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა. მათგან განსხვავებით, ბიძინამ შეძლო საკუთარი პარტიის დათმობა ახალი პოლიტიკური თაობის სასარგებლოდ. პოლიტიკური მემკვიდრის დასახელებაზე უარი თქვა ერთმაც და მეორემაც. 

მაგრამ რატომ ირაკლი კობახიძე? „ქართულ ოცნებაში“ სხვა გავლენიანი ფიგურებიც არიან. მაგალითად, კახა კალაძე და გიორგი გახარია. მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ფსონი დადო ფიგურაზე, რომელსაც პარტიული მუშაობის გამოცდილებაც აქვს - საარჩევნო კამპანიებს ხელმძღვანელობდა; შესაბამისი განათლებაც - რაც საჭიროა პარლამენტში მუშაობისთვის; და რაც მთავარია, ის არ არის ისეთი მერყევი, როგორიც იყო, მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილი. 

ესეც სიახლეა ქართული პოლიტიკისთვის, ერთგვარი ექსპერიმენტი. შეძლებენ კი გახარია, კობახიძე და კალაძე ერთად არა მხოლოდ პარტიის, არამედ ვერტიკალის მართვას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მმართველი ძალა ვინმეს ქარიზმას ან ავტორიტეტს კი არ არის ჩამოკიდებული, არამედ გუნდს. ისე როგორც დასავლეთშია.   
 
დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი წავიდა ადგილობრივი არჩევნების წელს. მისი გვერდით გაწევა შანსია, პირველ რიგში, ოპოზიციისთვის, რომელსაც უკვე შეუძლია, თავისუფლად ინადიროს ელექტორატზე. თავისუფლად იმიტომ, რომ უკვე აღარ იარსებებს მიზიდულობის ცენტრი. მაგრამ ამისთვის ოპოზიციას დასჭირდება პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. შექმნის კი? განახლდება კი? თუ ხელისუფლებაში იოლად მოსვლის ცდუნება გაუჩნდება? იოლად, ანუ ქუჩიდან, არჩევნების გარეშე. 

საინტერესოა, რას იზამს „ქართული ოცნება“. შეინარჩუნებს ერთიანობას, თუ ვერტიკალზე მალე გაჩნდება სხვა მიზიდულობის ძალა. დაახლოებით ისეთი, როგორიც „სმკ“-ში იყო, როცა მმართველ პარტიაშივე გაჩნდა ოპოზიცია, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ცალკე გავიდა. 

მოკლედ, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ახალი თაობა ახალი თამაშის წესების შექმნას და თამაშს.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი