დიდი დრო არ გავა და ყველასთვის ნათელი გახდება, რომ 2020 წელს ოპოზიციამ უკვე მეორედ დაყარა ძლიერი კარტი და უარი თქვა თამაშზე, რითაც ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, პარლამენტში ძალიან მაგრად ყოფილიყო წარმოდგენილი და პროცესებზე სერიოზული გავლენა ჰქონოდა, – ამის შესახებ ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, უპასუხო შეკითხვად რჩება, როგორ შეიძლებოდა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება და, თითქოს, რა უნდოდა სწორი სვლების გამოცნობას, მაგრამ სახრის უაზრო ქნევით ქილა ერბოც გატყდა და ქარის მოტანილი, ისევ ქარმა წაიღო.
„პირველად ასე მოხდა 2008 წელს, როდესაც არჩევნების წინ ოპოზიციამ რეალობა ვერ შეაფასა, დაიშალა და ცალ-ცალკე გასვლა ამჯობინა.
არც მაშინ და არც ახლა, არც საკმარისი პროგნოზირების უნარი აღმოაჩნდათ და არც ელემენტარული ალღო. ჭადრაკის სათამაშოდ კი ცარიელი ამბიციები და სატელევიზიო ისტერიკები არ არის საკმარისი.
უკვე რაც გამოჩნდა ისაა, რომ ამ ოპოზიციურმა კონგლომერატმა საკუთარი შესაძლებლობები სრულად ამოწურა და მესამე ვირტუალური ძალის ძებნის ნაცვლად ქვეყანას მეორე რეალური და პრაგმატული პოლიტიკური ძალა სჭირდება“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |