989
18 ნოემბერი 2020, 19:13
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიმდინარე ტურნე ევროპასა და შუა აღმოსავლეთში, რომელიც დაიწყო საფრანგეთში, მოიცავს თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ყატარს და დასრულდება საუდის არაბეთში. პომპეოს ვიზიტი პატარა პოსტსაბჭოთა დემოკრატიულ ქვეყანაში - საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ის ასახავს აშშ-ის მხრიდან საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერის განმტკიცებას მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ჩართულობის შესაძლებლობები სულ უფრო იკლებს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე, - გამოცემა ,,Middle East Institute“ სტატიას სახელწოდებით ,, პომპეოს ვიზიტი თბილისში წარმოადგენს როგორც „საპატიო წრეს“, ისე შესაძლებლობას“ აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორები, იულია საბინა ჯოჯა და რაიან ოლსონი აცხადებენ, პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს მხარდაჭერის დადასტურებას, რომელიც ესოდენ სჭირდება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს.
მათი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ნატოსთან თავსებადობის მხრივ, ასევე უფრო ინტენსიური ხდება თბილისის თანამშრომლობა ნატოსთან მზარდი სამხედრო წვრთნების გზით.
,,მთიან ყარაბაღში ახლახან მიღწეულმა შეთანხმებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეცვალა რეგიონის გეოპოლიტიკა - დასავლეთის მონაწილეობის გარეშე რეგიონში საზღვრების შეცვლამ გამოიწვია რუსეთისა და თურქეთის მომძლავრება. ამ შეთანხმების შედეგად, დღეს საქართველო გარშემორტყმულია რუსული ჯარებით როგორც ჩრდილოეთით, სადაც არსებობს რუსული ბორდერიზაციის საფრთხე, ისე სამხრეთით, სადაც მთიანი ყარაბაღისკენ სულ ახლახან გააგზავნეს 2 000 რუსი ჯარისკაცი.
პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს მხარდაჭერის დადასტურებას, რომელიც ესოდენ სჭირდება ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს. მართალია, აშშ-ის ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, მაგრამ საქართველოს აქვს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში, სადაც რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერი კონოლი არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები. ეს კი პომპეოს აძლევს გარკვეულ სივრცეს მანევრირებისთვის, რათა გაიზარდოს აშშ-ის მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროში და მისი აქტიურობა რეგიონში და საბოლოოდ გადაიდგას ნაბიჯები რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის შესაჩერებლად. პომპეო შეეცდება, დადებით ნოტაზე დაასრულოს ტრამპის ერა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლებისთვის დიდ ბრძოლაში. რეგიონში პომპეოს ვიზიტები, როგორც წესი, კონცენტრირებული იყო შეკავების დღის წესრიგზე. ბოლო თვეებში მიღწული იყო რამდენიმე სტრატეგიული წარმატება აშშ-ის აქტიურობის ზრდის მხრივ რუსეთისა და ჩინეთის ხარჯზე. სახელმწიფო მდივანი შუამავლობდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში რიგ მნიშვნელოვან საინვესტიციო გარიგებებში. 9 ოქტომბერს რუმინეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს ორმხრივი ურთიერთების ისტორიაში უმსხვილეს ეკონომიკურ შეთანხმებას - 8 მილიარდი დოლარი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად (თავდაპირველად ამ ტენდერში ჩინეთმა გაიმარჯვა). 10 დღის შემდეგ კი აშშ-მა ხელი მოაწერა 18-მილიარდიან პაკეტს პოლონეთთან, ასევე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. კიდევ 4 დღის შემდეგ გაფორმდა ატომური ელექტროსადგურის შესახებ მე-3 შეთანხმება, ამჯერად ბულგარეთთან და ასევე რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესი შეთავაზებების წყალობით. შესაძლებელია, რომ მიმდინარე კვირის დღის წესრიგში დადგეს კიდევ ერთი ენერგეტიკული შეთანხმების საკითხი. მართლაც, საქართველო ჩართულია რამდენიმე პროექტში, რომლებიც შეამცირებს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე და წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. ერთ-ერთი ასეთი პროექტის ფარგლებში საქართველო ცდილობს მაღალი ძაბვის არსებული ელექტროგამტარი სადენების გამაგრებას, რომლებიც საქართველოს გავლით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებენ ევროპასთან, შავი ზღვისა და რუმინეთის მეშვეობით. გარდა ამისა, საქართველო და რუმინეთი გეგმავენ თხევადი გაზის პროექტის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის მეშვეობით და რუსეთის გვერდის ავლით მოამარაგებს ევროპას აზერბაიჯანის გაზით. რუმინულმა კომპანიამ OMV Petrom ახლახან გაიმარჯვა ტენდერში და მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შავი ზღვის ღრმაწყლოვან ენერგეტიკულ საძიებო სამუშაოებში. დაბოლოს, შეთავაზებული თეთრი ნაკადის მილსადენით გაზი შავი ზღვის მეშვეობით საქართველოდან გადაიგზავნება რუმინეთსა და უკრაინაში და შემდეგ ცენტრალურ ევროპაში. რეგიონული ენერგოუსაფრთხოების ამ პროექტებიდან ზოგიერთის (ყველასი თუ არა) უფრო მეტი მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან წვლილს შეიტანს საქართველოს და შავი ზღვის რეგიონის ენერგეტიკულ ავტონომიაში და, ამასთან ერთად, შეაკავებს ჩინეთისა და რუსეთის აქტიურობას. მას შემდეგ, რაც აშშ-მა და საქართველომ აღნიშნეს სტრატეგიული თანამშრომლობის მე-10 წლისთავი, რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო ფეთქებადი გახდა. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება (ახლახან გაცხადდა გეგმები მსგავსი კავშირების განმტკიცებასთან დაკავშირებით რუმინეთსა და აშშ-ს შორის). საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ნატოსთან თავსებადობის მხრივ, ასევე უფრო ინტენსიური ხდება თბილისის თანამშრომლობა ნატოსთან მზარდი სამხედრო წვრთნების გზით. თუმცა რეგიონში მომატებული არასტაბილურობის ფონზე აშშ-საქართველოს კავშირების შემდგომი განმტკიცება თავდაცვის სფეროში უბრალოდ აუცილებელია და ამას დასჭირდება კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა, ტრამპის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგაც“,- წერს გამოცემა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაჭრობა და საინვესტიციო კავშირები საქართველოსა და აშშ-ს შორის დაჩრდილა უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებმა და ამას ლოგიკური მიზეზები აქვს, საქართველო დღესაც დგას რუსეთის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და აქტიურად ეწინააღმდეგება რუსული და სეპარატისტული ძალების მიერ თავისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.
როგორც ავტორები აცხადებენ, აშშ-ს დიდი ხნის მანძილზე შეაქვს წვლილი საქართველოს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციაში - საქართველო ხშირად არის აშშ-ის საგარეო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმღები სულ მოსახლეზე.
,, დაფინასება ხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ადამიანური რესურსების განვითარებას, ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების წახალისებას პირობებზე დაფუძნებული პროგრამების მეშვეობით (მაგალითად, ათასწლეულის გამოწვევის 2 კომპაქტი საქართველოსთვის). ამ დონეზე ჩართულობის მხარდაჭერა, დიდი ალბათობით, გაგრძელდება. გასულ კვირას აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტი გამოვიდა წინადადებით საქართველოსთვის დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდასთან დაკავშირებით. ეს ეკონომიკური ურთიერთობები განსაზღვრულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, რომელშიც ოფიციალურადაა დასახული ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ვაჭრობასა და ეკონომიკაში, დემოკრატიის მხარდაჭერაში და ადამიანთა შორის გაცვლების მიმართულებით. მართალია, ტრამპის ადმინისტრაცია ინარჩუნებდა ქარტიით გათვალისწინებული ჩართულობის დონეს, მაგრამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები, როგორც წესი, უგულებელყოფილი იყო, რაც შეიძლება ყოფილიყო გამოხატული ორმხირივი ინვესტიციების გაფართოების შეთანხმების მეშვეობით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჩართულობის მეშვეობით. ტრამპის მიდგომა საქართველოს მიმართ ასახავს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის უფრო ფართო ტენდენციას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხარჯების შეკვეცას და ამერიკის სავაჭრო კანონების გატარებას, რამაც შეზღუდა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მასშტაბური ეკონომიკური და საინვესტიციო ჩართულობის შესაძლებლობები და შედეგად მოიტანა დისონანსი ქარტიით განსაზღვრული სავაჭრო მიზნებს და პოლიტიკურ რეალობას შორის. ამ გამოუყენებელ შესაძლებლობებს გარკვეულწილად აბალანსებს ადმინისტრაციის მხრიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა „3 ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში. ამ ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პროგრამის მიზანია ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საინფორმაციო ტექნოლოგიური კავშირების გაფართოება ბალტიის, ადრიატიკის და შავ ზღვას შორის. მართალია, საქართველოს მონაწილეობა ჯერჯერობით არ განიხილება, მაგრამ 3 ზღვის ბიზნესფორუმი იძლევა უფრო ფართო ჩართულობის შესაძლებლობას. ახლახან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ პრეფერენციების განზოგადებული სისტემის ფარგლებში საქართველოს შრომითი პრაქტიკის განხილვის შეწყვეტა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური რეფორმების კიდევ ერთ აღიარებას. გარდა ამისა, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებულმა სამწლიანმა შეფასებამ, რომელიც ეხება პრეფერენციების განზოგადებული სისტემის ფარგლებში იმპორტიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) საქმიანობას, კიდევ უფრო უნდა წაახალისოს ბიზნესები და უზრუნველყოს სასარგებლო სამუშაო ჩარჩო დამატებითი ორმხრივი ვაჭრობის ხელშესაწყობად“,- წერს გამოცემა.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ პომპეოს ვიზიტს თბილისში შეუძლია უზრუნველყოს ტრამპის ვაჭრობის და საინვესტიციო მემკვიდრეობა რეგიონში და საფუძველი ჩაუყაროს შემდგომ ეკონომიკურ ჩართულობას ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში.
ავტორთა შეფასებითმ, აშშ-ის დაპირება 3 ზღვის ინიციატივაში შეტანილი ჯამური 30%-იანი წვლილის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით მიუთითებს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებაზე შავი ზღვის მიმართ, რომელიც, რეგიონში ბევრის იმედით, ბაიდენის მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდება.
,, რაც შეეხება ვაჭრობას, არსებობს საკმარისზე მეტი შესაძლებლობა საქართველოსთვის ადმინისტრაციის ორმხრივი მხარდაჭერის განსამტკიცებლად. 2019 წელს აშშ-ში საქართველოს ექსპორტის თითქმის 75% პასუხობდა საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების მოთხოვნებს პრეფერენციების განზოგადებული სისტემის ფარგლებში, რომელსაც ვადა გასდის 31 დეკემბერს. მართალია, პრეფერენციების განზოგადებული სისტემა შედის აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის იურისდიქციაში, მაგრამ მდივან პომპეოს მიერ საქართველოს ლიდერებისთვის პროგრამის მნიშვნელობის დადასტურება განამტკიცებს აშშ-ის ერთგულებას ორმხრივი ვაჭრობის მიმართ, ასევე იქნება სიგნალი კონგრესისთვის, რომ ადმინისტრაცია მზად არის და ემხრობა პროგრამის გაგრძელებას, თუკი ამაზე იქნება ორივე პალატის თანხმობა. გარდა ამისა, ზოგიერთ ქართულ პროდუქტზე საბაჟო გადასახადების მოხსნას, ასევე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მიერ შრომითი სტანდარტების შესახებ განხილვების შეწყვეტას, შეუძლია ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს საქართველო-აშშ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რითაც არსებითად გადახალისდება სავაჭრო კავშირები შემდეგი ადმინისტრაციის პირობებში სავარაუდო მოლაპარაკებების მოლოდინში. როგორც დამატებითი სტიმული, აშშ-ის წესებისა და სტანდარტების მიერ მხარდაჭერილი შეთანხმება წვლილს შეიტანს რეგიონში ჩინური გავლენის განეიტრალებაში.
ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის ინარჩუნებს სიმტკიცეს როგორც რესპუბლიკელთა, ისე დემოკრატთა ადმინისტრაციის პირობებში. თბილისში ვიზიტისთვის სამზადისში პომპეო კმაყოფილი უნდა იყოს თავისი ადმინისტრაციის ძალისხმევით, რომელიც მიმართულია ამერიკის კავშირების განმტკიცებისკენ საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან. რუსეთის მიმდინარე აგრესიული მოქმედება და ჩინეთის მზარდი აქტიურობა რეგიონში მიუთითებს, რომ აშშ-მა გააკეთა სწორი არჩევანი, როცა ყურადღება გადაიტანა ძალაუფლებისთვის დიდი ბრძოლის გამძაფრებაზე. მიუხედავად ამისა, შავი ზღვის რეგიონული დინამიკის მუდმივი ცვალებადობის გათვალისწინებით, წინ კიდევ დიდი სამუშაოა გასაკეთებელი. პომპეომ უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, რათა განამტკიცოს პრეზიდენტ ტრამპის მემკვიდრეობა, რისთვისაც უნდა გაძლიერდეს და კიდევ ერთხელ დადასტურდეს ამერიკის ერთგულება საქართველოს უსაფრთხოების მიმართ და საფუძველი უნდა ჩაეყაროს შემდგომ ეკონომიკურ ინტეგრაციას“,- ნათქვამია ,,Middle East Institute”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
https://www.mei.edu/publications/pompeos-visit-tbilisi-both-victory-lap-and-opportunity?fbclid=IwAR3M6hmZ-xdcaXHuPy55gyQcW--gI963xlMg0nV51VUe1_KqF2O53jH8Cc4
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |