1104
23 ოქტომბერი 2020, 16:34
„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო რებრენდინგი საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. ნინო ბურჯანაძემ გუნდიც განაახლა და საარჩევნო პროგრამაც. პირველად ავიდა საარჩევნო რინგზე შვილთან ერთად. ანზორ ბიწაძე სიაში რიგით მესამეა.
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო სლოგანია „ძალა და გამოცდილება“. ვნახოთ, რა ძალა აქვს მას და რა ასწავლა პოლიტიკოსს წარსულმა გამოცდილებამ. რატომ არაფერია მის პროგრამაში ნათქვამი ნატოზე და როგორ ემზადება ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსასვლელად.
_ ქალბატონო ნინო, ოპოზიციამ პრემიერობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა. გასაგებია, რომ ყველაფერი საარჩევნო შედეგებზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ხომ არ დაიწყო უკვე საუბარი კომპრომისულ ფიგურაზე, თუკი ვერავინ მოიპოვებს დამაჯერებელ უმრავლესობას?
_ პრემიერობის კომპრომისულ ვარიანტზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ყოველ შემთხვევაში მე საქმის კურსში არ ვარ. შესაძლოა, სადმე ამაზე საუბრები მიდის, თუმცა მე ამის შესახებ არ ვიცი.
_ ხომ არ გამოვა ისე, რომ ოპოზიციამ საკმარისი ხმები მოაგროვოს, მაგრამ შემდეგ პრემიერობის კანდიდატზე ვერ შეთანხმდეს?
_შევთანხმდებით. ოპოზიცია უკვე შეთანხმდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველ რიგში, ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს; მეორე - არავინ არ უნდა შეუქმნას კოალიცია ბიძინა ივანიშვილს; და მესამე - არ უნდა დავუშვათ ხმების გაყალბება. რა თქმა უნდა, არის ოპოზიციაში წინააღმდეგობები, მაგრამ ჩვენ, ყველა, პირადზე მაღლა უნდა დავდგეთ.
_საინტერესო ფრაზაა, „არავინ არ უნდა შეუქმნას კოალიცია „ქართულ ოცნებას“. და რატომ მიაჩნია ოპოზიციას, რომ მან უნდა უკარნახოს ყველას თამაშის წესები? თეორიულად, ვთქვათ, „ქართულმა ოცნებამ“ 89 პროცენტი აიღო, რატომ უნდა გამინუსდეს მათი ამომრჩევლის ხმა და ინტერესი?
_ რა თქმა უნდა, არ უნდა გამინუსდეს. ისევე როგორც არ უნდა გამინუსდეს არავის მხარდამჭერი, ხმები არ უნდა გაყალბდეს.
- ხმების დაცვის მექანიზმებზე მინდა გკითხოთ, რას გულისხმობთ? უფრო სწორად, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?
- ამას პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკური ნება სჭირდება. შეიქმნება ისეთი სტრუქტურა, რომელიც დარღვევებზე ან გაყალბებაზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირების საშუალებას მოგვცემს. ინფორმაციები დიპლომატიურ კორპუსსაც უნდა მივაწოდოთ.
- მაინც ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს.
- ჩვენ ხმები შეიძლება მოგვპაროს მხოლოდ ხელისუფლებამ. მაგალითად, „ლელოს“ დამკვირვებელმა არ უნდა დაუშვას ჩემთვის ხმის მოპარვა და გაყალბება და პირიქით.
- რამდენი პროცენტი უნდა აიღოთ, რომ არჩევნების სამართლიანობაში ეჭვი არ შეგეპაროთ?
- ვიცი, რომ ეს არის უფრო მეტი, ვიდრე 3 ან 4 პროცენტი და ნაკლები, ვიდრე 20 პროცენტი. საერთოდ, ჩვენ 2012 წლის შემდეგ, 2013-14 წლების არჩევნებში მესამე ძალად ჩამოვყალიბდით. 2016 წელს კი არჩევნები გაგვიყალბეს, რომ მეორე პოლიტიკური ძალა ჩვენგან არ მიეღოთ. ივანიშვილს შეეშინდა, მეორე პოლიტიკური ძალა არ გავმხდარიყავი და ამიტომაც ხმები გამიყალბეს. სუსი ახლაც დადის და ყველას ეუბნება: ნუ მისცემთ ხმას ნინო ბურჯანაძეს, ხელისუფლებაში ის მაინც ვერ მოვა და თქვენ სამსახურებს მაინც ნუ დაკარგავთო.
- ვთქვათ, შედეგმა არ დაგაკმაყოფილათ, შემდეგ რა ხდება?
- პირველ რიგში, გავერკვევით სიტუაციაში და თუ გაყალბებასთან გვექნება საქმე, სამართლებრივ მექანიზმებს ავამოქმედებთ, მივმართავთ ცესკოს, დიპკორპუსს, სასამართლოს ყველა შესაძლო გზით შევეცდებით საკუთარი ხმების დაცვას. თუ ეს გაჭრის, ვიმოქმედებთ ძალიან რადიკალურად, რასაც კი კანონი ითვალისწინებს.
- ფიქრობთ, კანონი ძალიან რადიკალურ ფორმებს ითვალისწინებს?
- აქ საუბარია პოლიტიკურ ფორმებზე, მაგალითად, ქუჩის გადაკეტვაზე.
- თქვენ რომ გადაკეტავთ ქუჩას, ეს გასაგებია, მაგრამ ვერ ვხედავ, ამ დროს სად იქნებიან სხვები, ოპოზიციის ის ნაწილი, ვისაც თქვენ გულისხმობთ.
- 2016 წელს რაც მოხდა, იმის გამეორება შეუძლებელია. თუ პოლიტიკური ძალები გაიყიდებიან და უსამართლობას შეეგუებიან, მაშინ არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ისეთი პოლიტიკური ლიდერის, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, პოლიტიკური პროცესების გარეთ დატოვება, დანაშაულია ქვეყნის წინაშე. არ ვამბობ, რომ შეცდომები არ მქონია, მაგრამ ვინ არის ჩემზე უფრო სუფთა, ან ჩემზე უფრო კომპეტენტური? მეორე საკითხია, ვის მოვწონვარ და ვის - არა.
- თქვენს გამოცდილებას სლოგანშიც უსვამთ ხაზს. რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?
- მასწავლა ის, რომ, როცა იცი, რომ მართალი ხარ, არ უნდა მოერიდო მტკივნეულ ნაბიჯებს. თუნდაც ეს იმ წუთში მიუღებელი იყოს უმრავლესობისთვის ან გარკვეულ საფრთხეს უქმნიდეს იმწუთიერ მშვიდობას. ალბათ, ჯობდა, უფრო რადიკალური განცხადებები გამეკეთებინა.
- 2007 წელს გულისხმობთ, ცნობილი პროცესების შემდეგ რომ არ გადადექით?
- არა, დღესაც ვფიქრობ, რომ მაშინ არ უნდა გადავმდგარიყავი. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დროს პარლამენტის თავმჯდომარე არ მიდის. ეს შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოითხოვონ. არანორმალურია, აქცია პოლიციამ დაარბია, პასუხს კი პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვდნენ. საფრანგეთში ყვითელი ჟილეტის მომხრეებს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა არ მოუთხოვიათ. მაგრამ გასაგებია, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი ვიყავი და ხალხს უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა. დღესაც მიმაჩნია, რომ არ უნდა გადავმდგარიყავი, ამით მხოლოდ სტაბილურობას შევუქმნიდი საფრთხეს.
მაგრამ როგორ უნდა მოვქცეულიყავი 2008 წლის აპრილში, როცა განცხადება გავაკეთე, მივდივარ-მეთქი. აქ კიდევ არის კითხვის ნიშნები. ვერ ვიკადრე ის, რომ პარლამენტში შევსულიყავი და მერე ზურგში დანა დამერტყა სააკაშვილისთვის.
- რაც ბოკერიამ გააკეთა?
- სხვების მაგალითზე ვერ ვისაუბრებ. ვფიქრობ, შემეძლო, პარლამენტში გაბრაზებული შევსულიყავი და იქიდან მებრძოლა. მაგრამ მინდოდა, ჩემი გუნდი მყოლოდა. ის გუნდი, რომელიც მიშას ყველაფერში მხარს არ დაუჭერდა. თუმცა, მეორე მხრივ, გუნდის გარეშე მისი შეჩერების ბერკეტები არ მექნებოდა.
მორალური პრინციპების გამო ვერ დავრჩი, თუმცა, პრაგმატულად, შესაძლოა, ეს გამართლებული ნაბიჯი ყოფილიყო. შეიძლება ის, რაც მორალურად სწორია, პრაგმატულად არასწორი იყოს. აქ მე მორალის მხარეს დავდექი.
- თქვენ დასავლეთში სერიოზული კავშირები გქონდათ. როცა წახვედით, 2008 წლის აპრილში, ამ თემაზე კონსულტაციები გაიარეთ?
- რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ჩემი უკმაყოფილების შესახებ. ერთხელ წასვლა გადამაფიქრებინეს კიდეც. 2007 წელს, როცა პირველად დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი, მე ვაშინგტონში ვიყავი. და იქ შეხვედრებზე, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში, ჩემი გადადგომის შესახებ ვისაუბრე.
- მიზეზად რა დაასახელეთ?
- არასაკმარისი გავლენები იმისთვის, რომ სააკაშვილის არადემოკრატიული ნაბიჯები შემეფერხებინა. მაშინ ვთქვი, რომ არ ვაპირებდი, მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი. ამან დიდი აურზაური გამოიწვია.
- თქვენი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო?
- დიახ, თუმცა, მათ ჩემი განწყობების შესახებ იცოდნენ. იცოდნენ, ბევრი რამ არ მომწონდა. ვაშინგტონში შეხვედრების შემდეგ, მეორე დღეს ნიუ-იორკში გავემგზავრე და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემი დარჩენა, რომ გამომიგზავნეს პირი, რომელმაც ხელისუფლებაში დარჩენის თხოვნა გადმომცა.
გავიზიარე, პირველ რიგში, იმიტომ რომ გარკვეული კითხვის ნიშნები მათაც ჰქონდათ, იგივე ადამიანთა უფლებების დარღვევის მიმართულებით. დამპირდნენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში დამეხმარებოდნენ. საკუთარი ტყავის გადასარჩენად დეზერტირობაზე უარი ვთქვი.
- მოდი, თქვენს საარჩევნო პროგრამაზე ვისაუბროთ. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საუბრობთ ევროკავშირზე, მაგრამ არაფერს ამბობთ ნატოზე.
- საქართველოს არ მოვიაზრებ არცერთ სამხედრო ბლოკში. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ.
- პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ნატოს მომხრე იყავით, ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დაიკავეთ ნეიტრალური პოზიცია. რუსეთს უწევთ ანგარიშს?
- არა, რეალობას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დადგა.
- საარჩევნო ბუკლეტში წერთ, რომ ერთადერთი ხართ, ვისაც შეუძლია ელექტრომატარებლების იმპორტის გაიაფება. ჩვენ ვიცით, რომ გაზსაც და ელექტროენერგიასაც პოლიტიკური ფასი აქვს, ამ შემთხვევაში რა იქნება ჩვენთვის ეს ფასი?
- აქ საუბარია კორუფციულ სქემებზე. ჩვენი გაანგარიშებით, ელექტრომატარებლებში კორუფციის მდგენელის ჩამოშორებით კომუნალური გადასახადები მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 50 პროცენტით გაიაფდება.
- „შემოხაზე სამი ნომერი და მცოცავი ოკუპაცია შეჩერდება“. როგორ? ამას პოლიტიკური ფასი არ აქვს?
- ფასი ყველაფერს აქვს, მაგრამ არის წითელი ხაზებიც, რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის. ნატოზე უარი თუ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, რატომ არა?
- ნატოზე უარის თქმით რას მივიღებთ?
- რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
- ეს ძალიან ცოტა არ არის ნატოს საპირწონედ? რა მოგვაქვს რუსეთისგან?
- მცოცავი ოკუპაციის გაჩერება, მინიმუმ. ეს საკმარისი არ არის. ამას ღრმა და სერიოზული მოლაპარაკებები სჭირდება.
- რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ამომრჩეველმა? რას მიიღებს ის თქვენი არჩევის შემთხვევაში?
- ჩემი არჩევით თქვენ, ამომრჩეველი, მიიღებთ ადამიანს, რომელიც სახელმწიფო ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა დააყენებს; ვისაც არ შეეშინდება არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება; მიიღებთ ადამიანს, ვისაც შეუძლია, ელაპარაკოს აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც, ევროპასაც, რუსეთსაც, ამერიკასაც. პირველ ეტაპზე ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდება, დაიწყება კონფლიქტის დარეგულირების პროცესი; მიიღებთ ადამიანს, ვინც პირდაპირ დაელაპარაკება ოსებსაც და აფხაზებსაც; მიიღებთ ადამიანს, ვინც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველთა ღირსეული ცხოვრების პირობებს, საარსებო მინიმუმი გაიზრდება და პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება; მიიღებთ ადამიანს, ვინც დიდ ყურადღებას მიაქცევს განათლებას და ახალგაზრდებს უცხოეთში სწავლის მიღებაში დაეხმარება იმ პირობით, რომ ისინი უკან, სამშობლოში დაბრუნდებიან. ჩვენ რეალური და პოზიტიური გეგმა გვაქვს, რომელიც ექსპერტებმა მოიწონეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |