სტატიები
კარვები და კასრები - ქართული „პოლიტიკის სინოდიზაცია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1138 17 ნოემბერი 2019, 13:58

ტაქტიკა

ერთ მხარეს კარვები, კასრები და რევოლუციური მოთხოვნები, მეორე მხარეს კი მმართველი ძალა, რომელიც ცდილობს, აჩვენოს, რომ მისი დღის წესრიგი - „იზრუნოს სახელმწიფოსა და მოქალაქეზე“, არ იცვლება, ამიტომაც ყოველდღიურად თითქოს დემონსტრაციულადაც კი იკრიბება და კამერებთან აცხადებს, რომ „ბიუჯეტზე მუშაობს“ და რომ „ქვეყანა სტაბილურად უნდა განვითარდეს“.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, საქმიანი იმიჯიდან არ გამოვიდეს და ოპოზიციას რადიკალურ პოლიტიკურ ველზე არ შეჰყვეს, რომელიც მისთვის უამრავ ნაღმს შეიცავს.

ამ გამოწვევადი საქმიანი მანერით ხელისუფლებას იმის დემონსტრირებაც სურს, რომ ამდენი „სერიოზული გამოწვევის“ ფონზე ოპოზიცია თავისი რადიკალიზმით გასულია  „მომსახურების ზონიდან“ და მარგინალიზაციისკენ იხრება.

რაც შეეხება კარვებსა და კასრებს... პოლიტიკაში ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ძალა ყველა ატრიბუტიკას იყენებს იმისთვის, რომ ხალხს 90-იანი წლები, უფრო ზუსტად, „ვარდების რევოლუციის“ გარიჟრაჟი გაახსენოს. ასეთი ასოციაციით ნაციონალები ცდილობენ, არა მხოლოდ უთხრან ხალხს, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისია და რომ ვიქცევით და ვიღუპებით, არამედ უჩვენონ, რომ ეს ძველის ახლით შეცვლის შესაძლებლობაა და ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მაშინ იყო. ერთგვარ პარალელს ავლებენ შევარდნაძესა და ივანიშვილს შორის.

დამატებითი ემოციურობის შექმნა, როგორც ჩანს, იმიტომაც დასჭირდათ, რომ ხალხი ქუჩაში პროცედურული საკითხების გასაპროტესტებლად არასოდეს გამოდის, სხვათა შორის, არც „ვარდების რევოლუციის“ წინაპერიოდში გამოვიდა.

ამიტომაც, თუკი ხელისუფლება ბიუჯეტს იყენებს იმისთვის, რომ ანახოს, როგორ ზრუნავს მოსახლეობის მძიმე სოციალურ ყოფაზე, ოპოზიცია ცდილობს, კარვებითა და კასრებით ის მოლოდინები გააცოცხლოს, რაც „ვარდების რევოლუციას“ ახლდა.


 ეცდომები


აქ საუბარი ოპოზიციიდან უნდა დავიწყო. პირადად ჩემთვის სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობის უფრო დიდი სიმძიმე. ავხსნი რატომ. ყოფილი მმართველი პარტიის ფრაზებიდან კარგად ჩანს, რომ მათ იციან: პირველი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და საქართველოში ყველაფერს ყიდულობს და ყველას იმონებს; მეორე, ჰყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც ქვეყანა კორუფციაში ჩაითრია და მესამე, ის მალე უნდა შეიცვალოს, რომ ქვეყანა არ დავკარგოთ და გათენდეს.

შესაბამისად, თუკი ისინი ამდენად თვალხილულად ხედავენ, როგორ ვიქცევით და ვბნელდებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რეალობა შეცვალონ - ისე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს კარვების გამო ისინი ყველას დასცინოდნენ. თუმცა თავადაც რომ არ აღმოჩენილიყვნენ კარვებში და ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ, ამის შანსი 2017 წელს  ჰქონდათ, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შედიოდა.  

მაშინ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ლამის ემუდარებოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, რომელიც პროპორციულ სისტემაზე - ახლა რისთვისაც კარავში სხედან და კასრებთან თბებიან - გადასვლას სწორედ 2020 წელს გულისხმობდა.

თუმცა, მაშინ ნაციონალებმა „ოცნებისთვის“ პრობლემების შესაქმნელად, ევროპელებმა კი იმიტომ, რომ ნაცებს მათთვის ივანიშვილის მოსყიდულები არ ეძახა, კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირეს.

ფორმულა - ვაჩვენოთ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ არის მხარდაჭერილი, მათ მაშინ უფრო ხიბლავდათ, ვიდრე 2020 წელს პროპორციული არჩევნები.

„ქართულ ოცნება“ მაჟორიტარების გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შეაგროვებდა, ამიტომაც მასთან მოუწია გარიგება, ხმების სანაცვლოდ კი მათ კიდევ ერთი ვადით შერეული სისტემის შენარჩუნება მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. სწორედ ამიტომ ისტორიული ცვლილებები, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის გარეშე შევიდა, ვადად 2024 წელს აფიქსირებს და არა 2020 წელს.

მეორე შეცდომა: „ვარდების რევოლუციის“ სურნელისა და მოლოდინების გაღვიძების პარალელურად, „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ძალიან გაუგებარი და მიუღებელი მოთხოვნა წამოაყენა გარდამავალი (ზოგის თქმით დროებითი) მთავრობის შექმნის შესახებ.

საქმე ის გახლავთ, რომ ბოლოს გარდამავალი მთავრობა საქართველოში ზვიად გამსახურდიას დროს თენგიზ კიტოვანის სახით ჩამოყალიბდა. და ამით ყველაფერია ნათქვამი!..

მესამე შეცდომა: ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებას ისე გვთავაზობენ, თითქოს აქ მათ რამე უპირატესობა აქვთ. რაკი „ვარდების რევოლუციას“ ეტოლებიან, მეც ამ პარალელს გავავლებ - ეს მოძრაობა მაშინ დაიწყო, როცა ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ პროტესტი გამოხატეს, მოგვიანებით მათ მიხეილ სააკაშვილიც შეუერთდათ - ეს იყო გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაციის სამი რეფორმატორი ფიგურა, თავისი უკვე გავლენებითა და იმიჯით.

ახლა ჩვენ პოლიტიკურ აჯაფსანდალს გვთავაზობენ. უკვე გასაგებია, რომ რევოლუცია რომც მოიგონ, მერე ერთმანეთს დაჭამენ გავლენებისთვის. დაიწყება ხელახალი ომი, ხმაური და მძვინვარება ვერტიკალისთვის.

ასე რომ, ეს სიჭრელე სრულებითაც არ არის მოგებიანი. ამის მაგალითები ჩვენ უკვე ვნახეთ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში.

მიშას წინააღმდეგ გაცილებით მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს იყო, თუმცა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს, პირველ რიგში, სწორედ ამ სიჭრელის წყალობით.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ღირსებასაც კი დაარტყა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, როცა პოლიტიკურ პარტიებს ჯერ დაჰპირდა, შემდეგ კი პირობა გატეხა.

ის, რომ მან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო, რთულად დასაჯერებელია. უფრო ზუსტად, წარმოუდგენელია.


მოტივი

მაგრამ რა იყო „ქართული ოცნების“ მოტივი, როცა უარი თქვა საკუთარ ინიციატივაზე?

ოპოზიციის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება რეგიონების მოვლის შემდეგ მიიღო. მმართველი ძალის ლიდერმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ არჩევნების მოგება გაუჭირდება. როგორც ამბობენ, სოციოლოგიურმა კვლევებმაც ასეთივე სავალალო შედეგები დადო, ამიტომაც გაითამაშეს: თითქოს მაჟორიტარები, რომლებიც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მზად იყვნენ, ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ, მოულოდნელად ხმა აღიმაღლეს, მიხვდნენ, რომ შესაძლო იყო, ეს ქვეყნისთვის უკიდურესად მძიმე შედეგებით დასრულებულიყო და პროექტს ხმა არ მისცეს.

მეორე ვერსია. აქ საინტერესო იყო მმართველი ლიდერშიფის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი ნაციონალებს ეკლესიის ნგრევასა და პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ზოგიერთი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ მაშინ გაბრაზდა. ყოფილი მმართველები ყველანაირად ცდილობდნენ საპატრიარქოს სკანდალურ მოვლენებთან - პატრიარქის კომპრომეტირების ჩათვლით - ბიძინა ივანიშვილის დაკავშირებას.

გამოდიოდა, რომ ივანიშვილი მათ პოლიტიკურ პროცესს სთავაზობდა, პასუხად კი მთავარი ოპოზიციური ძალისგან რევოლუციას და მძიმე ბრალდებებს იღებდა, ამიტომაც ჩაშალა პროცესი.

თუმცა, გაურკვეველია, პროცესის ჩაშლა რამდენად არის ცუდი მხოლოდ ნაციონალებისთვის? ნულოვან ბარიერს პატარა პარტიები უფრო ელოდნენ.

მოკლედ, ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ ის „საოცრებათა ქვეყანაა“, სადაც ყველაფერი ხდება, დაწყებული პარადოქსებით და დასრულებული პარანორმალური მოვლენებით.

ჩაირეცხებიან თუ არა ახლა ისინი, ვინც კარვებში სხედან და კასრებთან თბებიან? ეს ამ ისტორიაში მთავარი შეკითხვა ნამდვილად არ არის, თუმცა ის პრეცედენტულია. ეროვნული მოძრაობის აქტიური და გავლენიანი პარტიები, თავისი ქუჩური რადიკალიზმის გამო, შევარდნაძემ ჩარეცხა, მოგვიანებით სააკაშვილმაც იგივე გააკეთა, როცა მის წინააღმდეგ აგრესიულად მოთამაშე ფიგურები სხვადასხვა მიზეზითა და მეთოდით გაანეიტრალა.

მაგრამ ნაციონალებს რომ სერიოზული პროდასავლური იმიჯი და მხარდაჭერა აქვთ? რაც არ ჰქონდა არც ეროვნული მოძრაობას შევარდნაძის დროს და ბევრწილად არც „გაერთიანებულ ოპოზიციას“ მიშას დროს?

არის ამ კითხვაზე პასუხი თამარ ჩუგოშვილი? ვნახოთ, საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს.

P.S.„პოლიტიკის სინოდიზაცია“ ტერმინი ჩემს ფავორიტ პოლიტიკურ ძალას გირჩებს ეკუთვნის. ამ ტერმინით მათ ჩარაზული და ბნელი პოლიტიკური კულისები გააპროტესტეს და თქვეს რომ ამ კულისებს დანათება სჭირდება.   

ქეთი ხატიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი