1003
07 სექტემბერი 2020, 17:12
სამი მნიშვნელოვანი რეგიონის - ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის - გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია გეო-სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონი იმ ამერიკული კომპანიების რადარებშია მოხვედრილი, რომლებიც ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შექმნაში და თან მოქნილები არიან იოლად ადაპტირებადი საწარმოო ბაზის გამოისობით. ეს ტენდენცია ისეთმა გლობალურმა მოვლენებმა გაამძაფრა, როგორიცაა შეერთებული შტატებისა და ჩინეთის სავაჭრო ომი და სულ ახლახან გამოჩენილი ახალი კორონავირუსი,- გამოცემა ,,Midlle EasT Institute” სტატიას სახელწოდებით ,, შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად“ აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს.
ავტორის თქმით, რეგიონი წარმოადგენს განვითარებად სარეალიზაციო ბაზარს წინსვლის დიდი პოტენციალით. ის ასევე არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს.
,,შავ ზღვას ექვსი ქვეყანა ესაზღვრება და მათ შორის ორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი და რუმინეთი), სამი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოა (ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი), ორი ევროკავშირის და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა (საქართველო და უკრაინა) და რუსეთი. რეგიონი მთელ რიგ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს მსოფლიოს, მათ შორის ძვირფას ბუნებრივ რესურსებთან წვდომას და კონტროლს, სახარბიელო სავაჭრო პირობებსა და სწრაფ სავაჭრო მარშრუტებს. 1990-იანი წლების ბოლოდან რეგიონი დიდი ინტერესით სარგებლობს არა მხოლოდ პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეებისგან, არამედ დასავლეთის ბიზნეს წრეებიდანაც. ამის ერთი მიზეზი კასპიის რეგიონის ნავთობი და ბუნებრივი აირია, რამაც ბევრი კერძო და სახელმწიფო კომპანიის დაინტერესება გამოიწვია. ნავთობის მოპოვებაში ინვესტიციები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც რეგიონის მნიშვნელობას ამაღლებს დასავლელი აქციონრების თვალში, მათ შორის პოლიტიკის განმსაზღვრელების და კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობი უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ის ნამდვილად არ არის რეგიონის ეკონომიკური ხიბლის ერთადერთი ფაქტორი. შავი ზღვა და მიმდებარე სანაპირო რეგიონები უშველებელ ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ. წინა წლების მსგავსად, 2014-2019 წლებშიც უშუალოდ შავ ზღვასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა ყველა ზღვისპირა ქვეყანაში რამდენიმე ძირითად სექტორს უკავშრდება: საზღვაო გადაზიდვები და პორტები, თევზჭერა, ტურიზმი, ნავთობი და გაზი. ამასობაში, რეგიონის სახარბიელო ბიზნეს კლიმატი და განათლებული, პროფესიული უნარების მქონე და დაბალხარჯიანი მუშახელი იზიდავს უცხოელ მეწარმეებს. შავი ზღვა რამდენიმე მიზეზის გამო იღებს სარგებელს კონკურენტული უპირატესობიდან. ის ახლოს არის ევროპის სარეალიზაციო ბაზრებთან, ხოლო ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს დანარჩენ მსოფლიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონი ფასეული გეოგრაფიული ადგილია. გარკვეულ წილად რეგიონი ხიდის ფუნქციას ასრულებს დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის დინამიურ ქვეყნებს შორის, თან მათ ეხმარება წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროებში შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებაში. რეგიონი წარმოადგენს განვითარებად სარეალიზაციო ბაზარს წინსვლის დიდი პოტენციალით. ის ასევე არის ენერგეტიკის და სატრანსპორტო ნაკადების მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს აკავშირებს გლობალურ ბაზრებს. უკრაინაში 18 ღრმაწყლოვანი პორტია და 11 სავაჭრო პორტი მდინარეზე, რომლებიც ზღვას უკავშირდება. ყველაზე მსხვილი საზღვაო პორტებია ოდესაში, ილიჩოვსკში და იუჟნიში, რაც ქვეყნის საზღვაო პორტებში გამავალი ჯამური ტვირთბრუნვის 60 პროცენტს უდრის. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ხაზზეც რამდენიმე საზღვაო პორტია, რომელთა შორის უმსხვილესია ბათუმის პორტი. ბულგარეთში საერთაშორისო გადაზიდვები ძირითადად ნავთობის ტრანსპორტირებას გულისხმობს. რუმინეთის ქ. კონსტანცა ნავთობის მწარმოებელ რეგიონებს აკავშირებს საერთაშორისო სარეალიზაციო ბაზრებთან. თურქეთს შავ ზღვაზე ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი გააჩნია, რითაც ქვეყანა ძლიერ სტრატეგიულ პოზიციას იძენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში. ეს ასევე იძლევა ოფშორული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს. ადგილობრივი და საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვები მოკლე მანძილზეც კარგადაა განვითარებული თურქეთში, რადგან მას უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია”,- ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, შავი ზღვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის არის დასავლეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოლიტიკური და ლოგისტიკური ჰაბი შავი ზღვის აუზის მიღმა კრიზისის კონტექსტში ძალაუფლების პროექცირებისთვის. მისი თქმით, შეერთებული შტატების ინტერესები შავი ზღვის რეგიონში აქცენტირებულია დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური რეფორმების განვითარებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის შექმნაზე, უფრო სუფთა, უფრო მდგრადი გარემოს უზრუნველყოფაზე შავი ზღვის ბუნებრივი სილამაზისა და რესურსების შესანარჩუნებლად.
გამოცემა წერს, რომ საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში.
,,შავი ზღვა ისტორიულად ფუნქციონირებდა გზაჯვარედინად, რომელსაც სამომხმარებლო პროდუქციის დიდი მრავალსახეობა კვეთდა ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქები განვითარდა რეგიონალური კონფლიქტების და პოლიტიკური ცვლილებების, ასევე რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში. სხვადასხვა გეო-პოლიტიკური მოვლენა საფრთხეს უქმნიდა რეგიონის სტაბილურობას და კეთილდღეობას. თუმცა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები კვლავ ჩნდება და რეგიონს რამდენიმე უპირატესობა გამოარჩევს დანარჩენი მსოფლიოსგან. შავი ზღვის ქვეყნები რესურსებსა და საშუალებებს ფლობენ ენერგო უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, ეკონომიკური კრიზისებისა და მდგრადი განვითარების გზაზე მდგარი გამოწვევების სამართავად. რეგიონს მხოლოდ ჯეროვანი პოლიტიკური გარემო და მხარდაჭერა აკლია. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების და მიწოდების ჯაჭვში შესაბამისი, უპრეცედენტო რღვევების შემდეგ უცხოურმა ბიზნესმა დაიწყო მათ ხელთ არსებული ალტერნატივების გადაფასება. ბოლო დრომდე გლობალური კომპანიების უმეტესობას შეეძლო მიწოდების ჯაჭვი ისე აეგო, რომ საქონლის ნაკადებს თავისუფლად ემოძრავათ. ყოველივე ეს მათ აძლევდა ნედლეულის მოპოვების, საქონლის წარმოების და დისტრიბუციის საშუალებას მსოფლიოს ყველაზე დაბალხარჯიან ადგილებში. ეს დაშვება ამჟამად უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პანდემიამ გვაჩვენა, რომ მთელი წარმოების ერთ ადგილას აწყობას თავისი სუსტი მხარეები გააჩნია. მან ასევე ცხადყო არსებული სისტემის ნაკლოვანებები ბევრი დასავლური კომპანიის რეაგირება ადრეულ ეტაპზე გულისხმობდა წარმოებისთვის ახალი ადგილების მოძიებას. როგორც ჟურნალში The financial times აღინიშნა: „სტივ მადენის მოდის სახლს ხელჩანთების წარმოება კამბოჯაში გადააქვს; ვიეტნამი ჩაანაწვლებს კომპანიის Techtronic Industries მტვერსასრუტების წარმოებას და Google სერვერების მწარმოებელი Flex ახალ ცენტრებს ეძებს მექსიკიდან მალაიზიამდე რეგიონში“. გლობალური არასტაბილურობის პერიოდში რთულ გეო-პოლიტიკურ გარემოში ნავიგაცია რთული იქნება ბიზნესმენთათვის. თუმცა, შავი ზღვის რეგიონი მზადაა სარგებელი მიიღოს ამ ტრანსფორმაციული მოვლენებიდან და მას მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულების პოტენციალი გააჩნია ბიზნესისთვის ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზებით. ამერიკის ეკონომიკური თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან გაძლიერდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას საბაზრო ეკონომიკის სტატუსი მიანიჭა და შეწყვიტა ჯექსონ-ვანიკის საკანონმდებლო ცვლილების გამოყენება, მაშინ როდესაც ვაჭრობისა და ინვესტიციების აშშ-უკრაინის საბჭო, რომელიც ხსენებული ქვეყნების ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დაფუძნდა, მუშაობს კომერციული და საინვესტიციო შესაძლებლობების გაღრმავებაზე. საერთაშორისო განვითარების დაფინანსების აშშ კორპორაცია (წარსულში OPIC) საქართველოში კაპიტალდაბანდების დიდ პორტფელს ფლობდა, რაც თანხობრივად თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო აქტივებს საზღვაო გადაზიდვების, საბანკო, წარმოების, სასტუმროების და ენერგეტიკის სფეროებში ფლობდა. შეერთებული შტატები ასევე მუშაობს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობისა და ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერებაზე, მათ შორის საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზე, შრომითი ურთიერთობებისგან წარმოქმნილი დავების გადაჭრაზე. საერთო ჯამში აშშ-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა 2009 წელს არსებული $10.8 მილიარდიდან გაიზარდა $20.7 მილიარდამდე 2019 წელს, თუმცა თავის პოტენციალთან შედარებით მაინც მოკრძალებული მაჩვენებელია. პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2019 წელს შეთანხმდნენ ყოველწლიურად ემუშავათ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის $100 მილიარდამდე გასაზრდელად. ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და რუმინეთს შორის 1994 წელს შევიდა ძალაში. რუმინეთი იმ ამერიკელ ინვესტორებს იზიდავს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპულ ბაზარზე წვდომის მოპოვებით, რომელსაც შედარებით დაბალი ხარჯი და განათლებული, ტექნოლოგიების მცოდნე მოსახლეობა ჰყავს ბევრს სხვა სარგებელთან ერთად. ამასობაში, ამერიკული კომპანიები ბიზნესს აწარმოებენ ბულგარეთის უმსხვილეს ინდუსტრიულ სექტორებში. შეერთებულ შტატებსა და ბულგარეთს შეთანხმება აქვთ გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის დაუშვებლობის და ორმხრივი კაპიტალდაბანდების შესახებ. საშუალოდან გრძელვადიან პერიოდში შავი ზღვის რეგიონს აქვს შანსი გახდეს ნამდვილად გლობალური ჰაბი ახალ აბრეშუმის გზაზე და ენერგეტიკის ბაზარზე, განსაკუთრებით ამჟამინდელი ცვალებადი გარემოსა და გადანაცვლების პირობებში. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიწოდების ჯაჭვის გადანაცვლების მხარდაჭერის იდეისადმი ერთგულებით, ასევე ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივისა და შავ ზღვაზე რუსეთის ამბიციების საპირწონედ ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში შემდგომი ინვესტიციების შეთავაზებით შეერთებული შტატები დამატებით სტიმულს მისცემს რეგიონში პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ეს განსაკუთრებით შეეხება შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისკენ“,- წერს გამოცემა Middle East Institute
https://www.mei.edu/publications/black-sea-economies-poised-take-advantage-post-pandemic-climate
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |