ჩვენი საქმე არ არის სხვა პარტია ვის აყენებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, როგორც გიორგი ვაშაძის შემთხვევაში არ ვღელავდი ამ საკითხთან დაკავშირებით, არც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვღელავ ამ თემაზე, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებაზე საუბრობს, რასაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის.
„რასაც ვუყურებ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ სტრატეგიულად, ახლა ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შანსი არის, გამოიყვანოს მტრის ხატად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოდის და ამ არჩევნების დღეს თუ არ დავამარცხეთ, ქვეყანაში რაღაცა კატასტროფა მოხდება. ზოგადად, ეს აძლიერებს, ანუ ხელს უწყობს ამ მითის გაძლიერებას, ამიტომ სტრატეგიულად ეს ნაბიჯი არ მომწონს. ერთხელ ნახევრად ხუმრობით გამოვთქვი ეჭვი, რომ არ გამოვრიცხავ, ბოლო სერიაში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთად აღმოჩნდნენ-მეთქი და აღმოჩნდეს, რომ ამ დროს ყველაფერი შეთახმებული იყო, ეს ხუმრობით რასაკვირველია, მაგრამ ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები როცა მოახლოვდება, მიხეილ სააკაშვილი იძახის – მე შემოვედი, მოვედი უკვე აქო და ამას ხელისუფლება სულ იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის და ჯერჯერობით წარმატებით. ამიტომ მე ფრთხილად შევხედავდი ასეთ საკითხებს, როგორიც არის, მოვდივარ და თან პრემიერად მივდივარ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის გამო ვერ გავაკრიტიკებ სხვა პარტიას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში შედის ოპოზიციის დისკრედიტაცია?, ხვიჩიამ უპასუხა, რომ სჯერა, მათი ინტერესი გამარჯვებაა.
„შეიძლება, ისინი თვლიდნენ, მათი ლიდერების განცხადებები ასე ფიქრის საშუალებას მაძლევს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ მარტო და ამ განცდის გაჩენა შედის და არა ის, როგორ წავაგოთ ბიძინა ივანიშვილთან. მათი შესაძლო შეთანხმების შესახებ მხოლოდ ხუმრობით ვთქვი“ ,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, გჯერათ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების, რომ ამჯერად მართლა აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, ხვიჩია ასე პასუხობს:
„ზოგადად, სკეპტიკურად ვარ განწყობილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებების მიმართ. ვფიქრობ, მე არ უნდა დამისვათ ეს კითხვა. მე მგონი, ჯერ უნდა ჩამოვიდეს, რომ გავიგოთ, რა მოხდება მისი ჩამოსვლის შემდეგ, რაგდან ბევრი სხვადასხვა ვერსია არსებობს, რა შეიძლება მოხდეს. ზოგი იძახის, რომ დაიჭერენ, ზოგი იძახის, რომ ბიძინას წინააღმდეგ დაიწყება სახალხო აჯანყება, რომელსაც ის უხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამას ვერ შევამოწმებთ, ვიდრე არ ჩამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„თუ ჩამოვა და დააკავეს იქნება თქვენი პარტიისთვის პოლიტპატიმარი?“, – ხვიჩია პასუხობს, რომ ზოგადად არ ემხრობა ყოფილი პრეზიდენტების დასჯას და მათი ქვეყნიდან განდევნას.
„საკამოდ რთული შეკითხვა არის. ბევრ დაშვებებზეა დამოკიდებული. ზოგადად, არ ვემხრობი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტების დასჯას და მათი ქვეყნიდან განდევნას. ზოგადად, მე მინდა ქვეყანა, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთად იცხოვრებენ და ერთმანეთს ვერ დაიჭერენ, მათ სულ ენდომებათ ერთმანეთის დაჭერა და ამიტომ, წარმოიდგინეთ, თუ ისეთი ქვეყანა გვაქვს, სადაც ორ ადამიანს ერთმანეთის დაჭერა უნდა, მაგრამ ვერ იჭერენ, ჩვენც უსაფრთხოდ ვიქნებით. მე ასეთ ქვეყანაზე ვოცნებობ და არა ისეთზე, სადაც პრეზიდენტს საზღვარზე იჭერენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |