673
27 აგვისტო 2020, 16:10
გიგი უგულავას განცხადება ბოლომდე ეთიკური არ იყო, „ევროპული საქართველოს" და გიორგი ვაშაძის პარტიას შორის კავშირი დროებითია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ისნის საარჩევნო ოლქში ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ის მთავარ კონკურენტად „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს განიხილავს, რომელიც ისნის სამაჟორიტარო ოლქშია წარმოდგენილი. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ 2020 წლის არჩევნებში „ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები დამარცხდნენ“.
ხატია დეკანოიძე დასძენს, რომ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენა მხოლოდ გამარჯვებას ეფუძნება.
„მას შემდეგ რაც სხვა პოლიტიკური რეალობა დადგა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ სტრატეგიას, ეს არის გამარჯვება. მე არ მაქვს სენტიმენტები არც ერთი პოლიტიკოსის მიმართ.
ერთადერთი სენტიმენტი, რაც გამაჩნია ეს არის სამშობლო და ის პირობა, რომელიც დავდე ამომრჩეველთან. ვინ დაარღვია პირობა ამაზე გადაწყვეტილებას ამომრჩეველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ის ოპოზიციის წევრების განცხადებებსაც გამოეხმაურა, მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კავშირი დროებითია.
„გასაგებია მათი მწვავე რეაქცია, არ გამკვირვებია. გიგი უგულავას განცხადება, რომელიც არ იყო ბოლომდე ეთიკური. ჩემთვის ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს. მე პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია. დროებითი კავშირი პარტიებს შორის, ვგულისხმობს „ევროპული საქართველოს" და გიორგი ვაშაძის პარტიას, ეს დროებითი კავშირი გასაგებია, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი კავშირი რაღაცა პერიოდი განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს," - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, ისანში ოპოზიციური პარტიების ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენის შესახებ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ვაშაძემ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვა. გუშინ პარტიამ ისანში მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას გამოეხმაურა და ამ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა. „მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან“, ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო“, - დაწერა გიგი უგულავამ ფეისბუქის გვერდზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |