სტატიები
სააკაშვილის პოლიტიკური კლასტერი და ბრძოლა გავლენებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1795 17 აგვისტო 2020, 16:28


ქეთი ხატიაშვილი

ვინ დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს? უკვე გასაგებია, რომ ვერავინ. მას, უბრალოდ, ალტერნატივა არ ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ამ რეალობას ოპოზიცია არჩევნებზე ვერ გაექცევა. რას ვიზამთ, ამჯერად ივანიშვილს მოუწევს, იცხოვროს იმ რეალობაში, რომელიც ოპოზიციამ თავადვე შექმნა - მოიგოს არჩევნები!

ძირითადი ოპოზიციური პარტიები ჯერ ერთმანეთს ებრძვიან, რაც „ქართულ ოცნებას“ სერიოზულ ფორას აძლევს. ეს უპირატესობა, სხვათა შორის, უკვე აისახა, მათ შორის, ოპოზიციური არხის „ფორმულის“ მიერ ჩატარებულ კვლევებში: ხვალ რომ არჩევნები იყოს, 39% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 16% - „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ - მხოლოდ 5%. აღარაფერს ვიტყვი „რუსთავი 2“-ის კვლევებზე, რომლის რეიტინგებიც, იმავე „აირაი“, „ენდიასგან“ განსხვავებით, არჩევნების შედეგებს წლიდან წლამდე ემთხვევა. ამ კვლევებში მმართველ ძალას 52% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 19%, „ევროპულ საქართველოს“ - მხოლოდ 8%.

რას აჩვენებს ეს კვლევები, ამაზე ცოტა ქვემოთ. მანამდე კი ცოტა რამ ოპოზიციურ შავ ჭირზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი შემადგენლობა საკუთარ ცოდვებს აღიარებს, თუმცა ამ ცოდვებზე პასუხისმგებლობის აღება არავის სურს. ქვების სროლისა და ჩაქოლვის მცდელობა რამდენჯერმე იყო. ხან მიშა სააკაშვილს ეცნენ, ხან - ვანო მერაბიშვილის, ხანაც - ზურაბ ადეიშვილს. შეცდომა და დანაშაული თითქოს ყველამ აღიარა, თუნდაც იმავე გიგა ბოკერიას ამისთვის ბოდიში არაერთხელ მოუხდია, თუმცა, მას, ისევე როგორც თითოეულს, მაინც მიაჩნია, რომ პასუხისმგებელი თავად არ არის. 

სააკაშილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, პრემიერ მინისტრად
დავით ბაქრაძე
ევროპელები

როგორ იცვლებოდნენ წლიდან წლამდე, მთავრობიდან მთავრობამდე პოლიტიკური ელიტები, აქ დიდი გამოცდილება არ გვაქვს, თუმცა, ის, რაც არის, ნაციონალებს ახალი მითის შექმნის საფუძველს, როგორც ჩანს, მაინც აძლევს. 

მაგალითად, ზურაბ ჟვანია კლასიკური მაგალითია და ჯერჯერობით მისი გზა პოლიტიკაში ვერავინ გაიმეორა. ეროვნულ მოძრაობაში - „მწვანეების“ ლიდერი, შევარდნაძის დროს - მმართველი ძალის პარლამენტის თავმჯდომარე, ვარდების რევოლუციის შემდეგ - პრემიერ-მინისტრი. ის რჩება ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელიც გადადგომის შემდეგ ისევ ვერტიკალს დაუბრუნდა. შევარდნაძის დროსაც ქვეყნის მეორე პირი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე და ვარდების რევოლუციის შემდეგაც - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 
მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი ეროვნული მოძრაობის დროს „ქარტია-95“-ის წევრი იყო, შევარდნაძის დროს - „მოქალაქეთა კავშირის“, ვარდების რევოლუციის დროს - ქვეყნის პირველი პირი. ახლა ის პოლიტიკაში შემობრუნებას ცდილობს. 

როგორც ერთმა, ისე მეორემ, შეცდომების მიუხედავად, პოლიტიკური კარიერა გააგრძელა, თანაც წარმატებით. და ეს ერთგვარი გამოწვევაა სხვებისთვის. რით არის სააკაშვილი ჟვანიაზე ნაკლები? მან თუ მოახერხა დაბრუნება, ესე იგი სააკაშვილმაც უნდა შეძლოს. რით არის ბოკერია სააკაშვილზე ნაკლები? თუკი 90-იანი წლების პოლიტიკური თაობისთვის შესაძლებელი იყო გადარჩენა, რატომ არ შეიძლება იგივე 21-ე საუკუნის დასაწყისის თაობამაც გააკეთოს?

თავდასხმა სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან
სალომე სამადაშვილი
ნაციონალები

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ელიტა პოლიტიკაში დარჩენასა და რეაბილიტაციას შეეცადა. გიორგი ვაშაძე იყო პირველი, ვინც პარტიაში თაობათა ცვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ის მზად იყო პარტიის შიგნით დისკუსიისთვის, პრაიმერისისა და გამარჯვებისთვის. თუმცა, ეგრეთ წოდებული ძველი სახეები საკითხის ასე დაყენებას აპროტესტებდნენ, არ ესმოდათ, რატომ იყო ვაშაძე უფრო ახალი ან სუფთა, ვიდრე, მაგალითად, უგულავა, მერაბიშვილი ან კიდევ ვინმე სხვა. გიორგი ვაშაძეს კი არ ესმის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რატომ არის „აირაის“ კვლევებში დავით ბაქრაძე ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული. 

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ის გათავისუფლდა ძველი პოლიტიკური ბარგისგან და ახლა მას ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების რეალური შანსი აქვს. 

„ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ ძველ შემადგენლობას ახალი პარტიით შეფუთავს და პოლიტიკური ცოდვებისგან გათავისუფლდება. 

ენმ-ს მხარდაჭერა ნიშნავს მ.სააკაშვილის მესამე ვადას. ევროპული საქართველოსი - ევროპულ კოალიციის პირველ ვადას
გიგი უგულავა
ევროპელები

გიორგი ვაშაძე ერთადერთია, ვინც ამ პარტიის ნანგრევებში მოყვა. არადა, 2012 წლამდე ფიქრობდა, რომ კარიერულ კიბეზე იდგა. მას გუნდის გამოცვლაც მოუწია და პარტიისაც.

ახლა ოპოზიციაში არის ძველი პარტია ახალი გუნდით; ძველი გუნდი ახალი პარტიით და ერთი გიორგი ვაშაძე.

და თითოეულს სჭირდება განტევების ვაცის პოვნა. კლასიკა აქ ვანო მერაბიშვილის მაგალითია. სანამ ციხეში იჯდა, ის პოლიტპატიმარი იყო. გამოვიდა თუ არა, განტევების ვაცი გახდა. ჯერ ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა, მაგას პოლიტიკაში არაფერი ესაქმებაო, შემდეგ - დავით ბაქრაძემ.

ჩვენ რომ დავიწყოთ ჩვენთვის მიუღებელი, თქვენი ლიდერების ჩამოთვლა და დაბლოკვა მოგეწონებათ?
გია ბარამიძე
ნაციონალები

„ევროპულმა საქართველომ“, საერთოდაც, შავ სიაში არა მხოლოდ მერაბიშვილი, არამედ ადეიშვილი და ყოფილი პოლიტიკური ბოსი სააკაშვილიც შეიყვანა. და... ომიც ატყდა. ნაცებმა: ისედაც ვაპირებდით და ახლა ნახეთ, თქვენს მაჟორიტარებს რა დაემართებათ - გავანადგურებთო. „ევროპელების“ გზავნილი კი დაახლოებით ასე ჟღერდა: თქვენ მიშას მონები ხართო...

ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო რინგზე კონკურენტი აშკარად არ ჰყავს. აქ ერთმანეთს ნაციონალები და ევროპელები შეხვდებიან იმის დასამტკიცებლად, ვის უფრო მეტი უფლება აქვს, დარჩეს პოლიტიკაში, ჰქონდეს გავლენები და ეწოდოს მთავარი ოპოზიციური ძალა. გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამ ორი პოლიტიკური ძალის „კინკლაობას“ უკვე გარედან მერამდენე სეზონია უყურებს, მათ ქმედებას სიბრიყვე უწოდა. 


ამ სიბრიყვემდე კი სწორედ ცხრა წელზე პასუხისმგებელი პირის ძებნამ მიიყვანა ისინი. სააკაშვილი არ აპირებს, მარტომ ზიდოს ეს ტვირთი და პოლიტიკიდან წავიდეს. თანაც ისე, რომ „ზა გლავნოგო“ გიგა ბოკერია დატოვოს. მან, ისევე როგორც მერაბიშვილმა და ადეიშვილმა, ხომ ყველაზე კარგად იცის, როგორ იყო ყველა გადაწყვეტილების მიღებაში გიგა ჩართული. ჰოდა, ახლა არ ესმით, რა ლოგიკით უნდა წავიდნენ თავად და რა ლოგიკით უნდა დარჩეს ვინმე სხვა.

ეს ტენდენცია ნაცებსა და ევროპელებს შორის თანამშრომლობას ყოველთვის ჩიხში შეიყვანს. განსაკუთრებით ახლა, როცა მათი მიზანი ბიძინაზე მეტად ერთმანეთის დამარცხებაა. ივანიშვილის ფაქტორი ორივეს სჭირდება. უფრო მეტად - მაინც ევროპელებს. ივანიშვილი სააკაშვილის ერთადერთ შემაკავებელ ძალად რჩება - სწორედ ეს განაპირობებს მათ უალტერნატივობას, ივანიშვილისას - ხელისუფლებაში და სააკაშვილისას - ოპოზიციაში. ევროპელებს არც ერთის შეცვლა შეუძლიათ და არც მეორის სივრცის ათვისება. ანგარიში მათ არც „ლელომ“ გაუწია და ვაკეშიც კი, სადაც ელენე ხოშტარიას კანდიდატურა წამოაყენეს, მაჟორიტარობის კანდიდატი დააყენა. „ლელოს“ შემდეგ ნაციონალებიც იმავეს გაიმეორებენ და კანდიდატებს ყველა ოლქში დააყენებენ.

რაც შეეხება კვლევებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ძალიან ჰგავს 90-იანი წლების ედპ-ს. გაყოფის შემდეგ მათაც პარტია და გამარჯვება ერთმანეთთან კინკლაობას გადააყოლეს. 

იმედია, ნაციონალები და მისი მთავარი განაყოფი ედპ-ს ბედს არ გაიზიარებენ. თუმცა, უკვე ბევრი დაკარგეს და შესაძლოა, ეს მხოლოდ არჩევნების შედეგებზე იგრძნონ.  

სოციალურ კვლევებში შედეგები უკვე სახეზეა. ედისონ რისერჩმა კვლევა „ფორმულის“ დაკვეთით ჩაატარა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე „ქართულ ოცნებას“ 39% აქვს. ეს კი, მარტივად, მმართველი გუნდის გამარჯვებას ნიშნავს. საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ კიდევ მოახერხებს საკუთარი რესურსებისა და ელექტორატის მაქსიმალურად მობილიზებას და მას, დიდი ალბათობით, არავისთან კოალიცია არ დასჭირდება. 

ოპოზიციამ ეს რეალობაც თავისებურად გააპიარა. დანარჩენი ხმები მიიწერა და დაასკვნა: „ქართული ოცნება“ აგებს, ჩვენ მოვდივართ კოალიციითო. მაგრამ ვინ ჩვენ? სააკაშვილი არ აპირებს პოზიციებისა და გავლენების დათმობას - ნაციონალების პრემიერობის კანდიდატი ის იქნება. ის ევროპელებმა უკვე გაამინუსეს. გიგა ბოკერია სააკაშვილს ჰყავს გამინუსებული; ორივე ერთად კი „ლელომ“ გაამინუსა. 

შემთხვევითი არ არის, რომ ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატსა და ჩრდილოვან კაბინეტზე შეთანხმების თემას ტაბუ დაადო და ამ მიმართულებით ხმასაც არ იღებს. როგორც ჩანს, ევროპელებს იმედი აქვთ, რომ უცხოელი დიპლომატები ისეთივე ფორმატს შესთავაზებენ, როგორც 8 მარტის შეთანხმების დროს იყო, და ჭიქა ყავასა თუ დიპლომატიურ სადილებზე აიძულებენ, რამეზე მაინც შეთანხმდნენ, მაგრამ მანამდე ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. თუმცა სიბრიყვეს გამარჯვებამდე ჯერ არავინ მიუყვანია. დაველოდოთ, ვნახოთ.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი