1446
12 აგვისტო 2020, 09:17
ბელორუსის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, ქვეყნის „მარადმა“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც პირველად 1994 წლის 20 ივლისს (26 წლის წინ!) აირჩიეს და მას შემდეგ უცვლელად მართავს ბელორუსს, ბოლო არჩევნებში ხმების 80% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციის ლიდერად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ - 10%.
ერთ-ერთი ვერსით, ეს ქალბატონი თვით ბელორუსულმა სპეცსამსახურებმა „დანიშნეს“ ოპოზიციის წინამძღოლად, რაკი ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ვერც ერთ, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულ და პატიოსან არჩევნებში, ასეთი ლიდერით ოპოზიცია არჩევნებზე ავტორიტარ ლუკაშენკოს ვერ დაამარცხებდა. ოპოზიციის ყველა, ნამდვილად სერიოზული პოტენციური კანდიდატი კი, ლუკაშენკომ ან დაიჭირა ბოლო წლებში, ან ქვეყნიდან გააქცია.
თვით ტიხანოვსკაიას მხოლოდ არჩევნების შემდეგ მისცა ლუკაშენკომ ქვეყნიდან გაქცევის საშაულება (ამის გარეშე იგი ვერსად წავიდოდა), რათა ქუჩაში გამოსული იმ 10% „პროტესტული ამომრჩევლის“ სიმბოლოდ აღარ ქცეულიყო.
სვეტლანა ტიხანოვსკაია გაქცევას ოჯახზე ზეწოლითა და დაპატიმრებული ქმრის მიმართ მუქარით ხსნის. ანუ, ძნელი გასათვლელი ალბათ არ უნდა ყოფილიყო ბელორუსული სპეცსამსახურებისთვის, რომ ეს ქალი ქმარსა და შვილებს ციხისთვის არ გასწირავდა - არანაირი პოლიტიკის და არანაირი „დემოკრატიის“ გამო.
შედეგად, ლუკაშენკოს ძალისმიერი სტრუქტურები ჯერ ჯერობით ახერხებენ პროტესტის მოხრჩობას: მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმები გაფრთხილების გარეშე ესვრიან ქუჩებში რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს, თუ 10 კაცზე მეტი შეიკრიბება ერთ ადგილას; არმიაც მზადაა: ლუკაშენკომ მინსკის გარნიზონი „ნომერ პირველ მზადყოფნაში“ მოიყვანა.
მთავარი ინტრიგა
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც გეოპოლიტიკური ასპექტია: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პუტინმა და ლუკაშენკომ მწვავე კონფლიქტი გაითამაშეს: ბელორუსმა „ძალოვანებმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) არაოფიციალურ ქვედანაყოფ ე.წ. „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ მებრძოლები დააპატიმრეს. იმათი „ლეგენდა“, თითქოს ვენესუელაში მიფრინავდნენ უგო ჩავესის მხარდასაჭერად, მაშინვე ჩაიფუშა.
როგორც ჩანს, „ვაგნერელების“ სამიზნე ნამდვილად მინსკი იყო, თუმცა გასარკვევია რა მიზნით და რის გაკეთებას გეგმავდნენ: მომიტინგეებისათვის ცეცხლის გახსნას ამბოხის პროვოცირებისა და „მართვადი ქაოსის“ შესაქმნელად? თუ პირიქით, ლუკაშენკოს მხარდაჭერას?
ყველაზე მეტად დამაჯერებელი მაინც ის ვერსიაა, რომ პუტინმა ГРУ-ს არაოფიციალური ქვედანაყოფი მინსკში იმ მიზნით გააგზავნა, რათა მოვლენები ეკონტროლებინა და კონკრეტულ შემთხვევაში ისე ემოქმედა, როგორც იმ მომენტში ჩათვლიდა მოსკოვი ხელსაყრელად: გააჩნია ლუკაშენკო რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და რას დათმობდა ან რას არ დათმობდა თავის გადასარჩენად.
პუტინი და სანქციები
„ვაგნერელებს“, არჩევნების შემდეგ, ალბათ მოსკოვს დაუბრუნებენ. პუტინმა მიიღო კიდევ უფრო დასუსტებული ლუკაშენკო, რომელსაც ევროპა ახალ სანქციებს უწესებს.
ამ ფონზე ძალიან უცნაურად გამოჩნდება ისიც, თუ ამერიკელები შეასრულებენ დაპირებას და „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ ნედლ ნავთობს მიაწვდიან გადასამუშავებლად იმ ნავთობის სანაცვლოდ, რისი მიწოდებაც პუტინმა შეუწყვიტა წლის დასაწყისში - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბელორუსის რუსეთის შემადგენლობაში (ფაქტიურად) შესვლაზე უარი განუცხადა.
პუტინს არსად არ ეჩქარება: 2036 წლამდე კიდევ დიდი დრო აქვს. მისთვის იდეალური „ბელარუსსია“ ისაა, რომელსაც საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი, მარგინალიზებული დიქტატორი მართავს.
ადრე თუ გვიან ეს ნაყოფიც „დამწიფდება“ და თავად ჩაუვარდება კრემლს ხელში.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |