სტატიები
პოლიტიკური ქრისტე და მითოლოგიური ტრადიციები ოპოზიციაში - „ქართული ოცნება“ განწირულია გამარჯვებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2270 04 აგვისტო 2020, 22:37

ქეთი ხატიაშვილი

რა ნომინაციებს გაანაწილებს ელექტორატი 31 ოქტომბერს? ვინ დაიდგამს გამარჯვების გვირგვინს და ვინ აღიარებს წაგებას? საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა ყველაზე აზარტული ალბათ მაინც უფრო ოპოზიციაში იქნება, სადაც მიხეილ სააკაშვილს ყოფილი თანამებრძოლები დაუპირისპირდებიან. მიშა შეეცდება, იყოს გამარჯვებული დამარცხებულთა შორის; დანარჩენების მთავარი ამოცანა უფრო პოლიტიკურ რუკაზე დაფიქსირებაა მომავალი პოლიტიკური თამაშისთვის. 

„ქართული ოცნება“ და გამარჯვების მთავარი გასაღები

ოპოზიციაში არსებული შიდადაპირისპირების ფონზე მმართველ ძალას გამარჯვებაში, წესით, ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს. მით უფრო ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“, როგორც იქნა, იპოვა მისთვის ყველაზე ძლიერი და ქარიზმატული ფიგურა. საუბარია გიორგი გახარიაზე. საარჩევნო მარათონზე ბიძინა ივანიშვილი სხვა გავლენიან ფიგურებსაც დაეყრდნობა, მაგალითად, კახა კალაძეს, თეა წულუკიანსა და ირაკლი კობახიძეს. 


„ქართული ოცნების“ გამარჯვებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, წარმატებული ბრძოლა „კოვიდთან“ და წარუმატებელი ოპოზიცია, რომელიც ალტერნატიულ ძალად ვერ ჩამოყალიბდა. ისე ჩანს, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების პრობლემაც არ ექნება. 

ოპოზიციას ჯერ ნათელაშვილის ფორმატში პარტნიორობის გაფორმება არ გამოუვიდა, შემდეგ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენების საკითხში ჩაფლავდა, ბოლოს რეგიონებში სცადა იმავეს გაკეთება, მაგრამ უშედეგოდ. ახლა თანამშრომლობა კიდევ უფრო „შორეული მომავლისკენ“ გადასწია - მოდით, პარლამენტში 
ვითანამშრომლოთო, თუმცა, თუ მათ განცხადებებსა და ამბიციებს დავუკვირდებით, ამის ალბათობაც ძალიან საეჭვო ხდება. სააკაშვილი საკუთარ ხმებს არავის დაუთმობს, გიორგი ვაშაძე ბოკერიასთან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს უკან და ასე შემდეგ. მოკლედ, „ქართულ ოცნებას“ ახლა ყველა კარტი ხელთ აქვს და შესაძლოა, ჯოკერის გამოყენებაც არ დასჭირდეს, ისე გაიფორმოს არჩევნებში გამარჯვება.  
 

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ქრისტე

„მე ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი!“ - ქრისტეს ამ სიტყვების გამეორებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანია და გამარჯვების გამეორებაც დააანონსა. ვერტიკალზე ის დავით აღმაშენებლის „ობრაზში“ იყო, ოპოზიციაში კი პოლიტიკური ქრისტეა. 

პოლიტიკური ქრისტე აღდგომისთვის შემოდგომაზე ემზადება, თუმცა, ისე ჩანს, თითქოს ამ ეტაპზე მისი მისიაა, იყოს მოგებული წაგებულთა შორის - დაიბრუნოს ოპოზიციაში უპირობო ლიდერის ტიტული. თავად კიევში რჩება, მისი პარტიის მოციქულები კი ელექტორატში მიშას მცნებების გასავრცელებლად ივლიან. შეეცდებიან, ყველა დაარწმუნონ, რომ პოლიტიკური ნათელი სააკაშვილს ადგას, დანარჩენები კი ბნელეთის მოციქულები არიან. პოლიტიკური ქრისტეს გზავნილი კიევიდან ასეთია: მე ვარ ნათელი, თუ სხვას აირჩევთ, სიბნელის მხარეს დადგებით, იმიტომ რომ იქით ბნელა. 


მის მიერ არჩეულ ქრისტეს გზას რომ გავყვეთ, ისიც მხოლოდ საკუთარი პარტიის ძალაუფლებას აღიარებს. „ახლოს ვერ მოვა სხვა ვერავინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - აცხადებს ის და ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას აანონსებს. მისი განცხადებები, ვფიქრობ, უფრო ოპოზიციას ეხება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი განაყოფებისგან მხოლოდ პოლიტიკური მოგონებები დარჩეს. 

თუ გაქცეული პრეზიდენტის პოლიტიკურ ინსტინქტებს თვალს გადავავლებთ, ნათელი გახდება, რომ ყველა, ვისაც რაიმე ამბიცია უჩნდებოდა, მაშინვე უცხოვდებოდა და მის გასანადგურებლად მთელი სისტემა ირთვებოდა. ასე იყო თუნდაც ნინო ბურჯანაძის ან ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში. მიშას ლოგიკა მარტივია - გინდა რამეს მიაღწიო? წადი და დამოუკიდებლად იბრძოლე! სხვა თემაა, რომ იმავე ბურჯანაძეს არც დამოუკიდებლად თამაშის უფლება მისცა. მას ყოველთვის ეგონა, რომ პოლიტიკური ნათელი თავზე მხოლოდ მას ადგა და რომ მართვის უფლება მხოლოდ მას ჰქონდა.
შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ სააკაშვილი ახლაც, ზუგდიდშიც და ფოთშიც, ერთ შემთხვევაში - უგულავას, მეორე შემთხვევაში კი ბოკერიას წინააღმდეგ უფრო დაიხარჯება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. 

პრინციპში, ივანიშვილი სააკაშვილის წარმოდგენაში ერთადერთია, ვინც შეიძლება „მიშა მაგარიას“ არჩევნები მოუგოს. საკუთარ ელექტორატს ის ამ მარცხს უფრო მარტივად აუხსნის. შექმნის რაიმე მითს, როგორ იბრძოდა მის წინააღმდეგ პუტინი და კოსმოსის მთელი ბნელეთი. მაგრამ რა ახსნის იმას, თუ ბოკერიამ ან ვაშაძემ გაიმარჯვეს? ვერაფრით! ამიტომაც ახლა სამეგრელოში მას ღირსების ომი ყოფილ თანამებრძოლებთან ელოდება. 


ბოკერიას წაგებული პარტია

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო რინგზე, შეიძლება ითქვას, უკვე წაგებული ავიდა. თუმცა, მათ ომახიანი ხმა და ოპტიმისტური განწყობა მაინც არ დაკარგეს. გიგა ბოკერიამ არჩევნები მაშინ წააგო, როცა ოპოზიციისგან „ერთიანი კოალიციური“ ძალა ვერ შექმნა. დაახლოებით ისეთივე, „ვარდების რევოლუციის“ დროს (2003 წელს) ჟვანია-ბურჯანაძე-სააკაშვილის კოალიცია რომ იყო. მაშინ დასავლეთმა ამ პოლიტიკურ სამეულს დაუჯერა. მიიღო ის, როგორც მაშინდელი ხელისუფლების ალტერნატიული ძალა და მხარიც დაუჭირა. დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილის კოალიციაშიც ალტერნატივა დაინახა. კოალიციურ მთავრობაში ხომ ალასანია და უსუფაშვილიც უნდა ყოფილიყვნენ. 


როგორც ჩანს, ასეთივე ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სურდა ბოკერიას ახლაც, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი ჩაუშალა. 

გიგა ბოკერიასთვის ეს ყველაზე მძიმე არჩევნებია. პირველი საპარლამენტო საარჩევნო მარათონია, სადაც ის დამოუკიდებლად უნდა გავიდეს. 2016 წელს ხომ ის, ისევე როგორც ბევრი სხვა, პარლამენტში სწორედ მიხეილ სააკაშვილის იმიჯის წყალობით მოხვდა. შეიძლება ამიტომაც თქვა ბოკერიამ: ჩვენ „ვარდების რევოლუციის“ პრინციპებს ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაუხვიაო.

მგონი, პარტიაში ამ სიმძიმეს ძალიან კარგად ხვდებიან. ამიტომაც ჯერ თბილისის მაჟორიტარობის ოლქებში ითხოვეს ნაციონალებთან შეთანხმება, ფორმულით: თბილისში ვითანამშრომლოთ, რეგიონებში ვიკონკურენტოთ. თუმცა, მოგვიანებით უკვე რეგიონებში თანამშრომლობაც დააყენეს დღის წესრიგში. სააკაშვილმა კი, თუ თბილისი დათმო და სწორადაც გათვალა, - ოპოზიციაში ვერანაირი მოლაპარაკება ვერ შედგა, - რეგიონებში თავის სტილში გაჭედა. ამიტომაც „ევროპული საქართველო“ ახლა საარჩევნო რინგზე მხოლოდ საკუთარი მუსკულატურის იმედად გავა. ვნახოთ, რამდენად ძლიერად შეუძლია მას დარტყმა. 

მეტი სიზუსტისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბოკერიასთვის, ისევე როგორც „ევროპული საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ბუნებრივი მოკავშირეა. მიშას ენერგეტიკის შეკავება გამარჯვებულ ბოკერიას ან ვაშაძეს არ შეუძლიათ, ივანიშვილი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ამას ახერხებს. თეორიულადაც რომ დავუშვათ, „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის დაბრუნება, რევოლუცია გარდაუვალი იქნება. 


ვაშაძე - დიდი ამბიციები, პატარა რესურსები

გიორგი ვაშაძე ცალკე დიდი ისტორიაა. მისი ენერგეტიკისა და ამბიციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ძალიან ჰგავს სააკაშვილს. 2012 წელს არჩევნების წაგების შემდეგ, ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმირების შანსი ხელიდან გაუშვა. ალბათ მაშინ ძველი სახეები უნდა წასულიყვნენ და ახლები მოსულიყვნენ. ამ თემაზე ბევრი იდებატეს და არაფერი გააკეთეს. ოპოზიციაში ახლად გადასული პარტიის ლიდერობაზე პრეტენზიას მაშინაც სწორედ გიორგი ვაშაძე აცხადებდა, მაგრამ არ დაუთმეს, თანაც არცერთ ნაწილში არ დაუთმეს. 


ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ყველა ბრძოლა წააგო, არც პრეზიდენტობის კანდიდატობა დაუთმეს (ფსონი დავით ბაქრაძეზე დაიდო) და არც თბილისის მერობა (ნიკა მელია აირჩიეს). ჰოდა, სააკაშვილის პარტია დატოვა და იქ მხოლოდ ბოკერიას პარტიიდან წასვლის შემდეგ დაბრუნდა. 

შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციაშიც ეცადა ლიდერობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. და სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტას ახლა უკვე მეორედ მოსწყდა. თუ კარის პირველ გაჯახუნებაზე „ნაციონალური მოძრაობიდან“ თან არავინ გაჰყოლია, მეორედ კოალიციიდან თამარ ჩარკვიანი გაჰყვა.  

ამბიციები დიდი აქვს - პრემიერობა უნდა; რესურსები - ძალიან მცირე. რას მიაღწევს, შემოდგომაზე ვნახავთ.


ნინო ბურჯანაძე - შეცდომებიდან შანსებამდე

კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა 2020 წლის არჩევნებზე. და ისევ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე. სანამ პროდასავლური ღირებულებებით აპელირებდა პოლიტიკაში, მხოლოდ წარმატებული იყო, როგორც კი პუტინის გვერდით დადგა, წარუმატებლობის სერიალიც დაიწყო. თუმცა, ახლა ისევ პროდასავლურ პარტიებთან ერთად დგას. არჩევნებზე ცალკე გავა. საინტერესოა, რა შედეგს დადებს მისი პარტია. 2020 წლის არჩევნებზე ბურჯანაძის საარჩევნო სიის სამეულში მისი შვილი ანზორ ბიწაძე პირველად მოხვდება. პოლიტიკურ მოვლენებში ის უკვე დიდი ხანია ჩართულია. ნინო ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლის მომენტიდან ის მის გვერდით იდგა. ახლა საარჩევნო რინგზე დადგება დედის გვერდით. ჯერჯერობით ეს პირველი დედა-შვილია ქართულ პოლიტიკაში.


ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც ქართულ პოლიტიკაში შედგა ჯერ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ როგორც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, მალევე როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ოპოზიციაში არაფერი გამოუვიდა - მიშამ მას ამის საშუალება არ მისცა. არა მხოლოდ საქართველოში ბლოკავდა, არამედ დასავლეთშიც. ჰოდა. ისიც წავიდა და პუტინის გვერდით დადგა. იყო ეს გამოსავალი? არა, ეს შეცდომა იყო.

ახლა ბურჯანაძე ისევ პროდასავლურ ნიშას უბრუნდება - 8 მარტის მოლაპარაკებებში ის აქტიურად იყო ჩართული. თუმცა, მისი ამომრჩეველი მისგან რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ელოდება. ამბობს, რომ ამ ნაწილში მას შეხედულება არ შეუცვლია.


„ქართული ოცნების“ პოლიტიკური კლასტერი 

ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან წამოსულმა ფიგურებმა პოლიტიკაში ვერაფერი შექმნეს და გააკეთეს. ირაკლი ალასანიამ, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინები იყო, პოლიტიკა საერთოდ დატოვა; დავით უსუფაშვილი, რომლის მიმართაც თავად ბიძინას ჰქონდა დიდი სიმპათიები, რესპუბლიკური პარტიიდან გავიდა; ალასანიას პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გადაიბარა; რესპუბლიკური პარტია - სააკაშვილმა; თავად უსუფაშვილი „ლელოს“ ჩაჰბარდა. არადა სწორედ მათთან გააფორმა ივანიშვილმა ბლოკი პირველად 2012 წლის არჩევნებისთვის. 

დამოუკიდებელი თამაში ვერავინ შეძლო. „ფორუმის“ ჯერჯერობით ხსენებაც არ არის. აღარაფერს ვამბობ გიორგი მარგველაშვილზე ან ეკა ბესელიაზე. ისინი მოლაპარაკე თავების ამპლუაში დარჩნენ, მხოლოდ ხმაურობენ და შედეგი არ ჩანს. 

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება, იყოს მოგებული წაგებულებს შორის, ჯერ მისი კლასტერიც კი არ არსებობს. 

სამაგიეროდ, არსებობენ ქართული მითოლოგიური ძალები, რომლებიც ცდილობენ, მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. ამ ნიშის დაკავება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფმა სცადა, წინა არჩევნებში ეს პაატა ბურჭულაძე იყო, ამ არჩევნებში მამუკა ხაზარაძეა. თუმცა, ძნელია, რამე უწინასწარმეტყველო მესამეს, როცა ჯერ მეორე არ არსებობს. 

„ნაციონალური მოძრაობა“ პირველი მმართველი ძალაა, ვინც ოპოზიციაში გადარჩა, თუმცა, მან რეფორმაცია ვერ გაიარა. ოპოზიციაში გადასული პარტიის მთავარი გამოწვევა არა ივანიშვილი, არამედ თავად სააკაშვილი გახდა. ექსპრეზიდენტმა უარი თქვა პარტიის განვითარებაზე, ის სამართავად არავის ანდო და კიევიდან შეძლებისდაგვარად მართავს. 

P.S. პირველ-მეორეზე გათვლა პოლიტიკაში მაინც არჩევნების შემდეგ დაიწყება. ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ გაიმარჯვოს. ვნახოთ, როგორ გადალაგდებიან თვითონ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი