კობა გვენეტაძე - სავალუტო ბაზრის რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს მოწინავე ფინანსურ ცენტრებში მოქმედ მაღალ სტანდარტებთან დააახლოებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
808 20 ივლისი 2020, 14:53

სავალუტო ბაზრის რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს კიდევ უფრო დააახლოებს მოწინავე ფინანსურ ცენტრებში მოქმედ მაღალ სტანდარტებთან და ახალი მიდგომების ადაპტაციის კუთხით საქართველოს რეგიონში ლიდერად წარმოაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული რეფორმა ორი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება

„ერთი მხრივ, შემოგვაქვს ახალი სტანდარტები – წესები, რომელიც დაარეგულირებს სავალუტო ბაზრის საქმიანობას მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, ამ წესების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ავამოქმედებთ ბლუმბერგის ახალ სავაჭრო პლატფორმას – Bmatch. ახალი პლატფორმის დანერგვა ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის განვითარებას, მის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. რაც მთავარია, აღნიშნული რეფორმები საქართველოს საფინანსო სექტორს კიდევ უფრო დააახლოებს მოწინავე ფინანსურ ცენტრებში მოქმედ მაღალ სტანდარტებთან და ახალი მიდგომების ადაპტაციის კუთხით საქართველოს რეგიონში ლიდერად წარმოაჩენს. 2017 წელს, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, საერთაშორისო ანგარიშსწორებათა ბანკის თაოსნობით და ყველა წამყვანი ცენტრალური ბანკის, ფინანსური ცენტრისა და კომერციული საბანკო სექტორის მონაწილეობით გამოიცა სავალუტო ბაზრის კოდექსი – FX Global code. ამ კოდექსის პრინციპების დაცვით სავალუტო ბაზარი 50-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და იგი უკვე ერთგვარ საერთაშორისო სტანდარტად იქცა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკი პროექტის შემუშავების საწყის ეტაპზევე თანამშრომლობდა სამუშაო ჯგუფთან და კოდექსის გამოქვეყნებისთანავე დაიწყო მუშაობა მის ქართულ ბაზარზე დასანერგად. შეიქმნა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი თავმჯდომარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტიური მხარდაჭერით და ბრიტანული კომპანია Axiom Global-ის საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრეინინგები და მათივე დახმარებით შემუშავდა სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის წესი, რომელიც გლობალური კოდექსის პრინციპებს ეფუძნება.

„სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ქცევის წესის მიზანია სავალუტო ბაზარზე გამჭვირვალობის და კონკურენციის გაზრდა, ბაზრის მონაწილეებისათვის სამართლიანი და თანაბარი პირობების დადგენა და მათი კლიენტების ინტერესების უკეთესად დაცვის უზრუნველყოფა. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საფინანსო ბაზრის შუამავლები ვალდებული იქნებიან, უფრო გამჭვირვალე გახადონ და თავიანთ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ მომსახურების სრული ტარიფები და პირობები. ასევე, კლიენტების დავალებები დაამუშაონ და აღასრულონ ისე, რომ დაცული იყოს მათი კონფიდენციალობა და კლიენტის საუკეთესო ინტერესები. ახალი წესის მოთხოვნები გავრცელდება სავალუტო ბაზარზე საშუამავლო საქმიანობით დაკავებულ კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და საბროკერო კომპანიებზე. ახალ წესში ასახულია გლობალური კოდექსის ის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური და რელევანტურია ქართული ბაზრისთვის. ბრიტანელი ექსპერტების აზრით, პროექტი ადგილობრივი ბაზრის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების ინოვაციური მიდგომის თვალსაჩინო პრეცედენტს შექმნის და ეს მიდგომა, შესაძლოა, სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმაც გამოიყენონ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სწორედ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა საქმიანობის ახალი წესების დასანერგად გახდა საჭირო ახალი სავაჭრო სისტემის – Bmatch ამოქმედება. პლატფორმის მთავარი განმასხვავებელი სავალუტო ბაზარზე მონაწილეთა კონკრეტული ყიდვა-გაყიდვის განაცხადების ანონიმურობაა; ასევე, ვალუტის გაცვლითი კურსის თანხვედრისას, ავტომატურ რეჟიმში, ადამიანური ჩარევის გარეშე, ხდება მყიდველისა და გამყიდველის განაცხადების დაკმაყოფილება.

კობა გვეეტაძის თქმით, აღნიშნული წესები ეტაპობრივად, პირველი ოქტლმბრიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკი დაიწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სავალუტო ბაზრის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი კომპანიებს, ახალი წესების უპირატესობებს აუხსნის.

როგორც მან აღნიშნა, Bmatch პლატფორმა შეზღუდულ, საცდელ რეჟიმში მარტიდან ამოქმედდა და სავალუტო ბაზრის მონაწილეთა შორის მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ინიციატივით ბლუმბერგის სისტემაში შეიქმნა ლარი-აშშ დოლარის Bmatch პლატფორმა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ბანკთაშორისი ბაზარი სულ უფრო აქტიურად იყენებს Bmatch პლატფორმას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, მასში უკვე ჩაერთო ერთი რეზიდენტი კომპანია და ერთი არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდი.

„ეროვნულ ბანკს გათვალისწინებული აქვს ამ პლატფორმაზე მონაწილეთა უფრო ფართო წრის ჩართვა, კერძოდ არასაბანკო კომპანიებისათვის პირდაპირი და არაპირდაპირი წვდომის საშუალების მიცემა. ასეთი მიდგომა ინოვაციას წარმოადგენს. მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ჰქონდეთ ბლუმბერგის ტერმინალი, შეეძლებათ, პირდაპირ ჩაერთონ Bmatch პლატფორმაში და მისი საშუალებით შეიძინონ ან გაყიდონ სასურველი უცხოური ვალუტა. სხვა კომპანიებს კი, საშუალება ექნებათ Bmatch პლატფორმაზე წვდომა განახორციელონ არაპირდაპირ, კომერციული ბანკის საბროკერო მომსახურების საშუალებით“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ პლატფორმაზე ერთდროულად თავს მოიყრის ასეულობით მონაწილის განაცხადი, რაც მაღალ ლიკვიდობას უზრუნველყოფს. განაცხადები ანონიმური იქნება, ხოლო გარიგებები დაიდება ავტომატურად, რაც რამე სახის მიკერძოებას ან დისკრიმინაციას გამორიცხავს.

ამასთან, კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი სამომავლოდ გეგმავს, რომ ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობა მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგების გაცვლითი კურსებით მიიღოს.

„შედეგად, გაცვლითი კურსი კიდევ უფრო რეპრეზენტატული გახდება და ბაზრის უფრო ფართო სეგმენტს მოიცავს. ამის შესაძლებლობას ბლუმბერგის ავტომატიზირებული სისტემა გვაძლევს, სადაც დადებული გარიგებები ელექტორნული ფორმატით მყისიერად ხდება ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის.

გვჯერა, რომ ამ რეფორმის გატარებით, გაუმჯობესდება კონკურენცია, ხელი შეეწყობა ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის ლიკვიდობის ზრდას და ახალი პროდუქტების დანერგვას. ასევე გაიზრდება ნდობა სავალუტო ბაზრის და მისი მონაწილეების მიმართ, რაც დაასტიმულირებს არარეზიდენტი საფინანსო კომპანიების ადგილობრივი ბაზრით დაინტერესებას. შედეგად კი კიდევ უფრო მეტად განვითარდება სავალუტო ბაზარი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს. ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ რეფორმის მიზანია, სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილება, ლიკვიდობის ზრდა და უფრო მეტი გამჭვირვალობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი