1339
18 ივლისი 2020, 11:02
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მათ შორის ტავუშის (ტოვუზის) რაიონში შედარებითი, მეტ-ნაკლები მშვიდობა დამყარდა. თუმცა, საბრძოლო მოქმედებებმა ყოველ წუთს შეიძლება ახალი ძალით იფეთქონ. რამდენიმე დღის წინ ამგვარი „აფეთქების“ მიზეზი ერთი შეხედვით „სულელური წვრილმანი“ გახდა: სახელმწიფო საზღვარზე, სადაც უკვე 30 წელზე მეტია აზერბაიჯანელი და სომეხი მეომრები ერთმანეთს დურბინდით ან სნაიპერული შაშხანის გამადიდებლებით აკვირდებიან, აზერბაიჯანელი სამხედროებით სავსე მანქანის მძღოლს „გზა აებნა“ და სომხური ცეცხლსასროლი იარაღის წვდომის არეალში შევიდა.
მართლა „გზა აებნა“ თუ არა, საკამათოა. უდავო მხოლოდ ისაა, რომ სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა ორმხრივი სროლა ჯერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, შემდეგ არტილერიიდან, ბოლოს კი საბრძოლო მოქმედებებში ავიაციაც ჩაერთო: აზერბაიჯანმა ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა, სომხეთმა კი რუსეთში „შეძენილი“ მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავები „ასწია ჰაერში“.
ცვალებადი მონაცემებით, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან, უკვე ათეულობით ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ყველაფრით ჩანს, რომ აზერბაიჯანის დანაკარგი მეტია: ბოლოს და ბოლოს, ბრძოლისას ერთი გენერალიც დაიღუპა......რამდენიმე „დრონიც“ ჩამოაგდეს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა: რუსეთს არ გააჩნია ისეთი ხარისხის უპილოტო საბრძოლო აპარატები, როგორიც ისრაელმა მიაწოდა აზერბაიჯანს. სამაგიეროდ, აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ეს სისტემები ახლა სომხეთის შეიარაღებაზეა.
ვინ იწყებს და იგებს?
ბუნებრივია, უმთავრესი კითხვა, რაც ყველაზე ხშირად ისმის საბრძოლო კონფლიქტის „მოულოდნელი“ განახლებისას, ინიციატორის გარკვევაა: „ვინ დაიწყო“ ან „ვის აწყობს“.
ეს ორი კითხვა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, იდენტურია.
იმისათვის, რათა მეტ-ნაკლები სიზუსტით ვიმსჯელოთ, პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, სად იფეთქა ამ ძველის-ძველი ომის ახალმა კერამ: ტავუშის (ტოვუზის) რაიონში, რომელიც ძალიან შორსაა იმ რეგიონიდან, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული კონფლიქტის მიზეზი გახდა: მთიანი ყარაბაღიდან.
საზღვრისპირეთში მდებარე ეს რაიონი უფრო ახლოსაა აზერბაიჯან-საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალებთან (მილსადენებთან და რკინიგზასთან) ვიდრე ყარაბაღთან. აზერბაიჯანის ინტერესი კი ნამდვილად არ არის, სწორედ ამ რაიონში დაიწყოს ომი და მით უმეტეს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი იქცეს ფრონტის ხაზად.
იმიტომ, რომ მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილია. ამას რუსეთიც კი აღიარებს (ფორმალურად). ანუ, თუ აზერბაიჯანი შეუტევს ყარაბაღში გამაგრებულ ადგილობრივ და სომხურ ძალებს, მოსკოვი ღიად ვერ ჩაერევა, პირველ ეტაპზე მაინც, სანამ აზერბაიჯანული არმია დიდად წინ არ წაიწევს. მაგრამ თუ ფრონტის ხაზად სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი იქცა, მაშინ რუსეთს ექნება სრული კანონიერი საფუძველი, ომში ჩაერთოს: სომხეთს იცავს არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმება რუსეთთან, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაც - ე.წ. ОДКБ ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.
მეორეს მხრივ, სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი უკვე არც არაფერი აქვს: სომხეთმა მოიგო 1989-1994 წლების ომი და მთლიანად აკონტროლებს არა მხოლოდ თვით ყარაბაღს, არამედ მთელს მის შემოგარენს, რომლის საერთო ფართობი თითქმის ყარაბაღის ოდენაა.
საომარი აქვს აზერბაიჯანს, რაკი ტერიტორიების დაბრუნება ამ ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა! მიზნის მიღწევის გაჭიანურება კი თანდათან ასუსტებს პრეზიდენტ ალიევს: გენერლისა და ახალგაზრდა ჯარიკაცების დაღუპვას უკვე მოჰყვა ბობოქარი მიტინგები ბაქოში - ომის განახლების მოთხოვნით. ალიევმა საჯაროდ უპასუხა: „ვისაც ომი გინდათ, მიტინგებზე კი ნუ იჭაჭებით, კომისარიატში მიდით და არმიაში ჩაეწერეთო“. ორიოდე საათში 4 000 ადამიანი ჩაეწერა, ანუ აზერბაიჯანული საზოგადოება ფსიქოლოგიურად ნამდვილად მზად არის ომისათვის. მათ ეიფორიას აძლიერებს მილიარდობით დოლარი, რაც არმიის გაძლიერებისათვის დახარჯეს ალიევებმა ბოლო 15 წლის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც „ნავთობდოლარების წვიმა“ წამოვიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან.
კონფლიქტი ორი დიდი იმპერიის ჩრდილში
თუმცა, შექმნილ მდგომარეობას არც აზერბაიჯანის არმიის შესანიშნავი შეიარაღება გადაწყვეტს და არც სომეხთა მხედრული სულისკვეთება. რეალურად, საკითხი გეოპოლიტიკურად წყდება - იმ დიდი მონაწილეების დამოკიდებულებით და მათი ძალების თანაფარდობით, ვინც თავიდანვე ჩართულნი იყვნენ ამ კონფლიქტში.
ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროკავშირზე მეტად, აქ გასათვალისწინებელია ორი რეგიონული ზესახელმწიფოს: რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობა.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა: თურქული არმია მზადაა სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს „მოძმე აზერბაიჯანს“. რუსეთი ამგვარ განცხადებებს არ აკეთებს ოღონდ.....ჯერ-ჯერობით არ აკეთებს! საკმარისია აზერბაიჯანმა სამხედრო წარმატებები „დადოს“ ყარაბაღის ფრონტზე (თურქეთის ჩარევის გარეშეც) და მოსკოვი კიდევ უფრო მწვავე განცხადებებით გამოვა. უკიდურეს შემთხვევაში კი, კასპიის ფლოტს აამოქმედებს, ბაქოს მიუახლოვდება და „კალიბრის“ ფრთოსან რაკეტებს გამოიყენებს - როგორც 2008 წელს.
არავის შეეპაროს ეჭვი, რომ რუსული არმია, პუტინის ბრძანებით, ყველაფერს იღონებს, რათა სომხეთისა და ყარაბაღის დამარცხება არ დაუშვას.
თურქეთის აქტიურმა ჩარევამ ამ კონფლიქტში შესაძლოა დიდი რეგიონული ომი გამოიწვიოს: როგორც მინიმუმ, თურქეთი აზერბაიჯანში საბრძოლო ავიაციას გადაისვრის და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქში შეიყვანს ჯარებს, რაც მთლიანად შეცვლის რეგიონის სამხედრო-სტრატეგიულ რუქას.
რეგიონული „სქემის“ შეცვლა იქნება, ასევე, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების სარაკეტო დაბომბვა: იმავე მილსადენების ან მინგეჩაურის წყალსაცავისა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ამ მუქარის პასუხად, აშკარად არაადეკვატური განცხადება გააკეთა: „ჩვენის მხრივ, ასეთივე ზუსტი რაკეტებით სომხეთის („მეწამორის) ატომურ ელექტროსადგურს დავბომბავთ“ ანუ სომხეთს და მთელს რეგიონს (მათ შორის ალბათ საქართველოსაც) ბირთვულ ჯოჯოხეთს მოვუწყობთო.
ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ეს ატომოური სადგური რუსეთის საკუთრებაა. მას მთლიანად რუსეთი აკონტროლებს და ამ ობიექტზე „დარტყმა“ რუსეთისათვის ბირთვული ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება.
ბოლოს და ბოლოს რუსეთს 5 000 ბირთვული ბომბი აქვს და ორი მათგანიც საკმარისია ნებისმიერი კავკასიური სახელმწიფოს პირწმინდად გასანადგურებლად. საპასუხოდ კი, ბირთვული იარაღი არც აზერბაიჯანს აქვს და არც მის მოკავშირე .თურქეთს.
საეჭვოა ტრამპმა ახლა ერდოღანისათვის აიტკივოს აუტკივარი თავი
თუ ვინმეს ჰგონია, კრემლი რამეზე დაიხევს უკან, ძალიან ცდება: სომხეთის გამარჯვების (1994წ) შემდეგ ყარაბაღის გარშემო სტატუს-კვოს შენარჩუნება მოსკოვის სასიცოცხლო ინტერესია, - მთელს სამხრეთ კავკასიაში და კასპია-შავი ზღვის ხაზზე კრემლის გეოპოლიტიკური პოზიციების დასაცავად.
ამ რეგიონიდან „წასვლა“ ჩრდილო კავკასიის აფეთქებას და რუსეთისათვის საარსებო პრობლემების წარმოშობას ნიშნავს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პუტინი 2036 წლამდე აპირებს „იმპერატორობას“ და მისი პატარა წარუმატებლობაც კი, რუსებს ააჯანყებს, როცა „მარადი პრეზიდენტი“ ისედაც ყელში ამოუვიდათ.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |