ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებამ განაპირობა.
როგორც გიორგი ქობულიამ ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია“.
„აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია, რამე ნაწილშიც კი. ინფლაციის მიზეზი ისაა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა, თავის მხრივ, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირებაა", - აცხადებს გიორგი ქობულია.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის ნაბიჯებს, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ყოფილი მინისტრის განცხადებით, საჭიროა ბალანსი, რათა ამ პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად არ იმოქმედოს.
„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ლარის გარკვეულ გამყარებას, მაგრამ უნდა ვუფრთხილდეთ იმას, რომ ეს ასევე დაარტყამს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მოსახლეობაზე ეს მოქმედებს, ინფლაციის შედეგად მოსახლეობა ღარიბდება, თუ განაკვეთები ავწიეთ და ეკონომიკური აქტივობა არ გაიზარდა, ეს მოქმედებს სამუშაო ადგილებზე. როგორ უყურებს ეროვნული ბანკი ამ ორ საკითხს შორის ბალანსს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ,“- განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |