ნაციონალური რეჟიმის სავიზიტო ბარათად ქცეული სასტიკი და ძალადობრივი სისტემა, სისხლის სამართლის საქმეები და მისი დამკვეთი პოლიტიკური სახეები, ციხის ბუნტი, რომელმაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პატიმრების დამცირება და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მოწმეების დაშინება - რა მასალები დახვდა პროკურატურაში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ახალ ხელმძღვანელობას - ამ და სხვა თემებზე ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“ გენერალური პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ისაუბრა.
როგორც გადაცემაში ითქვა, პოლიტიკურად მძიმე მემკვიდრეობის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისგან უმძიმესი სამართლებრივი საქმეები გადმოიბარა. ხელისუფლების ცვლილებისთანავე პროკურატურაში დაახლოებით 20 000-მდე განაცხადი შევიდა რეჟიმის მსხვერპლი მოქალაქეებისგან, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ. ასეთი ძალადობრივი სისტემის ერთერთი სახე და შემსრულებელი იყო დავით ჭაკუა, რომელსაც რამდენიმე მძიმე დანაშაულში ედება ბრალი.
44 წლის დავით ჭაკუას ბრალად ედება არაერთი მძიმე დანაშაული, მათ შორის ციხის ბუნტის პროვოცირება, ზურაბ ადეიშვილთან ერთად პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირება და მოწმეზე ძალადობა.
როგორ ცდილობენ წინა ხელისუფლების ძალადობრივი სისტემის შემქმნელები დღეს ბრალი დასდონ „ქართულ ოცნებას“ სამართლებრივ დანაშაულებში - ამ თემას „არენამ“ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სააკაშვილის ტელე მსახურები შეუპოვრად ცდილობენ სინამდვილე დაამახინჯონ და ის, რასაც წლების განმავლობაში თავად ჩადიოდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დააბრალონ.
ავტორი იხსენებს 5 ივლისს, „იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირებაზე.
„სწორედ მაშინ, როდესაც „იმედზე“ აღნიშნული სიუჟეტი გადიოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელემუშაკები თუ ყოფილი მაღალჩინოსნები „ქართულ ოცნებას“ კვლავ თითქოსდა, ამხელდნენ. მამხილებელთა შემადგენლობა თითქმის იგივეა, უტიფრობის დონე კი უფრო დიდი. ტრაგიკული ამბიდან მორიგი პოლიტიკური სენსაციის გამოცხობის მსურველნი გარდაცვლილი ახალგაზრდით ბინძურ მანიპულაციასაც კი არ ერიდებიან მიზანი მარტივია - როგორმე „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ხელის დაფარებაში დაადანაშაულონ”,- ამბობს ავტორი.
სიუჟეტის თანახმად, „2012 წელს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა შეიტყო, რომ ციხიდან პატიმართა წამების კადრებმა გაჟონა. ნაციონალური მოძრაობისთვის წინაასარჩევნოდ ამ პოლიტიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ზურაბ ადეიშვილმა და დანაშაულებრივმა ჯგუფმა, მათ შორის დავით ჭაკუამ სისრულეში მოიყვანა სქემა, რომლის მიხედვით უნდა დაემტკიცებინათ, რომ მსგავსი შინაარსის ვიდეოები არა სააკაშვილის პენიტენციური დაწესებულების ყოველდღიური რუტინა იყო, არამედ მაშინდელმა ოპოზიციამ კადრების დადგმა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ციხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს შეუკვეთა. დაიდგა სცენა - ციხის თანამშრომლებმა პატიმრები აწამეს და ვიდეოზე გადაიღეს, შემდეგ კი არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო თითქოსდა ოპოზიციის მიერ გადახდილ ფულთან ერთად, გლდანის ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სეიფში ვითომ აღმოაჩინეს.
„მაშინდელი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც ოპოზიციის ამ ე.წ „დანაშაულის“ გახსნის შესახებ გოროზი სახით გვამცნო. ამ ბინძური ინსცენირების დამკვეთი ზოდელავას უშუალო უფროსი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იყო. ის, რომ ზოდელავას დადგმული მხილება თავიდან ბოლომდე ფეიკი იყო, ნათელი 2012 წლის 18 სექტემბერსვე, ამ განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე გახდა. ამ დღეს არასახელისუფლებო მედიამ ეთერში კარანტინის დაშლის კადრები გაუშვა, სადაც პატიმრებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა დიდი ჯგუფი აწამებდა. წამებაში მონაწილე პირთა ვინაობა და რაოდენობა ავტომატურად გამორიცხაცდა ხელისფულების ვერსიას, რომ წამების კადრები ოპოზიციამ შეუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ 18 სექტემბრის საღამოდან მძლავრმა საპროტესტო სტიქიურმა აქციებმა მოიცვა, ყველასთვის ყველაფერი ნათელი იყო, ზოდელავა მაინც არ დანებდა და „ქართული ოცნების“ „მხილებას“ მაინც უტიფრად შეეცადა. მხილებაზე ლაპარაკობდნენ 8 წლის შემდეგაც”,- ნათქვამია სიუჟეტში.
ავტორის თქმით, სააკაშვილის ანუ „მთავარი არხის“ სტრატეგიული ამოცანა შაქარაშვილის ტრაგედიის გირგვლიანის მკვლელობასთან გაიგივებაა. ხელისუფლების კრიმინალებთან ალიანსი სწორედ ამიტომ გამოიგონეს. და ეს ხდება იმ ტელევიზიის ეთერში, რომლის დამფუძნებელიც, გიორგი (ჟორიკა) რურუა, ყოფილი მხედრიონელი და ქუჩის კრიმინალური ლიდერია. მეორე დამფუძნებელმა ოქუაშვილმა ქვეყნის ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი მოპარა და ახლა უცხოეთშია გაქცეული.
„გადაცემის წამყვანი, ყველაფრის მკადრებელი ნიკა გვარამია, რეჟიმის ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე სწორედ გირგვლიანის მკვლელობის დროს სააკაშვილის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო. სწორედ მისი და მისნაირების დახმარებით სისხლის სამართლის კოდექსსა თუ სხვა კანონებში უამრავი შესწორება შევიდა. ამ გზით ეს კანონები გირგვლიანის მკვლელობის აღმსრულებლებს ისე მოარგეს, რომ მათი მდგომარეობა შემსუბუქებულიყო და საპატიმრო ისედაც არასწორად მისჯილ ვადაზე გაცილებით ადრე დაეტოვებინათ. აი, შესწორებებზე გვარამიას ხელმოწერა. რაც შეეხება მაგიდის დანარჩენ მონაწილეებს, განსაკუთრებული აგრესიით გიორგი კაპანაძე გამოირჩეოდა - სააკაშვილის ყველაზე აბსურდული ჭორების გამავრცელებელი. კაპანაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც 2007 წელს ონლაინ მედია პრესაჯი მიიტაცა. ამ ლაივ სასამართლოს კიდევ ერთი წევრი ნათია ტრაპაიძეა. ადამიანი, რომელსაც, უკვე წლებია, სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებთან ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს. იმდენად ახლოც კი, რომ რთულია გაარკვიო სად მთავრდება პროფესიული საქმიანობა და იწყება მეგობრობა” - ნათქვამია სიუჟეტში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, მართლაც, საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. მურთაზ ზოდელავა -რეჟიმის მთავარი პროკურორი, სისხლის სამართლის საქმის ე.წ. გამწმენდებზე საუბრობს მაშინ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ ცდილობდა თავად პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის დაფარვას. კადრების გავრცელების გადაბრალება კი მაშინდელ ოპოზიციაზე უნდოდა. ზოდელავა ივანიშვილის მიერ საქმის გამწმენდებზე ესაუბრება მაგიდასთან მჯდომ საზოგადოებას, რომლებიც გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის შემსუბუქების მიზნით კანონმდებლობას ცვლიდნენ, ოპოზიციურ მედიას, თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად, ყაჩაღურად იტაცებდნენ და უკვე წლებია, სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ცრუ რეპორტაჟებით ცდილობენ.
„საბედნიეროდ, გვარამია-ზოდელავების დღეს ხალხს უკვე აღარ ეშინია. მსგავსი პარადოქსული ფეიკ პერფორმანსები კი მარტივად იშიფრება. მართალია „ნაციონალებს“ ბურბონების მსგავსად არც არაფერი უსწავლიათ და არც არაფერი დაუვიწყიათ, მაგრამ როგორც დიდი მწერალი იტყოდა, ხელნაწერები არ იწვიან და შესაბამისად ნაცების დანაშაულები მივიწყებას არ მიეცემა” - ამბობს ავტორი.
„ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, „ეგრეთ წოდებული „ფარული კადრების იმიტაციის საქმე“ იყო ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაიხსნა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველადი გეგმით ე.წ. მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო. მათ ჩვეულებრივი დავალება მიიღეს, ეს იყო მათი რუტინა. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, შესულიყვნენ ამა და ამ საკანში და ეწამებინათ პატიმრები, და კეთილსინდისიერად შეასრულეს ეს დანაშაულებრივი დავალება” განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხი, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, 8 წლისთავზე იგივე ფიგურანტები, ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია.
„ჯოჯოხეთის არქიტექტორები, ეს ჯოჯოხეთის მოციქულები, მაჯლაჯუნები დღეს, საქართველოს მოსახლეობას საკუთარ თავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივად სთავაზობენ. ყველა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააანალიზა საკუთარი შეცდომები, როდესაც სანდრა რულოვსი თვალცრემლიანი ამბობს, რომ მიშა შეიცვალა, მტკნარი სიცრუეა“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა
მისივე თქმით, „ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ, მაგრამ დარჩა სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა და ამ ძალადობასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი სულელი ჰგონია, ეს მათი მთავარი შეცდომაა“ - ამბობს იგი.
როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მმართველ გუნდს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს როგორც ფორმალური ადვოკატი, ასევე არაფორმალური ადვოკატები ამ პოლიტიკური ძალის სახით, მათი პოლიტიკური და სამართლებრივი დეკვალიფიკაცია მე უბრალოდ მაოცებს. როდესაც ადამიანს 48 რეგისტრირებული იარაღი აქვს, მეტყველებს თუ არა ეს იმაზე, რომ მას აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. მას აქვს 48 რეგისტრირებული იარაღი და არც ერთის ტარების უფლება. ამიტომ როდესაც სასამართლოზე წარდგება ბრალდება, მე რომ წარმოვადგენდე ბრალდების მხარეს, ვეცდებოდი, ნაფიც მსაჯულებს თუ მოსამართლეს ვუთხრა, რომ იმ კონკრეტული მტკიცებულებების გარდა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერდიქტის გამოტანის დროს მოსამართლე ხელმძღვანელობს, ერთი მხრივ, ბრალდებულის პიროვნებით ანუ მისი წარსულით, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფაქტორებითა და არგუმენტაციით, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. თქვენს სახლში რომ იპოვონ 48 ცოცხი, ხომ იფიქრებენ, რომ დალაგებისადმი გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკს? ვამბობდით, რომ ამ კაცს სიგარეტიც კი არასდროს მოუწევია, როგორ ექნებოდა ნარკოტიკი? ის რომ ადამიანს აქვს 48 იარაღი, მაღალი ალბათობით იმას უფრო ამტკიცებს, რომ მას 49-ეც ექნებოდა, და არა პირიქით. ჩემი აზრით, ამ გარემოებას, ამ საჩუქარს კომპეტენტური პროკურორები ხელიდან არ გაუშვებენ. ადვოკატის ხელოვნებასაც აქვს ზღვარი. როდესაც მტკიცებულებები ამდენად ცხადია, ამას ვერც კონი და ვერც პლევაკო უშველის“ - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, „კრიმინალურმა ოპოზიციამ იცის, რომ თავისუფალ არჩევნებში მათ არანაირი შანსი არ აქვთ.
„გვარამია და ადეიშვილი უნდა იყო, რომ ენუქიძეს უყურო და უკეთო ის, რასაც უკეთებდნენ. როდესაც ადვოკატი შალვა შავგულიძე თაკო სალაყაისა და დათა ახალაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა, და ბოკერია ტელეეთერიდან ამას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებდა, ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ - შავგულიძემ ბოკერიას, ბოკერიამ რურუას, მან კი ლონდონისკენ ოქუაშვილს.- ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაკვეთით მოკლა ადამიანი და გააყალბა საქმე.
„მერამდენე გირგვლიანია თქვენს მეხსიერებაში გიორგი შაქარაშვილი? თათუხაშვილი გახსოვთ? ხორავა გახსოვთ? საინფორმაციო ჰიგიენიდან გამომდინარე პატივს გცემთ თქვენ და თქვენს მაყურებელს და გირგვლიანის საქმისა და შაქარაშვილის საქმის გაიგივების ორგანიზატორთა მხილებასაც არ ვიკადრებ, იმიტომ რომ ეს მაყურებლის ინტელექტის შეურაცხყოფა იქნება. სახელმწიფომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაკვეთით მოკლა ადამიანი და გააყალბა საქმე. აქ კი ყოფით ნიადაგზე მომხდარი ტრაგედია, რომელიც ჯერ გახსნილიც არაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ ქმედებებსა და გარდაცვალებას შორის ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა. თუ რაიმე სიმძიმე აქვს სამართალდამცავ საქმიანობას, ეს არის თვალებამოღამებული, ცხოვრებაგაუბედურებული დედის ნახვა - ეს ძალიან მძიმე ამბავია. ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა ერთი რამ - სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია. ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა, ეიხმანების პროცესები წინ არის და ჭაკუა იყო ერთ-ერთი პირველი სიგნალი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციას ორი გზა აქვს - პირველი არის ლობიზმი, რომ გარედან შეარყიონ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი და ხანდახან ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის გზით საკუთარ თავს წარმატებაში ირწმუნებენ, თუმცა ყველაფერი ფიასკოთი უმთავრდებათ. მეორე გზა - რაღაცა შეეშალოს, რაღაცა დაიმართოს ამ ხელისუფლებამ.
როგორც ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, „გვარამია-ოქუაშვილი-რურუას დაფუძნებული ტელევიზია პოლიტიკის კრიმინალიზაციასა და დამნაშავეთა მფარველობაში ბრალს დებს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს დებს. კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია კი ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას სწავლობს, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია Forbes-ის სიაშია.
მისივე თმით, „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტროს შესვლის დროს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
„ვინ აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას მედიათავისუფლებასთან და მრავალფეროვნებასთან დიქტატურად? ხალხი, რომელმაც ეს ტელევიზია დაარბია და მიიტაცა, რომელმაც მიიტაცა „რუსთავი 2”. 2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და პრაქტიკულად მაშინ დასრულდა ხელისუფლება, როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“, - ამბობს ნაცვლიშვილი. „გვარამია-ოქუაშვილი-რურუას დაფუძნებული ტელევიზია პოლიტიკის კრიმინალიზაციასა და დამნაშავეთა მფარველობაში ბრალს დებს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. პარალელურად, კეზერაშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას. აი იმ კეზერაშვილის, რომელიც რითი გამდიდრდა მელიას ვკითხოთ. ხალხის ძარცვით და რეკეტით გამილიარდერებული კეზერაშვილის ტელევიზია სწავლობს ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას, რომელიც ორ ათეულზე მეტი წელია არის Forbes-ის სიაში. და მესამე, ეს გველეშაპი ხომ სამთავიანია, მათი უმცროსი მეგობარი, რომლის გასაძლიერებლად „ფილდ კომანდერი“ იქნა მივლინებული „ფიურერის“ მიერ „ტვ პირველში“, ფულის გათეთრებაში ბრალდებული დამფუძნებელი, ავთანდილ წერეთელი და მისი არაფორმალური დამფინანსებელი, ასევე ფულის გათეთრებაში ბრალდებული ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილს სდებენ ბრალს ფულის გათეთრებაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |