1359
04 იანვარი 2026, 20:58
ქეთი ხატიაშვილი
ყველა დიქტატორი მდიდარია ერთნაირად. მაგრამ ყველა თავისებურად ტრაგიკულად ამთავრებს.
თუმცა თანამედროვე დიქტატორებს შორის გამონაკლისებიც გვყავს.
ნიკოლას მადურომ შესაძლოა, ვერტიკალზე სხვებზე ნაკლები დრო გაატარა, მაგრამ ცხოვრება სხვებივით ფატალურად არ დაუსრულებია.
არ ჩამოახრჩვეს, როგორც ჰუსეინი.
არ დახვრიტეს, როგორც ჩაუშესკუ.
არ აწამეს, როგორც კადაფი.
მუამარ კადაფი კანალიზაციის მილში დამალული იპოვეს და ლინჩის წესით მოკლეს.
სადამ ჰუსეინი ბუნკერიდან ამოიყვანეს. სიკვდილის წინ დაამცირეს და ჩამოახრჩვეს.
ნიკოლაე ჩაუშესკუ მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.
სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალზე გაიყვანეს - ის საკანში განაჩენის გარეშე კვდება.
მადურო კი აიყვანეს თავის საძინებელ ოთახში, დაატყვევეს მეუღლესთან ერთად. თუმცა, ტრამპის თქმით, ნიუ-იორკამდე კომფორტული მოგზაურობა მოუწყვეს - მოეწონებოდა, დაბეჯითებითი ტონით იტყვის ამერიკის პრეზიდენტი.
შესაძლოა სწორედ ეს აფიქრებინებს ბევრს, რომ შედგა დიდი გარიგება - მადურომ თავად აირჩია ასეთი დასასრული.
იცოდა, ვერტიკალზე მისი წუთები დათვლილი იყო - ვერავინ დაიცავდა, ამიტომაც შედარებით უმტკივნეულო სცენარს დათანხმდა.
სამაგიეროდ თავიდან აიცილა დამცირება, მკაცრი მოპყრობა და ბრბოს მართლმსაჯულება.
ასეთი არჩევანის წინაშე პირველად ის 2019 წელს დადგება, მაგრამ მაშინ - როგორც ითვლება - რუსეთის ზურგს ეყრდნობა - სიცოცხლესაც ინარჩუნებს და ძალაუფლებასაც…
თეთრ სახლში მაშინ პირველად ზის დონალდ ტრამპი, კრემლში უკვე მეოთხედ - პუტინი.
2019-ში დაპირისპირება ლეგიტიმაციაზე გაივლის. ვაშინგტონი არ ცნობს არჩევნებში მადუროს გამარჯვებას, რუსეთი - მისი კონკურენტ ხუან გუაიდოს გამარჯვებას.
2025-ში მადუროს უკვე ნარკოტერორიზმში ადანაშაულებენ.
თუმცა, ვარაუდობენ, რომ ახლაც და მაშინაც თეთრი სახლის მთავარი ინტერესი ბუნებრივი რესურსებია - ვენესუელა მდიდარია ნავთობით.

და ალბათ სწორედ ეს ვარაუდი დგას სიმართლესთან ყველაზე ახლოს.
რადგან საბოლოოდ ამერიკამ ძალაუფლება ოპოზიციას არ გადასცა, არამედ პროცესზე კონტროლი თავად აიღო
და წინა პლანზე სწორედ ნავთობის საკითხი წამოსწია.
მაგრამ არის მეორე ვერსიაც.
2019 წელს უკრაინის ომი ჯერ დაწყებული არ არის. რუსეთს შეუძლია აჩვენოს რომ მადურო მხოლოდ საკუთარ რეჟიმზე არ დგას და მის უკან უფრო ძლიერებზე ძლიერი ფიგურა დგას - კრემლთან თამაში კი არ ღირს.
დღეს ვითარება შეიცვალა.
ახლა ომია. და პუტინი უკვე მზად არის წავიდეს დიდ გარიგებებზეც - დათმოს ცოტა შორს, რომ გაიმყაროს პოზიციები ახლოს.
და რადგანაც პოლიტიკას უკვე დიდი ხანია ნავთობი ატრიალებს, ცოტა რამ ვენესუელას შავ ოქროზეც ვთქვათ. ვენესუელა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგების მქონე ქვეყანაა.
ნავთობის მოპოვებას აქ ამერიკული და ბრიტანული კომპანიები - Exxon და Shell იწყებენ.
მოგვიანებით, 1976 წელს ვენესუელა თავადაც სახელმწიფო კომპანია - PDVSA - ქმნის და საკუთარი ინტერესების დაცვას იწყებს. დასავლეთის ბაზარზე დამოუკიდებლადაც შედის.
ლათინურ ამერიკაში ვენესუელა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა ხდება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე უსწრებს არა მხოლოდ მეზობლებს, არამედ ხშირად სსრკ-ს, ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიასაც.
მისი ეკონომიკის საყრდენი, რა თქმა უნდა, ნავთობია. 1990-იან წლებში ნავთობს ვენესუელაში მოიპოვებდნენ: ExxonMobil; Chevron; ConocoPhillips; Total; Statoil; BP.
ყველა მუშაობს, ყველაფერი მუშაობს - ვენესუელაში ფული შედის, ტექნოლოგიები ვითარდება და ექსპორტიც იზრდება.
მაგრამ კონფიგურაციას უგო ჩავესი ცვლის. 1999 წელს ის ხელისუფლებაში მოდის და კითხულობს: „რატომ უნდა იშოვნიდნენ ფულს ჩვენზე კაპიტალისტები?“
2007 წელი უკვე რევოლუციურია. ის ნავთობის სექტორის ნაციონალიზაციას იწყებს. დასავლურ კომპანიებს ჩავესი უსიამოვნო არჩევანის წინაშე აყენებს: ან გადასცემენ საკონტროლო პაკეტს სახელმწიფოს, ან დატოვებენ ქვეყანას.
ნავთობის მოპოვება იმდენად მომგებიანია, რომ ბევრი ამ პირობას იღებს, ამერიკული კომპანიები ჯერ სასამართლოს მიმართავენ, შემდეგ ამერიკა სანქციების დაწესებას იწყებს.
ასე დაკარგავს ვენესუელა ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომას.
ნავთობის მოპოვება და გადამუშავება გაჩერებას იწყებს.
შედეგი რიცხვებში ჩნდება.
1998 წელს ვენესუელა აწარმოებს 3.5 მლნ ბარელს დღეში, 2013 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 2.5 მლნ ბარელზე ვარდება.
ეკონომიკის საყრდენი ჯერ რყევას იწყებს, შემდეგ - ნგრევას.
და ამ ფულსაც ის ეკონომიკაში კი არ აბრუნებს, არჩევნებში აბანდებს რომ ხელისუფლება შეიძინოს. ასე რჩება ხელისუფლებაში ზედიზედ ოთხჯერ.
მაგრამ 2013 წელს ჩავესი კიბოთი კვდება. და ხელისუფლებაში ნიკოლას მადურო მოდის.
პრობლემას ჩავესი ქმნის, შედეგი მადუროს დროს დგება.

ეკონომიკა უკვე კრიზისშია: ბიუჯეტში ფული არ არის, ნავთობის სექტორი გაჩერებულია, ნავთობზე ფასები ეცემა.
და ამ პირობებში კი მადურო არც დათობებზე მიდის, არც მოლაპარაკებებს თანხმდება და არც კომპრომისს ეძებს.
ამიტომაც ამერიკული სანქციებიც სულ უფრო მკაცრდება. კულმინაციას ის სწორედ 2019 წელს აღწევს, როცა ტრამპი მადუროს არჩევნებში გამარჯვებას არ სცნობს, მადურო კი ტრამპის პრეტენზიებს არ აღიარებს.
PDVSA-ს სწორედ მაშინ ასანქცირებენ; კრძალავენ ნავთობით ვაჭრობას ამერიკულ კომპანიებთან; ყინავენ ვენესუელის სახელმწიფო აქტივებს ამერიკაში.
ვენესუელა ვეღარ ყიდის ნავთობს ამერიკაში; ვერ იღებს დოლარს; ვერ ყიდულობს ტექნოლოგიას; ვერ აზღვევს ტანკერებს…
ეს ეკონომიკური ბლოკადის ტოლფასი იქნება.
იმიტომ რომ ვენესუელას ნავთობის ექსპორტის 40% სწორედ ამერიკაში მიდიოდა; ქვეყნის ბიუჯეტის ძირითადი შემოსავალი კი, როგორც ვთქვით, ნავთობი იყო;
და აქ მადურო კომპრომისის ნაცვლად ალტერნატივის ძებნას იწყებს - ჩნდება ჩინეთი და რუსეთი.
მალევე ტრამპის დაწესებულ სანქციებს, ბაიდენი არბილებს.
გადაწყვეტილებას უკრაინის ომი განაპირობებს: დასავლეთი რუსულ ნავთობს სანქციებს უწესებს, მსოფლიო ბაზარზე დეფიციტი ჩნდება, ფასები იზრდება - საჭირო ხდება ალტერნატიული წყაროების ძებნა.
ომის ფონი ვენესუელას დღის წესრიგში აბრუნებს. ასე იწყება სანქციების ნაწილობრივი შერბილება.
ვაშინგტონი Chevron-ს სპეციალურ ლიცენზიას აძლევს და ნავთობის ამოღებას ავალებს.
თუმცა, ტრამპს არც ომი სჭირდება და არც მადურო. ის ვენესუელის პრეზიდენტს უკვე ნარკოტერორიზმის ნარატივით უპირისპირდება და საბოლოოდ მას გზიდანაც იცილებს.

ნავთობის ლოგიკა აჩვენებს, მადურო ბოლომდე არც კრემლის ზურგს ეყრდნობოდა და არც ჩინურ კედელს. მისი საყრდენი ყოველთვის ნავთობი იყო, ამ კარტით თამაშობდა.
მაგრამ თამაში სრულდება მაშინ, როცა მანევრის სივრცე იწურება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |