905
13 ივნისი 2020, 13:46
საქართველო არის ევროპის „სადაო ტერიტორია“, მოქცეული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყნის მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი მარწუხებს არ ადუნებს, - ამერიკულ გამოცემა Spectator-ში ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში უილიამ კუკი წერს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სახელისუფლებლო შენობებზე და შიგნით საქართველოს დროშებს გვერდს უმშვენებს ევროკავშირის დროშები, არა იმიტომ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, არამედ იმიტომ, რომ მას წევრობა სურს.
საქართველო არის ევროპის „სადაო ტერიტორია“, მოქცეული აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყნის მზერა ყოველთვის იყო და არის მიმართული ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი მარწუხებს არ ადუნებს. თავდაპირველად რუსეთის მეფემ განახორციელა საქართველოს კოლონიზაცია. შემდეგ იყო დამოუკიდებლობის პერიოდი 1917-1921 წლებში, რომელსაც ისევ მოჰყვა კოლონიზაცია, ამჯერად საბჭოეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა აღიდგინეს დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს მათი გაშვება არაფრის დიდებით არ სურდა.
საქართველო ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, რათა უსაფრთხო დისტანციაზე ჰყავდეს „რუსი დათვი“, მაგრამ სამხრეთის საზღვარზე ნატოს წევრის ყოლას ვლადიმერ პუტინს ყველაფერი ურჩევნია. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული მოძრაობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში პუტინს აძლევენ შესაძლებლობას, ჰყავდეს საქართველო ახლოს. ნატო ვერ მიიღებს საქართველოს, სანამ რუსული ჯარები რჩებიან საქართველოს მიწაზე. შესაბამისად, ამ ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში არ არის მოსალოდნელი.
ერთხელ მომიწია ნატოს წვრთნებზე დასწრება, რომლებიც (პირველად ისტორიაში) საქართველოს წინამძღოლობით იმართებოდა. ამ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, წარმომადგენლებთან ერთად. მე შევხვდი საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასვე გავხდი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მოწმე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიების ქართველ ვეტერანებთან - ეს იყო ინვალიდების სევდისმომგვრელი შეკრება. შეხვედრებს შორის დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში და ვტკბებოდი დასავლურისა და აღმოსავლურის კოლორიტული ნაზავით. ფართო ბულვარებზე სეირნობისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარიზში ხართ. მეორე მხრივ, ჩაუყვებით თუ არა მიხვეულ-მოხვეულ შუკებს, უმალ აღმოსავლეთში აღმოჩნდებით.
კიდევ უფრო დიდი განსხვავება იგრძნობა უძველესსა და თანამედროვეს შორის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი სამიკიტნოები და ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები ხშირად გვერდიგვერდ არის განლაგებული. თუმცა ყველაზე დიდი კულტურული დაპირისპირება თაობების თვალსაზრისით არის თვალშისაცემი - ერთი მხრივ, ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თავისუფალ ქვეყანაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, გონებაგახსნილნი და ოპტიმისტურნი და, მეორე მხრივ, უფროსი თაობის რუსულად მოსაუბრე ქართველები, რომლებიც აღიზარდნენ საბჭოთა კავშირის პირობებში. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაბადებულთათვის ეს იყო ფანტასტიკური შესაძლებლობა - ცხოვრებამ მათ გზა გაუხსნა. მეორე მხრივ, ეს იყო კატასტროფა მათთვის, ვისაც ასაკი ახალ ცხოვრებაზე მორგებაში თუ თავიდან დაწყებაში ხელს არ უწყობდა.
მართალია, პუტინის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს „კლანჭებში ყოლას“, არსით გეოპოლიტიკური შეიძლება იყოს, მაგრამ რიგით რუსებს უფრო სენტიმენტალური გრძნობები აკავშირებთ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. რუსეთის მეფისა და კომუნისტების მმართველობის დროს სწორედ აქ ჩამოდიოდნენ რუსები დროის სატარებლად. საქართველოში საუკეთესო ღვინოა, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო პლაჟები, საუკეთესო სამზარეულო. „საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის თბილისი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან მას იმდენად არ შეხებია საბჭოთა ცხოვრების უფერულობა და მონოტონურობა, - აცხადებს არტურ კესტლერი, - ამ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური მომხიბვლელობა, არც ევროპული და არც აზიური, არამედ ორივეს სვებედნიერი ნაზავი“.
ეს სვებედნიერი ნაზავი დღესაც შეიმჩნევა, მიუხედავად თბილისის კარზე მომდგარი რუსი ჯარისკაცებისა. საქართველოში ჩემი „ნატოელი“ გზამკვლევი გახლდათ ისლანდიელი ქალი, რომელიც აქ შარშან ჩამოვიდა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად. ცხადია, რომ მას აქ ძალიან მოსწონს. ერთხელ მან „ძველი მეტეხის“ რესტორანში წამიყვანა, რომელიც მიხვეულ-მოხვეული მდინარის თავზე წამომდგარ კლდეზე იწონებს თავს და ზევიდან დასცქერის ხელისგულზე გაშლილ ქალაქს. ატყდა სიმღერა და ცეკვა-თამაში, რაც მოგვიანებით უეჭველად აისახებოდა ჩემს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასევე იყო უთვალავი კერძი, რომლებსაც ცეცხლივით წითელ ღვინოს ვაყოლებდით. ისევე, როგორც [ქართული] კულტურა მთლიანობაში, ადგილობრივი სამზარეულოც წარმოადგენს რუსულისა და თურქულის კომბინაციას. ხემსი იმხელა ჯამით მოგვართვეს, რომ მთავარი კერძი მეგონა. და როცა მთავარი კერძი შემოაბრძანეს, მე უკვე საკმაოდ დანაყრებული გახლდით.
ფიცროი მაკლინი (როგორც ამბობენ, ჯეიმს ბონდის პერსონაჟის პროტოტიპი) ბევრჯერ ყოფილა თბილისში. „ქალაქმა უმალ მომნუსხა, - წერდა იგი, - ეს სახლები, გიჟმაჟური სტრუქტურები წინ გამოშვერილი, ფერდობის გვერდზე მერცხლის ბუდესავით დაკიდებული ვერანდებით. ქვევით მთის ნაკადი თქარუნით მიექანება. შორს ფერდობზე კი ისევ სახლები მოჩანს“. შეიძლება ვცდები (და, ალბათ, ვცდები კიდეც), მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაკლინი სწორედ იმ რესტორანს აღწერს, მე რომ ვისადილე წუხელ.
გავჩერდი „თბილისი მარიოტში“, რაც ჩემში თავიდან დიდ აღფრთოვანებას არ იწვევდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო საუკეთესო „მარიოტი“, სადაც ოდესმე გამიტარებია ღამე - თითქოს „ოქროს ხანიდან“ გადმოტანილი, სასახლესავით დიდებული მარგალიტი თბილისის ყველაზე ფეშენებელურ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე, აშენებული რუსეთში მონარქიის დაისის პერიოდში. ასეთი ქარიშხლიანი ისტორიის მქონე ქალაქში ყველა შენობა თავის ისტორიას გვიყვება. გზის გაყოლებაზე მდებარე „ბილტმორი“ კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე „მარიოტი“. ნეოკლასიკურ სტილში გადაწყვეტილი თაღიანი პორტიკის თავზე შეამჩნევთ საბჭოთა პერიოდის ფრიზებს ბედნიერ მშრომელთა გამოსახულებებით, რომლებიც პარტიის კეთილდღეობისთვის იღვწიან.
მეორე დილით ვეწვიე ეროვნულ მუზეუმს, რათა თვალი გადამევლო საქართველოს რთული ისტორიისთვის. სწორედ აქ ჩამოსულან იასონი და არგონავტები ოქროს საწმისის საპოვნელად. ყოველთვის მეგონა, რომ ოქროს საწმისი ოდენ მითი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართველები მას იყენებდნენ ოქროს მოსაპოვებლად.
„კავკასიონის მთებიდან მოედინება ბევრი მდინარე. ამ მდინარეების წყალი კი შეიცავს უხილავ ოქროს მტვერს, - წერდა აპიანე ალექსანდრიელი ჩვ. წ. მე-2 საუკუნეში, - ადგილობრივები ამ მდინარეებში ავლებენ საწმისს და ასე აგროვებენ მოტივტივე ნაწილაკებს“.
საქართველოს თანამედროვე ისტორია შემაძრწუნებელი მოვლენებით არის აღსავსე: პირველ რიგში, აღსანიშნავია ქართველი დისიდენტების ამოჟლეტა სტალინის მიერ, რომელიც, - ო, ირონია! - თავად ქართველი იყო. 1920-იან და 1940-იან წლებს შორის დახვრიტეს 70 000 ქართველი და გადაასახლეს 200 000. „ქართველი მხატვრები და წითელი ტერორი“ - ამ გამოფენაში ერთმანეთის გვერდით განთავსებულია დისიდენტი მხატვრების ნაშრომები და მათ წინააღმდეგ რეპრესიების ამსახველი დეტალები. შრომით ბანაკებში (საიდანაც ადამიანები აღარ ბრუნდებოდნენ) გადაყვანილი „მოღალატეების“ შვილები კი სახელმწიფოს მეურვეობაში გადადიოდნენ. „მათი იზოლირება გარდაუვალი იყო, - აცხადებდა სტალინისტი დიპლომატი ვიაჩესლავ მოლოტოვი, - ისინი ხომ ჯოჯოხეთს დაატრიალებდნენ საჩივრების წერით“.
არის თუ არა საბჭოთა რეპრესიები მხოლოდ ისტორიის წიგნების მასალა? არ მგონია. „კგბ ისევ გითვალთვალებს“, - გვამცნობს წარწერა კედელზე. მლოცველებით და ხატებით დახუნძლულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შევედი და სანთელიც დავანთე - კონკრეტულად არავისთვის. როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, საქართველო ცნობილია თავისი ეკლესიებით. თბილისის ცენტრშიც კი, სადაც ამერიკული კულტურის შემოჭრა აშკარად იგრძნობა, ეს დახვეწილი მარადიული მონუმენტები დღესაც ინარჩუნებენ მისტიკურ ელფერს.
გახდება თუ არა საქართველო დასავლური სახელმწიფო, როგორც ეს მას ყოველთვის ეწადა, თუ მას პუტინი შთანთქამს? შეინარჩუნებს თუ არა თბილისი იმ სამხრეთულ მომხიბვლელობას, იმ სიმსუბუქეს, ოდესღაც ფიცროი მაკლინი - შოტლანდიელი საიდუმლო აგენტი რომ მონუსხა?
სტუმრობის დროს გაკეთებული ჩანაწერების გადაკითხვისას შევნიშნე ციტატა, რომელიც, ჩემი აზრით, აჯამებს საქართველოს პოზიციას: „ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ევროპულ სახელმწიფოებს? ჩვენი 2 000-წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და მდიდარი ბუნება. რუსეთმა შემოგვთავაზა სამხედრო მოკავშირეობა, რომელზეც ჩვენ უარი განვუცხადეთ. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ისინი აღმოსავლეთისკენ მიიწევენ, ჩვენ კი მზერა დასავლეთისკენ გვაქვს“.
თავიდან მეგონა, რომ ეს სიტყვები ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ქართველმა მინისტრმა წარმოთქვა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ ეს სიტყვები მუზეუმში მქონდა წაკითხული. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, ნოე ჟორდანიას ციტატა. ეს სიტყვები მან 1921 წელს წარმოთქვა - სულ რამდენიმე კვირის შემდეგ წითელი არმია თბილისში შევიდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |