სტატიები
გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიმინალური გარჩევები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6279 07 ივნისი 2020, 21:46

ნათია აბაშიძე

1990-იან  წლებში საქართველოში არც სახელმწიფო კანონი მოქმედებდა, არც „ქურდული“ -  ქვეყანაში განუკითხაობის ხანა იდგა. მთავარ მოქმედ პირებად ხელში იარაღმიჩეჩებული, ყველაფრის უფლებამიცემული და წინასწარ ყველა დანაშაულმიტევებული ბიჭები მოგვევლინენ და თბილისი განგსტერული ომების ცენტრი გახდა.

- რა ხდება? – მაშინ, ამ შეკითხვას თბილისში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოისმენდით და ამ შეშფოთების მიზეზი  გახშირებული მკვლელობები იყო, თითქმის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი.   

მაშინ ხალხს პანტაპუნტით ხოცავდნენ. კლავდნენ გაუფრთხილებელი სიტყვის, უბრალოდ, სიგარეტის არქონის თუ არასასურველი საქციელისთვის.  

ეს იყო დიდი ფულის, გავლენიანი პირების, მეტიც - სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი კლანების ომიც.

მაშინ ფაქტობრივი ძალაუფლება „მხედრიონის" ხელში იყო, რომლის ცალკეული წევრები და ლიდერები პრეტენზიას აცხადებდნენ ამა თუ იმ ეკონომიკური სფეროსა თუ კონკრეტული შემოსავლიანი ობიექტის კონტროლზე.

1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, შატბერაშვილის ქუჩაზე, უმძიმესი დანაშაული მოხდა - საკუთარი სახლის წინ მანქანაში ჩაცხრილეს ორი განუყრელი მეგობარი, მხედრიონელები - ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე. მათთან ერთად კიდევ ერთი მხედრიონელი მოკლეს - თენგიზ ჩანტლაძე. მოგვიანებით, გაირკვა, რომ  ჩანტლაძე შემთხვევითი მსხვერპლი იყო  -„კანონიერ ქურდ“ გიორგი ლობჟანიძესთან კონფლიქტის გამო გია სვანაძესთან შუამავლობის  სათხოვნელად მისული.

ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვიდან ორი მთავარი მხედრიონელის მკვლელობა იმდროინდელი განგსტერული თბილისისთვისაც კი ძალზე მოულოდნელი ამბავი გამოდგა. ყველას აინტერესებდა, რა მოხდა - ვინ მოკლა იმ დროისთვის ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი დაჯგუფების გავლენიანი ფიგურები.

ამბობდნენ...

ამ მკვლელობის შესახებ არაერთი ვერსია და ვარაუდი გავრცელდა. ითქვა, რომ ორი უახლოესი ადამიანის  მკვლელობით  დარტყმა მიაყენეს ჯაბა იოსელიანს. 

ეს ორი რომ მართლაც ჯაბა იოსელიანის "მარჯვენა ხელად" აღიქმებოდნენ, ამას ისიც მოწმობს, გამსახურდიას პრეზიდენტობისას ჯაბა იოსელიანთან ერთად ზაზა ვეფხვაძეც რომ დააპატიმრეს. მეტიც, როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, სწორედ სვანაძე-ვეფხვაძე ასრულებდნენ "მხედრიონის" ე.წ. მოლარეების ფუნქციას, ანუ მათ ხელში იყრიდა თავს მთელი "მხედრიონის" არცთუ მცირე  ფული.

"სამი პიროვნებიდან ერთი იყო მაღალი, სუსტი, ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, მეორე იყო საშუალო ტანის, ხოლო მესამეს ეცვა ჯინსის „კურტკა“ და მუქი ფერის შარვალი. ისინი ჩემკენ მობრუნდნენ, რა დროსაც მე ისინი ვიცანი..."
 

ამდენად, კიდევ ერთი ვერსია ამ ფულის ხელში ჩაგდების, მათი ადგილის დაკავების და შესაბამისად, დიდი გავლენების მოპოვების გამო განუყრელი წყვილის მკვლელობის თაობაზე ალბათ უფრო ახლოს უნდა იყოს რეალობასთან, ვიდრე რუსულ პრესაში ამ საკითხთან დაკავშირებით ესკობარის გვარის გაჟღერება. ესეც კიდევ ერთი ვერსიაა.

"კომსომოლსკაია პრავდამ" თავის დროზე რუსეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდების“ მიერ აფხაზეთში მეომარი ქართველი ბიჭებისთვის იარაღის შესაძენად შეგროვებული მილიონების წყაროდ სწორედ ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი დაასახელა, რომელიც ამ მილიონების სანაცვლოდ საქართველოს ფაქტობრივი მმართველებისაგან - "მხედრიონელებისგან", ჰეროინის ტრანსპორტირებისათვის უსაფრთხო დერეფანს ითხოვდა.

როგორც ჩანს, იარაღის შესაძენად სოლიდური თანხა ნამდვილად წამოვიდა საქართველოში და ის  ნამდვილად არ მისულა აფხაზეთში მებრძოლებამდე.

სავარაუდოდ, ფული დაიკარგა და ამ ფულის გაქრობას უკავშირებდნენ თავის დროზე  ქართველი „კანონიერი ქურდის“ არსენ მიქელაძის თბილისში გამოჩენას. როგორც ამბობენ, მიქელაძე თბილისში საქმის გასარჩევად ჩამოვიდა. შედგა კიდეც მას და ჯაბა იოსელიანს შორის საუბარი და ფულის გამფლანგველნიც დასახელდნენ, მაგრამ, სანამ აქედან გააღწევდა, ახლობლის პანაშვიდიდან გამოსულ მიქელაძეს ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს.

ასეთ დანაშაულს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე კონტრნაბიჯი ანუ შურისძიება და სწორედ ასეთ ნაბიჯად იქნა აღქმული ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობა, რომელსაც არაერთი თვითმხილველი ჰყავდა - ჩვეულებრივი გამვლელნი, მეზობლები, მეგობრები...

იყო ერთი ვერსიაც - ვეფხვაძეს და სვანაძეს კონფლიქტი ჰქონდათ "მხედრიონის" ერთ-ერთ განშტოებასთან. მიზეზი თამბაქოს ბიზნესში ინტერესებს უკავშირდებოდა. მხარეები მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა, მოლაპარაკება ურთიერთმუქარით დასრულდა. 

ამ ვერსიათა ჯაჭვიდან ყველაზე სარწმუნო ვერსია მაინც სფეროების გადანაწილებისთვის წარმოებული ომი უნდა იყოს, რომელიც გავლენების და ფინანსების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული. ფაქტია, ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობის შემდეგ, მათ ბიზნესწილებს დაპირისპირებული მხარე დაეპატრონა და მათი ადგილიც დაიკავა. 

„ის“, ვინც აივნიდან დაინახეს, ყველას სასტიკად დაემუქრა...

ვეფხვაძე-სვანაძის ჩაცხრილვას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა - ჩვეულებრივი გამვლელნი, მეზობლები, მეგობრები... 

იყო ერთი მოწმეც - ზაზა ვეფხვაძის მეუღლე, რომელიც ხმაურზე აივანზე გამოვიდა და საკუთარი თვალით ნახა ეს უმძიმესი სურათი, დაინახა მკვლელებიც. თუმცა, მაია ვეფხვაძეს მაშინ სამართალდამცველებისთვის ჩვენება არ მიუცია - შეეშინდა მკვლელის, რომელმაც დღისით-მზისით, თბილისის ცენტრში, განსაკუთრებული სისასტიკით მოუკლა ქმარი და მისი უახლოესი მეგობარი. მით უმეტეს, რომ მისი სახელი უკვე არაერთ გახმაურებულ, სასტიკ მკვლელობასთან იყო დაკავშირებული.

მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ გახმაურებული მკვლელობა გაიხსნა. თუმცა, მალევე მთავარი მოწმე ორთაჭალის ციხეში გაურკვეველი მიზეზით მოულოდნელად გარდაიცვალა. არაოფიციალურად კი - ის მოკლეს

რა თქმა უნდა, მკვლელობის მოტივისა და მკვლელის ვინაობის შესახებ ცნობილი იყო მხედრიონელებისთვის და მათი ლიდერის, ჯაბა იოსელიანისთვისაც. კულუარულ საუბრებში ეს საქმე ხშირად ირჩეოდა კიდეც. მაგრამ "მხედრიონი" და მისი ლიდერი დუმდა. 

ცნობილია ისიც, რომ ამ ხმაურიანი მკვლელობის გარჩევა ორი მეგობრის პანაშვიდებზეც მოხდა. „ის“, ვინც აივნიდან დაინახეს, ყველას სასტიკად დაემუქრა - თუ მის სახელს ახსენებდნენ, იგივე ელოდათ...

მკვლელობა მკვლელობის კვალს შლის...

შატბერაშვილის ქუჩაზე გამართული „ბოევიკის“ მოწმე გახდა კიდევ ერთი პირი, მხედრიონელი კახა ლელაძე, იგივე „მუსტო“,  რომელიც თავდასხმის მომენტში ზაზა ვეფხვაძის კორპუსის აივანზე იდგა და ყველაფერი დაინახა. მხედრიონელებში პირველმა სწორედ მან დაასახელა მკვლელის ვინაობა. 

მალე თავადაც მოკლეს.

ამბობენ, რომ კახა ლელაძე საკუთარ მკვლელსაც კარგად იცნობდა.

იგი მისსავე სახლში სამ მეგობართან (ზვიად საღინაძე, პაატა “ზანგო” მომცემლიძესა და გიო წერეთელთან) ერთად იპოვეს მოკლული. არც ერთ მათგანს მდგომარეობა შეცვლილი არ ჰქონდა - ცოცხლებივით ისხდნენ ჩართული ტელევიზორის წინ. ერთს ჩაის ფინჯანზეც კი შერჩენოდა ხელი. დასკვნა ერთი გამოიტანეს - ოთხივე შესანიშნავად იცნობდა და არ გაჰკვირვებიათ ოთახში შესვლა ადამიანისა, რომელმაც საბოლოოდ, მაყუჩიანი იარაღით დახოცა ისინი. ისე, რომ გვერდით ოთახში მყოფ "მუსტოს" ოჯახის წევრებსაც არაფერი გაუგიათ.

იყო კიდევ ერთი მოწმე - მხედრიონელი დათო ხაჟომია. მკვლელობის დროს ის შემთხვევის ადგილას იყო და ყველაფერი დაინახა. დათო ხაჟომიამაც დაასახელა მკვლელი. როგორც ამბობენ, ისიც, სხვათა მსგავსად, ტერორის ობიექტად იქცა და იძულებული გახდა თბილისიდან სამეგრელოში გადასახლებულიყო.

თუმცა, დათო ხაჟომიას, წლების შემდეგ, კიდევ მოუწია ამ მკვლელობაზე დეტალურად საუბარი და მალევე, გაურკვეველ ვითარებაში, ორთაჭალის ციხეში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ის მოწამლეს...

ხუთი წლის შემდეგ გახსნილი მკვლელობა

"1993 წლის 22 დეკემბერს, დილის 9 საათზე წყნეთიდან ჩამოვედი ზაზა ვეფხვაძესთან სახლში, შატბერაშვილის ქუჩაზე. ვსაუბრობდით, რომ უნდა მივსულიყავი ე.წ. აფრიკაში ერთ-ერთ ორგანიზაციაში და იქიდან უნდა წამომეღო სამშენებლო ბლოკი სვანაძის მშენებარე სახლისთვის. გია, ზაზა და თენგიზ ჩანტლაძე მიდიოდნენ მინისტრთა საბჭოში ოთარ ფაცაციასთან, როგორც საუბრიდან შევიტყვე, უნდა მოეგვარებინათ თამბაქოს ფაბრიკის დირექტორის ვაკანტურ ადგილზე თუ ვინ უნდა დაენიშნათ. 

ზაზასთან მოსული ვიყავი ჩემი "ვაზ 21-21" მარკის ავტომანქანით. როდესაც მანქანა დავაყენე, იქვე იდგა “06" მარკის ავტომანქანა, ვის ეკუთვნოდა არ ვიცი, ხოლო მის უკან - ზაზას მანქანა.

ჩემი მისვლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვეფხვაძის ბინიდან ოთხივე ერთად გამოვედით, მე მივედი მანქანასთან და დავიწყე მოძრაობა შატბერაშვილის ქუჩის მიმართულებით, სადაც უნდა მომებრუნებინა მანქანა და უკან გავყოლოდი სვანაძის მანქანას. გიამ, მახსოვს, ადგილზე დაიწყო მანქანის მობრუნება და როცა გავედი 20-30 მეტრ მანძილზე, შემომესმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ხმა, სროლა მიმდინარეობდა რამდენიმე წამი და ისროდა რამდენიმე ავტომატი.

როდესაც მოვტრიალდი და დავინახე, რომ სვანაძის მანქანა ნახევრად ამობრუნებული იყო და მის წინ იდგა სამი პიროვნება, რომლებსაც ავტომატები ეჭირათ ხელში.

სამი პიროვნებიდან ერთი იყო მაღალი, სუსტი, ეცვა შავი ფერის ტანსაცმელი, მეორე იყო საშუალო ტანის, ხოლო მესამეს ეცვა ჯინსის „კურტკა“ და მუქი ფერის შარვალი. ისინი ჩემკენ მობრუნდნენ, რა დროსაც მე ისინი ვიცანი... ერთ-ერთი იყო ჟორიკა, იგივე გიორგი რურუა... სამივემ ჩამოუშვეს ავტომატები და ნელი ნაბიჯით ჩაუყვნენ შატბერაშვილის ქუჩას, სადაც ელოდებოდათ თეთრი ფერის „09“ მარკის ავტომანქანა. ისინი ჩასხდნენ და გაემართნენ მრგვალი ბაღის მიმართულებით. როდესაც შევნიშნე, რომ მკვლელები თვალს მიეფარნენ, გავაჩერე ავტომანქანა და მივედი სვანაძის მანქანასთან, საიდანაც გადმოვიყვანე ბიჭები, რომლებიც ფაქტობრივად, მკვდრები იყვნენ. ზაზა ჩავისვი მანქანაშიდა მივიყვანე მე-9 საავადმყოფოში, იქვე გარდაიცვალა."

ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ დათო ხაჟომიამ, რომელიც სხვა დანაშაულისთვის იყო დაპატიმრებული, სამართალდამცველებს ეს ჩვენება მისცა. მაშასადამე, გახმაურებული მკვლელობა გაიხსნა. თუმცა, როგორც გითხარით, მთავარი მოწმე ორთაჭალის ციხეში გაურკვეველი მიზეზით მოულოდნელად გარდაიცვალა. არაოფიციალურად კი - ის მოკლეს.

დათო ხაჟომიას სიკვდილი იმას ნიშნავდა, რომ გახსნილად გამოცხადებული ვეფხვაძე-სვანაძის საქმე კვლავ დაიხურა და კვლავ თაროზე შემოიდო - ერთადერთი თვითმხილველი მოწმის გარდაცვალების მოტივით.  

გამოძალვაში ბრალდებული

შსს-ს თბილისის სარეგისტრაციო-საგამოცდო (საპასპორტოსა და მართვის მოწმობების) განყოფილების ყოფილმა უფროსმა თორნიკე აფაქიძემ, მას შემდეგ, რაც „მხედრიონს“ ძალაუფლება გამოაცალეს და მისი ყველა ლიდერი დაპატიმრებული ან ქვეყნიდან გაქცეული იყო, პროკურატურას მიმართა და ჟორიკა (გიორგი) რურუა გატაცებასა და გამოძალვაში დაადანაშაულა. განაცხადა, 1993 წლის 15 სექტემბერს მხედრიონელებმა ლისის ტბაზე გამიტაცეს,  ხეზე მიმაბეს, დახვრეტის იმიტაცია მომიწყვეს, მცემეს და 100 000 დოლარის მიტანა მომთხოვესო.

ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დააკავს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. არადა, დაკავებული ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო

თორნიკე აფაქიძემ ერთ-ერთ გამტაცებლად დათო ხაჟომია დაასახელა (სწორედ ამ ფაქტის გამო მოხვდა ის ციხეში, სადაც ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობა გახსნა). 

თორნიკე აფაქიძემ  ჟორიკა რურუა მთავარ მოქმედ გმირად დაასახელა და მისთვის წაყენებული ერთადერთი ბრალდების საფუძველიც სწორედ თორნიკე აფაქიძის საქმე გახდა.

წითელი ცირკულარით ძებნილი უდანაშაულო

ჟორიკა რურუამ 1995 წელს დატოვა საქართველო და მას შემდეგ, რაც თორნიკე აფაქიძემ იჩივლა - 1997 წლიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა.     

2000  წელს ის ამერიკაში დააპატიმრეს. 2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო.

ინტერპოლის მიერ ძალადობით თანხის გამოძალვისთვის ძებნილი გიორგი რურუა 2000 წლის 26 ივნისს ამერიკიდან  საქართველოში იყო ექსტრადირებული. თუმცა, მან საპატიმრო მალევე დატოვა, რადგანაც, დაზარალებულმა, რომელიც მას წლების მანძილზე თანხის გამოძალვაში ამხელდა, ჩვენება შეცვალა (თუ შეაცვლევინეს). თორნიკე აფაქიძემ განაცხადა, შემეშალა, ეს არ არის ის პიროვნება, ვინც ჩემს გატაცებასა და თანხის გამოძალვაში მონაწილეობდაო. შესაბამისად, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, რადგანაც, მომჩივანი აღარ არსებობდა, ჟორიკა რურუას ბრალდება მოეხსნა და ის გაათავისუფლეს.

„კრიმინალურიდან“ პოლიტპატიმრის სტატუსამდე

გიორგი რურუა ხლა ბიზნესმენია, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილე.  იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაშია ბრალდებული და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

გაერთიანებული ოპოზიციისთვის ის პოლიტპატიმარია და ამ სტატუსით პატიმრობიდან მის გათავისუფლებას დაჟინებით ითხოვენ. როგორც ამბობენ, მედიატორი ელჩების მონაწილეობით გაფორმებული 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მისი გათავისუფლებაცაა.

27 წლის შემდეგ დაძლეული შიში

ცოტა ხნის წინ ზაზა ვეფხვაძის ოჯახმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და 27 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიება მოითხოვა. ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობის უკვე ერთადერთი მოწმე  - ზაზა ვეფხვაძის ცოლი მაია ვეფხვაძე სამართალდამცველებს დეტალურად მოუთხრობს, რა მოხდა 1993 წლის 22 დეკემბერს შატბერაშვილის ქუჩაზე.


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 









 


 


 


 


 


 


 


 


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი