დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განიხილავენ.
როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, გასული წლის ბოლოს ფასების ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში, როგორც პროგნოზირებული იყო, ინფლაციამ შემცირება დაიწყო.
მისივე თქმით, თუმცა, პანდემიისაგან გამოწვეულმა ახალმა შოკმა, თავისი გავლენა ფასებზეც მოახდინა.
„დოლარიზაციის პირობებში ეკონომიკა უფრო მერყევი და მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, რაც, საბოლოოდ, უფრო დაბალ შემოსავლებსა და მაღალ უმუშევრობაში აისახება. ფინანსური სექტორის დოლარიზაცია, პირველ რიგში, პრობლემებს უქმნის დოლარის მსესხებლებს და, ამავდროულად, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკაზე. შესაბამისად, ზარალდება მოსახლეობის ყველა სეგმენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც სესხი საერთოდ არ აქვს.
ასეთი მაღალი და ფუნდამენტური რისკების გამო, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია დოლარიზაციასთან გამკლავება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, გავააქტიურეთ რეფორმები ამ მხრივ, მაგრამ სასურველ შედეგამდე ჯერ კვლავ შორს ვართ. თუმცა, როგორც ადრეც მითქვამს, ეს გრძლევადიანი პროცესია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დედოლარიზაციის ტენდენცია 2019 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების, ასევე დეპოზიტების სტატისტიკაში.
„თუმცა, წლის მეორე ნახევარში, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებისა და გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მთლიანი დეპოზიტების დედოლარიზაციის ტემპი შენელდა. მთლიანობაში, წლის განმავლობაში დეპოზიტების დოლარიზაცია გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 64.1 პროცენტს გაუტოლდა, სესხების დოლარიზაცია, ასევე გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 55.1 პროცენტი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელს, ის 2019 წლის განმავლობაში 49.4 პროცენტიდან 42.8 პროცენტამდე შემცირდა,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |