
ქართულ საზოგადოებას ეშინია არა სანქციების, არამედ ეშინია საბჭოთა კავშირის. ჩვენ ვხედავთ საბჭოთა კავშირის სტილით მოაზროვნე ადამიანებს ევროპარლამენტში თუ სხვა ასეთ ფორმატებში და ეს არის, რაც ჩვენ გვაშინებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ესპანელისთვის, იტალიელისთვის, ჰოლანდიელისთვის შეიძლება ეს თვალშისაცემი არ არის იმიტომ, რომ მათ არ იციან, საბჭოთა კავშირი იციან მედიებიდან და არ იციან ეს რას ნიშნავს. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, ვიცით ჩვენ და ამ სიმპტომებს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი და ის თუ რას ნიშნავს საბჭოთა კავშირის აზროვნების სტილი, ამას ჩვენ ვხედავთ პირდაპირ. ამისი გვეშინია ჩვენ, რომ საბჭოთა სტილის ნიშნებს ვხედავთ, რომლებიც სხვადასხვა ევროპულ ბიუროკრატიის თუ პოლიტიკური ჯგუფის ქმედებებში ძალიან ადვილად ჩანს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სანქციების თემა, ქონების ჩამორთმევის თემა, კონფისკაციები და ექსპროპრიაციები სწორედ საბჭოთა სტილია. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის ნაწილი იყო, შესაბამისად ზოგიერთი ადამიანის სტილში პირდაპირი იდეოლოგიური მემკვიდრეობა ჩანს.
„პრობლემა იმაში არის, რომ ვინც ამ აზროვნებაში შედის, ის ტოტალიტარიზმში შედის და ამ ტოტალიტარიზმის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში, როდესაც ვხედავთ აბსოლუტურ ყრუ კედელს ქართველი ხალხის მიმართ, არ აინტერესებთ ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს ქართველი ხალხი და მისი მოსაზრება, მისი არჩევანი. არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება უნდათ ხელისუფლებაში და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს.
პირდაპირ დღისით-მზისით გვეუბნებიან, რომ მილიონ ორასი ათასი საქართველოს მოქალაქე კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისთვის არაფერს ნიშნავს. განსაკუთრებით ბალტიელები გამოირჩევიან ამით. არ ვიცი რა დავუშავეთ საბჭოთა კავშირის დროს, რომ ასეთი სიძულვილი აქვს ზოგიერთს ბალტიისპირეთის პოლიტიკურ ელიტაში ქართველი ხალხის მიმართ. მართლაც, გამოხატული სიძულვილია ქართველი ხალხის მიმართ ზოგიერთი ბალტიელი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც არ გვეშვება, რომ რამენაირად დაგვაზიანოს. ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე წლებია არ გვეშვება, სააკაშვილს და მის ხელისუფლებაში მოყვანას უნდა, რომ გადააყოლოს ყველაფერი ამ ქვეყანაში, პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ძირგამომთხრელი ქმედებები უნდა რომ განახორციელოს, ამიტომ ამისი გვეშინია ჩვენ, გვეშინია საბჭოთა კავშირისა და ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ ევროპაში ზოგიერთი ძალიან ემსგავსება უკვე საბჭოთა ბიუროკრატს, საბჭოთა პოლიტიკოსს, საბჭოთა დიპლომატს და ზოგადად საბჭოთა ადამიანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |