
მსოფლიო, როგორიც ვიცოდით, დასრულდა, არავინაა მოგებული სავაჭრო ომში“, -ამ სათაურით „ტელეგრაფში“ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანეთის პრემიერი წერს, რომ ის დაეხმარება და დაიცავს ბიზნესს ქარიშხლისგან, რომელიც ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფებით იქნება გამოწვეული და მხარს დაუჭერს ყველაზე მეტად დაზარალებულ სფეროებს.
სტარმერი ასევე აღნიშნავს, რომ დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და მთავრობა ჩაერევა ადამიანების სამუშაო ადგილების დაცვაში.
„ზოგიერთს შეიძლება, უსიამოვნოდ მოეჩვენოს. იდეა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებაში, ხშირად დაცინვის საგანი იყო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ჩავებღაუჭებით ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება. ზომები შეიძლება, მოიცავდეს საგანგებო რეფორმებს, რომლებიც მიმართულია რეგულირების სფეროში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისკენ, ასევე მიზნობრივ საგადასახადო შეღავათებს პრობლემური ეკონომიკური სექტორების დასახმარებლად. ამ კვირაში ჩვენ დავაჩქარებთ გეგმებს, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენ შიდა კონკურენტუნარიანობას, რათა ნაკლებად მოწყვლადები ვიყოთ მსგავსი გლობალური რყევების მიმართ“, – დაწერა სტარმერმა.
მან ასევე დაუშვა აშშ-სთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გადახედვის თაობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ სამყარო შეიცვალა და ძველი ვარაუდები აღარ შეიძლება, აღიქმებოდეს ცხადად.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |