
აშშ-მა ჩინეთში მომუშავე სამთავრობო პერსონალს ჩინეთის მოქალაქეებთან რომანტიკული ან სექსუალური ურთიერთობა აუკრძალა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ამერიკული გამოცემის ცნობით, აკრძალვა ასევე ეხებათ სამთავრობო უწყების თანამშრომლების ოჯახის წევრებს და კონტრაქტორებს.
გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ამერიკულ სააგენტოს უკვე ჰქონდა მკაცრი წესები ასეთ ურთიერთობებზე, აბსოლუტური „არამეგობრობის“ პოლიტიკა ცივი ომის დასრულების შემდეგ საჯაროდ არ გაჟღერებულა.
„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ იშვიათი არაა სხვა ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატების ურთიერთობა ადგილობრივებთან და მათთან ქორწინებაც კი.
ახალი პოლიტიკა მოიცავს აშშ-ის მისიებს მატერიკულ ჩინეთში, მათ შორის საელჩოს პეკინში და საკონსულოებს გუანჯოუში, შანხაიში, შენიანგსა და ვუჰანში, ასევე ამერიკის საკონსულოს ნახევრად ავტონომიურ ტერიტორიაზე, ჰონგ კონგში. ვინც დაარღვევს პოლიტიკას, დაევალება, დაუყოვნებლივ დატოვოს ჩინეთი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |