
ადამიანს ჰქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთთან ტექნიკური საკითხები აქვს შესაჯერებელი.
„დროა, დეტალიზება მოხდე ამ მოთხოვნების, რადგან მოთხოვნები, რომლებიც დეტალიზებული არ არის, უფრო სურვილებს ემსგავსება. ამიტომ გასარკვევი გვაქვს, ვის ხელში ტარდება, როგორ ტარდება არჩევნები, მოლაპარაკების საფუძველით ხდება, რევოლუციის სახით ხდება, როგორ ხდება. ჩვენ ახლა რევოლუციების გადატანის უნარი არ გვაქვს, რადგან ხიფათებია ჩვენ გარშემო. ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ეს ძალა, რაც არის რუსთაველის გამზირზე, და ზოგადად, რუსთაველის გამზირია ახლა პოლიტიკური პროცესი საქართველოში, გარე ფაქტორები, აგერ ვუყურებთ, სერბეთში, სლოვაკეთში რა ხდება, უნგრეთში რა ხდება, გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის ნაწილი ჩვენც ვართ. უნგრეთი ერთი ნაბიჯით გვისწრებს წინ, მათ ლიდერი გამოუჩნდათ უკვე, ახალგაზრდა ლიდერი, სერბებსაც ჰყავთ ლიდერი. ჩვენთან ლიდერობის საკითხი ტაბუდადებული თემაა, ყველა თავს არიდებს.
ლიდერი მაინც და მაინც ერთ პერსონას კი არ ნიშნავს, ის შეიძლება ადამიანების ჯგუფი იყოს. გადაწყვეტილებების მიმღები ვინ არის. ადამიანს ქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს, ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ თქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. პრეზიდენტი რომ გერქვას, პრეზიდენტივით უნდა იქცეოდე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდე, თუნდაც იმ შეზღუდული კონსტიტუციით, რა შეზღუდვებიც აქვს დღევანდელ საპრეზიდენტო ინსტიტუტსს. 109-ე დღეა, ეს ნიშნავს გამძლეობას, შეუპოვრობას ქართველი ხალხის, მაგრამ 109-ე დღეზე შედეგი უნდა იყოს, ხომ?. რა გვინდა, რა უნდა რუსთაველის გამზირს, რა შეკვეთას აკეთებს, როგორ იქცევიან პოლიტიკური პარტიები. ყბადაღებული ერთიანობა, ყველა იძახის, უპრეცედენტო ერთიანობა, რაში გამოიხატება, არაფერზე შეთანხმებული არ ვართ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ხალხის გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ოპოზიცია შესაძლოა, პარლამენტში შესულიყო.
„ხალხის შეკვეთაა, რომ ჩვენ პარლამენტში არ ვზივართ, თორემ ეს გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ვიყოთ გულწრფელები, შეიძლება შესულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ეს გამოსვლები რომ არ დაწყებულიყო და ეს გამოსვლები არჩევნების გაყალბების გამო კი არ დაწყებულა, ეს გამოიწვია კობახიძის ბრიყვულმა განცხადებამ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია.
„შორიდან რომ გამოანათებ პირიმზესავით და ორ თვეში ერთხელ გამოჩნდები, რაღაც იდეას გამოაცხადებ და თან სურვილი გაქვს, ამ ყველაფრის უფროსი იყო, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს, ვადასტურებ მისი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემას, მაგრამ მისი პოზიციები ძალიან სუსტია უკვე“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას“, – სანიკიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა.
„მე შემოვუგდე? პროვოკატორი ვარ? და ჩემნაირებმა ქალბატონ სალომეს, რომელიც ახლა ეცნობა თავის სამშობლოს? ესეიგი, ჩვენ პროვოკატორები ვართ, დავუშვათ. კოორდინაცია რაში გამოიხატება, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეში შეთანხმება არის? რამეს მოაბა ამ ქალმა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა. არ არის ასე? თუ რამე ვალი გვაქვს ამ ქალის? ამიტომ, გამოფხიზლდეს ყველა, მე იმიტომ დავანებე პოლიტიკას თავი, რომ ეს პოზიცია სჯობია ახლა ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც. რაც არ მომეწონება, ვიტყვი, არაფერს და არავის ანგარიშს არ გავუწევ უკვე, რადგან ჩვენს სამშობლოზე, ჩვენი შვილების სამშობლოზე და მომავალზეა საუბარი. უნდა დაიმსახურო ლიდერობა. ძალიან რთულია საქართველოში ლიდერობა და ერის წინამძღოლობა. ხშირად სიკვდილ-სიცოცხლეზე გადის. მთელი ჩვენი ისტორია ამაზე მეტყველებს. ეს შეწირულების ქვეყანაა. შეკითხვებს კი არ უნდა გავექცეთ და გადავადებაზე კი არ უნდა ვიჩალიჩოთ, რომ ახლა ამის დრო არ არის, მაშინ ვინმემ მითხრას, როდის დადგება ამის დრო? როცა აქციები დაიწყო, პირველი ერთი თვე, თვეზე მეტი ხელისუფლებას ეშინოდა ამ აქციების, ახლა აღარ ეშინია. გავახსენოთ შიში. მეც ვამთავრებ ყბადაღებული ერთიანობის თემას, რადგან ბევრმა ვერ გაიგო, რას ვგულისხმობ, ვიღაცას ჰგონია, რომ საერთო სიას ვგულისხმობ. რა დროის საერთო სიაა, ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. ერთიანობას როცა ვამბობ, ვგულისხმობ, პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო კონსოლიდირება, ოპოზიციის და საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანების კონსოლიდაცია, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს გაივლიდნენ. რომ ვითხოვთ ამ არჩევნებს, როგორ არჩევნებს ვითხოვთ, რანაირად ვითხოვთ, ვინ ნიშნავს ამ არჩევნებს, როგორ ინიშნება ეს არჩევნები? ამ მთავრობის ხელში ტარდება, ტექნიკური მთავრობა უნდა მოვიდეს, თუ კოალიციური მთავრობა, თუ შეთანხმება უნდა მოხდეს. თუ შეთანხმება არ უნდა მოხდეს, მაშინ გამწვავება უნდა მოჰყვეს ამას“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |