
ევროპა არ იყო მომხრე, რომ ეს ომი დასრულდეს და არც ახლაა მომხრე, მაგრამ მათ სხვა გზა არ აქვთ და წინ ვერ უდგებიან ტრამპის ძალასა და სურვილს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
კითხვაზე, უკრაინაში ომის დასრულების საკითხში რა როლი და ფუნქცია აქვს ევროპას, ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ევროპას აქვს ნეგატიური როლი და ეს ყველაფერში თვალნათლივ ჩანს“.
მისივე თქმით, ევროპაში ასევე არიან ადამიანები, რომელთაც ერთი სული აქვთ, რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები განაახლონ, რომელიც შესაძლოა, არალეგალურად შეწყვეტილი არც ყოფილა.
„დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ერთგვარი რიგიც კი დგას - არიქა, რუსეთში როდის შევარდებიან და როდის განაახლებს სხვადასხვა ფირმა მუშაობას, მაგრამ ამ ყოველივეს ჰყავს ხელის შემშლელი ადამიანთა ჯგუფები, პოლიტიკოსები და ეს არის, მოდით, ასე დავარქვათ - „დიფ სთეითის“ ევროპული ფილიალი, რომელსაც ეს ყველაფერი არ აწყობს ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე, რადგან ომში ისინი უფრო მეტ ფულს შოულობდნენ, ვიდრე მომავალში იშოვიან. ომის შედეგად ისინი უფრო მეტად იყვნენ გაყოყოჩებული და თავიანთ რაღაც პოლიტიკურ შეთავაზებებს უკეთებდნენ ლამის მთელს ევროპას და მათ შორის, გნებავთ, ჩვენი შემთხვევაც გავიხსენოთ, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ უკვე მათ ეს საკითხი ასე ადვილად არ ექნებათ გასაკეთებელი და გადასაწყვეტი.
ვხედავთ, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ევროპაში და არჩევნების შედეგად როგორ შეიძლება შეიცვალოს გარკვეული ლიდერშიპი, რაც ევროპაშია და რომელიც „დიფ სთეითს“ წარმოადგენს. ამიტომ ეს შეთანხმება, რასაც დღეს მოეწერება ხელი, მთავარი წინაპირობაა და გარანტია ტრამპისთვის, რომ უკრაინელები უფრო ჭკუით მოიქცევიან. უკრაინელებს როდესაც ვამბობ, ცხადია, უბრალო ხალხს მე არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ ზელენსკის, ადამიანს, რომელმაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მისი ქვეყანა განადგურებულიყო. ახლა აქვს ერთადერთი შანსი, რომ მის ბიოგრაფიაში ჩაიწეროს ოდნავ გონივრული ნაბიჯი, თუკი ომის შეწყვეტას დათანხმდება“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |