ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს, რადგანაც მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს, თუ როგორ მოხდება მზია ამაღლობელის დაკითხვის შემსწრე პირების გამოკითხვა, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მე-5 დაწესებულებაში მოინახულა, ის თავს მხნედ გრძნობს და აგრძელებს ბრძოლას.
„მოვინახულეთ მზია ამაღლობელი მე-5 დაწესებულებაში. დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებით. საუბარია მისი დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების არაერთ ფაქტზე, რომელიც მოხდა, როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე პოლიციის განყოფილების შენობაში. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე მყოფმა სხვა პოლიციის თანამშრომლებმა ის რამდენჯერმე შეაკავეს და თავიდან აირიდეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევა, რომელსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი დგებუაძეს მიეცემოდა ამის შესაძლებლობა. ასევე, ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა წყლის დალევის, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომელსაც სჭირდება სასწრაფო გამოძიება. ეს ადასტურებს არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რომელიც ექვემდებარება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებას და ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, რომ სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიოს ეს შემთხვევა“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.
„ასევე, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს, რადგანაც მას სამსახურებრივად შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ გამოძიების ფარგლებზე, მათ შორის იმაზე, როგორ მოხდება ამ ფაქტის შემსწრე პირების გამოკითხვა და მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ამ ფაქტებზე დროული გამოძიების პირობებში სათანადო კვალიფიკაციით მოახდინოს რეაგირება და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძეს. სხვა მხრივ მზია თავს მხნედ გრძნობს და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას ამ საქმეზე“, – განაცხადა ნონა ქუროდვანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |