8
15 იანვარი 2025, 15:10
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე მეხამრიდის როლს ასრულებდა, ახლა საქართველოს საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის სიმბოლო გახდა.
ის თავისი პატრონების დროშით ცვლილებების და რეფორმების ინიციატივით გამოდის, მაგრამ ეს ლამაზი რიტორიკა რომ მოაშოროთ, აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში მისი მიზანია სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთი ცხელი წერტილის შექმნა“. ამის შესახებ აზერბაიჯანელი ექსპერტი ალჩინ ალიოღლუ წერს სტატიაში „ზურაბიშვილი - ვაშინგტონის ხელში ახალი პაიკი“.
„ზურაბიშვილი პარიზში დაიბადა და ის საფრანგეთში დიპლომატად მუშაობდა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს და დასავლეთს შორის იდეალური ხიდი შეიძლებოდა გამხდარიყო. მაგრამ ისე მოხდა, რომ დიპლომატიდან ის ვაშინგტონის რუპორად გადაიქცა. მაკკეინის ინსტიტუტის გადაწყვეტილება, რომელმაც მას სტიპენდია დაუნიშნა, უბრალოდ რეზიუმეში ჩანაწერი არ არის, ეს არის მტკიცებულება, რომ ზურაბიშვილი აშშ-ის პოლიტიკის რუპორის როლს ასრულებს. რიგგარეშე არჩევნები, სანქციები - ეს არის აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის თეზისები.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ ყაველაშვილის გამარჯვება არ აღიარა, დეჟავიუს შთაბეჭდილებას ქმნის. ისტორიაში არაერთი თვითმარქვია ლიდერი ყოფილა. ახლა კი ამას ნატოს და ევროკავშირის დროშებით ამოფარებული ადამიანი აკეთებს. ის თავს საქართველოს „ჭეშმარიტ ლიდერს“ უწოდებს და მასების გაერთიანებას ცდილობს. რეალურად კი ქუჩაში რამდენიმე ასეულ ადამიანს ძლივს აგროვებს, რაც აჩვენებს, თუ რამდენად შორს არის მისი დღის წესრიგი იმისგან, რაც ქართველებს რეალურად სურთ.
თუ დასავლეთი ყოველთვის მხარს უჭერდა დემოკრატიას, მაშინ რატომ აიგნორებს ის საქართველოში უმრავლესობის პოზიციას? ამ შეკითხვის ფასი ალბათ მილიონ დოლარს აღწევს.
ვიდრე ზურაბიშვილი ხმაურობს, ბრიუსელი და ვაშინგტონი ვითარებას ამწვავებენ. ევროპარლამენტი, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლელი ჩინოვნიკები საქართველოში რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და სანქციებით იმუქრებიან. მიზანი - საქართველოს ისტორიის შეცვლა და მოსკოვის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა.
მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, ამ თამაშს არ თამაშობს. მათ ხაზი გაავლეს და მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე საქართველოს მიერ პაიკის როლის შესრულებას ეწინააღმდეგებიან.
ზურაბიშვილი უცხოური ჩარევის სიმბოლო კი გახდა, მაგრამ საქართველო დანებებას არ აპირებს. ქვეყანა თავის ძალას აჩვენებს და გარე საფრთხეებს და მანიპულაციებს მტკიცედ აღუდგა. სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ტრენდული სიტყვა, ეს ქართული იდენტობის საფუძველია და დასავლეთის მიერ ხელის გადაგრეხის არანაირი მცდელობა ამ საძირკველს ვერ დაანგრევს.
სრულიად ნათელია: საქართველოს აღარ სურს იყოს საწვრთნელი პოლიგონი ვიღაცის ამბიციებისთვის. ეს არის დასავლური სტრატეგიების და ქართული სიმტკიცის დაპირისპირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამ ზეწოლას აშშ-ის Deep State-ს უკავშირებს. საქართველოს შიგნით ამ ნარატივის მამოძრავებელი ძალაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობის ნამსხვრევია.
„ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რასაც დემოკრატიის დაცვას უწოდებენ, სინამდვილეში ჩვენს მიერ მშვიდობაზე უარის თქმაა უცხოეთის ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ. ამას კი არ დავუშვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო დღეს უახლესი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ ყველზე რთულ ეტაპს გადის. მას სურს დაიცვას სუვერენიტეტი, რომელზეც უცხოეთი პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს. ოპოზიცია, რომელსაც დასავლეთიდან ძალები მხარს უჭერენ, სურს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია და კონფრონტაციული დღის წესრიგის აღზევება. ქართველი ხალხი კი, რომელიც უცხო ქვეყნების ჩარევით და წინასწარ დაწერილი ნარატივებით დაიღალა, ახლა მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ნაციონალურ ინტერესებს იცავს.
სალომე ზურაბიშვილის საჯარო განცხადებები - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, წინა კონფლიქტების გამართლება და ანტირუსული რიტორიკის გაძლიერება - არის ვაშინგტონის მიერ დაწერილი დღის წესრიგის გაჟღერება.
წინ ჩვენ კოლოსალური გამოწვევები გველის. დიდი ქვეყნების ამბიციებთან ნაციონალური ინტერესების დაპირისპირება - ნამდვილი გმირობაა. შეძლებს თუ არა ამას საქართველო - რთული სათქმელია. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი და დამოუკიდებელი მომავლის შექმნას ცდილობს.
საქართველოს გზავნილია, რომ მისი სუვერენიტეტი დასახურდავებელი მონეტა არ არის. ამ ფასეულობის დათმობას ქართველი ხალხი არ აპირებს. საკუთარი ბედის ფორმირების მზადყოფნა ამ უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად იმის შეხსენებაა, რომ პატარა ქვეყნებსაც კი გლობალური ძალების ზეწოლის გაძლება შეუძლიათ“, - წერს ალჩინ ალიოღლუ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |