5
15 იანვარი 2025, 13:01
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა და გოგონათა სპორტის სახეობებში ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობას კრძალავს. შესაბამის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 218 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 206 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივას რესპუბლიკელებთან ერთად, ორმა დემოკრატმა კანონმდებელმაც დაუჭირა მხარი.
წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა სპიკერი მაიკ ჯონსონი.
„დღეს არის დიდებული დღე ამერიკაში, რადგან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა დაამტკიცეს „სპორტში ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი“, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კაცებმა ვერ მიიღონ მონაწილეობა ქალთა სპორტში. კაცები არიან კაცები და ქალები არიან ქალები. კაცები ვერ გახდებიან ქალები. ეს მარტივია“, – დაწერა ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში.
საკანონმდებლო ინიციატივას ახლა სენატში უნდა უყარონ კენჭი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში აღნიშნულ კანონპროექტს უყარეს კენჭი. კონგრესის წინა სესიაზე, წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტი 219 ხმით 203-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, თუმცა ინიციატივა სენატში ჩავარდა, სადაც მაშინ უმრავლესობას დემოკრატები ფლობდნენ. კანონპროექტი კრძალავს ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი ქალებისა და გოგონების ქალთა სპორტის სახეობებში მონაწილეობას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |