საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
უკრაინის საკითხზე რამშტაინის ფორმატის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. რამშტაინის ფორმატის 25-ე შეხვედრაზე ლოიდ ოსტინთან ერთად სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის გადაუდებელ და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინისთვის შემდგომი დახმარების პაკეტზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრაში ბოლოჯერ მონაწილეობს.
რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |