„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება.
„კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.
ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.
ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან „დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით - „ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც „ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.
ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ „დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება.
თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ - ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.
საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს“, - აღნიშნულია განვცხადებაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |