ამერიკაში პოლიტიკოსთა წრეა, რომლის მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ადმინისტრაციაში. მათ ეს დაუოკებელი სურვილი აქვთ და ხშირ შემთხვევაში, ეს სურვილი მათი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებების კომენტირებისას.
მისი თქმით, გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია აქვთ და ამას უფრო მეტად „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყობთ, თუ საიდან მოდის უილსონის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა ტრამპზე საუბრისას აღნიშნა, ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის ფასეულობებია, რის გარშემოც საუბრობდა და იბრძოდა „ქართული ოცნება“. ანალოგიურ პოლიტიკურ შეხედულებებს და პოზიციებს ტრამპი ახმოვანებს. ამიტომ საუბარია ამ ფასეულობათა დამთხვევაზე და არა იმაზე, რომ ტრამპი საქართველოსთვის მოწოდებულია განსაკუთრებული დაახლოებისკენ ან საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ. ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |