ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. ამის გამო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება, დაბულინგება გაუმართლებელია, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ ვინმეს დამუნათებას, შეურაცხყოფის მიყენებას, დაკნინებას, დაბულინგებას. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი არხის ჟურნალისტია. ჟურნალისტი აკეთებს თავის საქმეს, აშუქებს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ვინმეს გაშუქებული, შეიძლება მეც არ მომწონდეს ბევრი რამე, რასაც ჩემზე საუბრობენ, მაგრამ ის ასე თვლის, მისი სარედაქციო პოლიტიკა ასეთია და ასე აკეთებს“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში პარტიების წარმომადგენლებს ერთმანეთში დიალოგის საშუალება ტელევიზიებშიც უნდა ჰქონდეთ.
„რატომ არის ქუჩაში პროტესტი? იმიტომ, რომ საკანონმდებლო ორგანოში, ტელევიზიებში არ მიდის დიალოგი ამ საკითხებზე. ეს სივრცეები უნდა არსებობდეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც არიან აქტიური ადამიანები, მათ უნდა ჰქონდეთ სივრცეები. თუმცა, რაღაცის იძულება ვინმესთვის არ არის სწორი და ამას გამართლება არ აქვს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |