სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საშიში მოვლენა უწოდა არაფორმალურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხალხს ქუჩაში თავს დაესხნენ. როგორც ლევან იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ.
„ვიხილეთ არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც ქუჩაში თავს დაესხა ადამიანებს, შიში დათესვა სცადა, ამავე დროს ვიხილეთ მეორე ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ ისინი დაიცავენ მოქალაქეებს. ეს არის ძალიან საშიში მოვლენა.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებას, ამ ყველაფერზე ჰქონდა ჯანსაღი რეაქცია, აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელს, ყველა ინსტიტუციას ჰქონდა ცალსახა რეაქცია, რომ ასეთი რამ მიუღებელია. ასეთი რამ ქვეყანას გამოვლილი აქვს, სადამდეც მიგვიყვანა ყველამ კარგად ვიცით და დღეს ამის დაშვება წარმოუდგენელია. ამიტომ არის მთავარი მოთხოვნა მიმართული საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ, რომ ასეთი ქმედებები უნდა აღიკვეთოს არა მხოლოდ დროულად, არამედ პრევენციისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. ადამიანებმა, ვინც შეეცადნენ ჩვენი მოქალაქეების ნების დათრგუნვას, დაშინებას და თავდასხმა განახორციელეს უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |