ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.ზვიად გამსახურდიას მერე, მეორეა ეს მთავრობა, რომელმაც ეროვნულ პლატფორმაზე დააყენა ეს ქვეყანა, - განაცხადა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობიმ ქადაგებისას.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სასულიერო პირები ერთვებიან და არასწორ პოზიციას აფიქსირებენ.
„ჩვენ რუსეთში არ მივდივართ, რუსეთი მტერია ჩვენი, რუსეთი არ გვინდა, მაგრამ აი ამ გეოპოლიტიკურ და მსოფლიო ვითარებაში ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ამ რთულ სიტუაციაში არ შეიძლება ჩვენ ვიღაცის მომხრე ვიყოთ. ამიტომ ჩვენ გვებრძვიან როგორც შიდა, ისე გარე მტრები. მთელი მსოფლიო საქართველოზე ლაპარაკობს. აი, ამ ჭიდილში ჩვენ სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და სწორ ადგილზე ვიდგეთ. სადაც სულიწმიდა ბრძანდება, იქ არის გონიერება. სადაც არა - იქ არის უგუნურება და უგუნურება იქაა, ვინც ამპარტავანია, სწორედ იქ ვერ მოქმედებს სულიწმიდა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა სწორედ ვიმსჯელოთ, გარჩევის და განსჯის უნარი გვქონდეს, ეკლესიურები უნდა ვიყოთ, ხედავთ მომიტინგეებს, როგორ იქცევიან, გარეგნული ქცევა შინაგანს გამოხატავს. მთავრობასაც აქვს შეცდომები, უშეცდომო არავინაა, მაგრამ ამ ორი მდგომარეობიდან სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მარხვა განსაცდელებით დაიწყო, მთელი ერი ტელევიზორშია ჩართული, უყურებს მიტინგებს, იქიდან მოდის უარყოფითი ენერგია და ამ დროს ჩვენ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, რომ ბოროტი დაითრგუნოს. ზოგიერთ ჩვენს ახალგაზრდაში გამონათებები არის, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ სოციალურ ქსელებში, მათგან სიმშვიდე მოდის. გვიხარია, რომ ისინი სწორად მსჯელობენ, გონიერები არიან. სამწუხაროა, ამ პროცესებში სასულიერო პირები რომ ერთვებიან, არასწორ პოზიციას აფიქსირებენ და ეს არის საშინელება. როგორ შეიძლება ამ შავსა და თეთრს შორის განსხვავება ვერ დაინახო?!“, - აღნიშნა მეუფემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |