გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენს ოფისში შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ივანიშვილი მშვიდობას გპირდებოდა და ომი გამოუცხადა ქართულ საზოგადოებას, ევროპას ჰპირდებოდა და რუსეთში გავიღვიძეთ. დღეს ადგილი აქვს ტოტალურ რეპრესიებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, როდესაც ადამიანებს აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავდაცვის საშუალებები, როგორიც არის ნიღბები რომ თავი დაიცვან მხუთავი აირისგან, ძალადობისგან, რასაც ვხედავთ მეშვიდე დღეა თბილისის ქუჩებში.
დღეს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში რუსული „ომონი“ შემოიჭრა სასამართლო განჩინების გარეშე, რაც არის სრული უკანონობა, არაერთხელ მოვითხოვეთ განჩინების წარდგენა, რაც არ გააკეთეს სპეცოპერაციის დამთავრების დროსაც კი. ისინი შემოვარდნენ ჩვენს ოფისში და აქ მყოფ ხუთ ახალგაზრდას ჩამოართვეს ტელეფონები, არ შემოუშვეს იურისტები და არც შემიშვეს არც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე და უფლებამოსილი პირი.
ჩხრეკის დროს არცერთი მოწმე არ იმყოფებოდა ოფისში და ჩვენი ხუთი ახალგაზრდის დაჭერის შემდეგ სამართალდამრღვევები, „ომონის“ კრიმინალური დაჯგუფება იმყოფებოდა სრულიად მარტო. მათ აქედან გაიტანეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ისევე როგორც ფიზიოლოგიური ხსნარი და სხვა სამედიცინო საშუალებები, რომელსაც ჩვენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ მედ პუნქტში ვიყენებდით ადამიანების დასახმარებლად, მაგრამ რა შემოიტანეს ეს არ ვიცით და ეჭვი გვაქვს, რომ შემოიტანეს სწორედ ის ნივთები, რომლითაც ახლა სახელმწიფო გადატრიალებას დაგვაბრალებენ. ეს არის ფალსიფიცირებული კადრები, რომელსაც თქვენ გაჩვენებენ, რომლის ავთენტურობას არავინ დავიჯერებთ და რომელიც არის სწორედ ის მეთოდი, რასაც იყენებს პუტინი და მისი მსგავსი ავტოკრატები ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. ასე გამოიყურება გარუსებული საქართველო, მაგრამ ჩვენ საქართველოს ივანიშვილს არ დავუთმობთ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |