საქართველოს ელჩმა ავსტრალიაში ბექა დვალმა ავსტრალიური ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს.
„ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს მმართველ პარტიას, ოპოზიციას და საზოგადოებას. ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ დასახულ მიზანს მივაღწიოთ“, - თქვა მან.
დიპლომატმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე ბოლო ათწლეულის მიღწევებსაც შეეხო. „გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებას. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ხოლო გასულ წელს ჩვენ კანდიდატი ქვეყანა გავხდით“, - დასძინა მან.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ელჩის მტკიცებით, დღეის მდგომარეობით ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების 50-60% შესრულებულია, ხოლო 2028 წლისთვის მთავრობა კრიტერიუმების დაახლოებით 90% ექნება შესრულებული.
თავის ინტერვიუში დვალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც შეეხო. „მთავრობამ განაცხადა, რომ ფორმალურად ჩვენი მხრიდან ევროკავშირს მივმართავთ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მხოლოდ 2028 წელს, როცა ჩვენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ფინალური ფაზისთვის მზად ვიქნებით. ევროკავშირს საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ გაფართოების შემდეგი ტალღა მხოლოდ 20230 წელს მოხდება“, - თქვა დვალმა.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ, როდის დაიხურება.
ქართველი დიპლომატი ბოლო დღეებში თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა. „საქართველო არის დემოკრატია, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, ჩვენ ვართ ადამიანს უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის ნაწილი, შესაბამისად შეკრების უფლება დაცულია, მაგრამ როცა მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივი ხდება, სამართალდამცველებს პროპორციული ძალის გამოყენება უწევთ“, - თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ელჩმა უპასუხა, რომ საარჩევნო პროცესს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდებოდა, ეუთო/ოდირმა წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ჩატარებული არჩევნები პოზიტიურად არის შეფასებული.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |