ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და უცხოური აქტორების მხრიდან ეუთო/ოდირის დასკვნის ეჭვქვეშ დაყენებაზე გააკეთა კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროპარლამენტარების მხრიდან ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნის უკან რუსული კვალის მინიშნება, საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის სურვილზე მიუთითებს.
„ოპოზიციამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იცოდა, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდა. მათ ისიც ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიანად, ამიტომ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, ეუთო/ოდირის დასკვნის გაბაიბურება.
ეუთო/ოდირი არის ძალიან გამოცდილი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შექმნილი ადმინისტრაცია, რომელიც ობიექტურად მუშაობს.
უშეცდომო არავინაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია დღეს არის სწორედ ეუთო/ოდირი.
გარკვეული ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირი ზოგიერთი არადემოკრატიული ქვეყნის გავლენის ქვეშაა, მხედველობაში რუსეთი ჰყავთ, თუმცა, აქამდე არავის უხსენებია, რომ რაიმე გავლენა ჰქონდა ეუთო/ოდირის დასკვნებზე რუსეთს. ეს ახლა გაახსენდათ? ამ განცხადებებს ევროპარლამენტარები საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობისთვის და აქაური აგენტურის წახალისებისთვის აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად უსამართლო, ტყუილებზე, ცილისწამებაზე და დეზინფორმაციაზე აგებული კამპანია,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |