7
27 ნოემბერი 2024, 17:00
ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს პროკურორმა მიანმარის დროებითი პრეზიდენტის, მინ აუნ ჰლაინის დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა. მინ აუნ ჰლაინს ბრალს სდებენ ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმური უმცირესობის, როჰინჯას წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
პროკურორ კარიმ ხანის თქმით, უახლოეს მომავალში მოითხოვს დაკავების ორდერის გაცემას მიანმარის სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართაც.
„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაჩვენებთ, რომ როჰინჯა არ იქნა დავიწყებული“, – განაცხადა კარიმ ხანმა ბანგლადეშში, ლტოლვილთა ბანაკში ვიზიტისას.
მიანმარი, ძირითადად, ბუდისტური ქვეყანაა, თუმცა მის დასავლეთის შტატში, რაკჰაინში, პაკისტანის საზღვრის გასწვრივ მუსლიმებიც ცხოვრობენ. ხელისუფლება მათ მოქალაქეებად აღიარებაზე უარს აცხადებს.
2012 წელს რელიგიური კონფლიქტის შედეგად, დაახლოებით, 100 ათასი როჰინჯა იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი. 2017 წელს კონფლიქტი განახლდა. ამის მიზეზი მიანმარის პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა გახდა. ხელისუფლებამ რაკჰაინში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც მოქალაქეებს არაერთხელ დაესხნენ თავს. შედეგად, დაახლოებით, მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, გადასახლებულიყო პაკისტანში.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ოპერაციის დროს სამხედრო და საპოლიციო ძალებს მიანმარის არმიის მთავარსარდალი, გენერალი მინ აუნ ჰლაინი ხელმძღვანელობდა.
2021 წელს მან მიანმარის სამოქალაქო მთავრობა გადააყენა და გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი დროებით პრეზიდენტად დაინიშნა. მის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს სანქციები აქვთ დაწესებული.
საერთაშორისო სისხლის სასამართლოში მიანმარის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებით კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობს. მიანმარის ხელისუფლება და რაკჰაინის ბუდისტური მოსახლეობა როჰინჯების დევნას უარყოფენ.
ცნობისთვის, მიანმარი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |