32
24 ნოემბერი 2024, 11:43
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. მიზეზი „გაზპრომთან“ მოლაპარაკების გამართვაა. თემა - დნესტრისპირეთისთვის რუსული გაზის მიწოდების საკითხი გახლავთ.
პარლიკოვი ამ ვიზიტს „მგრძნობიარე მომენტს“ უწოდებს, რადგანაც საუბარია „რუსეთში, აგრესორ ქვეყანაში“ ჩასვლაზე. მისივე განცხადებით:
„მაგრამ ასეთია ჩვენი ვარიანტები: ან მიდიხარ და განიხილავ, ან არ მიდიხარ და არ განიხილავ. თუ არ განიხილავ, ჩემი აზრით, კარგავ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობას“.
მინისტრის შეფასებით, „გაზპრომისგან“ სიცხადის მიღწევა დნესტრისპირეთის რეგიონში გაზის მიწოდების საკითხზე მნიშვნელოვანია:
„ჩვენ შევადგინეთ 12 სხვადასხვა სცენარი, თუ რა მოხდება ამა თუ იმ შემთხვევაში. ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ იმ სცენარსაც კი, რომელშიც დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული გაზის ტრანზიტი და მიწოდება შეწყდება, თუმცა ეს არ არის საუკეთესო სცენარი“.
პარლიკოვმა აღნიშნა, რომ კიშინეუ შეშფოთებულია 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობით.
„ყველამ იცის, რომ დნესტრისპირეთის რეგიონი სრულად არის დამოკიდებული ამ გაზზე. თუ არ იქნება ეს დე ფაქტო უფასო მიწოდება, რეგიონი ვერ იფუნქციონირებს, იქ კი ჩვენი მოქალაქეები არიან. ასევე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი, სადაც არის შეიარაღება, რუსული არმია და საბრძოლო მასალები, ქმნის გაცილებით დიდ რისკებს უსაფრთხოებისთვის რეგიონულ დონეზე“, – განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზზე და აირს ევროპულ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა „გაზპრომი“ დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდებას აგრძელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |