მამუკა ხაზარაძე - ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 22 ნოემბერი 2024, 00:22

ჩვენ განვაცხადეთ, რომ არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში, შესაბამისად, „ძლიერმა საქართველომ“ განაცხადა, რომ კანონის შესაბამისად აბარებს მანდატებს, ჩახსნის სიას. ეს არის მკაფიო, წყალი არ გაუვა. ამავე დროს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ოთხივე ოპოზიციური პარტიის ერთდროული მოქმედებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ხაზარაძეს გადაცემის წამყვანმა მიმართა, რომ „მეოთხე პარტია, გახარია არ აპირებს უფლებამოსილების შეწყვეტას და სიის ჩახსნას“, რაზეც ხაზარაძემ განაცხადა:

„ეს არის დიდი პრობლემა, მაშინ ახლავე უნდა ვთქვათ, რომ როცა ამბობ, ლეგიტიმაციას არ მივცემ პარლამენტს, ეს არის ტყუილი და იღებ პასუხისმგებლობას. სიების ჩახსნა და ბოიკოტი სხვადასხვა რაღაც არის. ბოიკოტი არ არის ლეგიტიმაციის არმიცემა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინდა, ძალიან კორექტული ვიყო. იცით, მე და ჩვენს პარტიას მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული თავდაუსხმელობის შესახებ, ბევრი ნაბიჯი გადავდგი ამისკენ, მაგრამ საკითხი ეხება ხვალინდელ დღეს. ახლა სიტყვებით გაფორმება და შემდეგ უცბად არალეგალური, მოპარული არჩევნების და „ქართული ოცნების“ „გაპრავება“ არ გამოვა. ამიტომ უნდა შევიკრიბოთ ოთხივე. მაშინ გაუგებარია, დანარჩენი სამი პარტია რატომ ტოვებს მანდატებს. ერთმანეთს და საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ. თუ ბრძოლაა, იყოს ბრძოლა ბოლომდე გულწრფელი და ხვალინდელი დღისთვის. იმაზე თუ არის ლაპარაკი, რომ ვიღაცას ხელფასი უნდა პარლამენტში, შემდეგ კომისიებში ჩაჯდომა, უცხოეთში მოგზაურობა და თან ბოიკოტში ხარ – ასე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ, ვინ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს. პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. ბოიკოტი არ არის მანდატების ჩახსნა. არავის ვაიძულებ, არც სურვილი მაქვს და არც თავს მივცემ უფლებას, ვიღაც ვაიძულო. სხვათა შორის, ქართულ პოლიტიკაში ბევრს აქვს ამისი სურვილი და მათაც მოვუწოდებ, მსგავს მეთოდებს ყველამ თავი დაანებოს. ამას მე არ ვაკეთებ. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ჟურნალისტმა მამუკა ხაზარაძეს კითხვა დაუსვა, სად არის ეს პრატიკა დამკვიდრებული, ხომ არ არის ოპოზიციაში, რაზეც ხაზარაძემ აღნიშნა:

„დიახ, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი ახლა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს მეთოდები მოძველებულია – დაბულინგება, „ფეისბუქის“ სტატუსები, ვიღაცების მოთაგვა თუ რაღაც. მოდით, ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკოთ. ყველამ გადადოს გვერდზე ბავშვობა, ზურგში მოპარვა და თითქოს რაღაც ეგოების თამაში. საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ეს მამოძრავებს მე დღეს. ან ბრძოლაში მივდივარ ბოლომდე, ან დღესვე ვიღაცამ პირდაპირ თქვას, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ პარლამენტს ვუკეთებ ლეგიტიმაციას. ნახევრად ფეხმძიმე ვითარება არ შეიძლება, იყოს. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თქვას, თუ ეს არის გულწრფელი ბრძოლა და ყველას გვინდა ახალი არჩევნები, გადავარჩინოთ ქვეყანა და იყოს სამართლიანი არჩევნები. ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. იცით, ეს პოზიცია დავაფიქსირე, განცხადებაც გვქონდა გაკეთებული – ოთხივე პარტია შევიკრიბოთ პრეზიდენტთან, პრეზიდენტი მზაობას გამოთქვამს, თუ ოთხივე პარტია მივა მასთან. ეს უკვე ფრონტია, ეს უკვე პოზიციაა, მართლა კუთხეში მიყენებაა „ქართული ოცნების“ და გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, „სინქრონი თუ არ იქნა და გახარიას პარტია არ ჩახსნის სიებს, აზრს კარგავს ამის გაკეთება თქვენგანაც?“, ხაზარაძემ აღნიშნა:

„ეს არ მითქვამს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და უნდა ავუხსნათ გახარიას პარტიას, რომ ეს არ არის ბრძოლა. მესმის, რომ მათ თავიანთი სტრატეგია აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ მას და საზოგადოებამაც მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მისმა ამომრჩეველმა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ამ ბოლო დროს მე გამოვდივარ რაღაც ყველაზე დიდი ადვოკატი გახარიასი და მისი პარტიის. დარწმუნებული ვარ, მის გუნდში მიზნის მიღწევა უნდათ, ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ კონსულტაციები უნდა გაიმართოს, ალტერნატიული სახალხო პარლამენტი უნდა გაკეთდეს, კოალიციამ და კოალიციებმა თანამშრომლობა უნდა გააუმჯობესონ. ოთხი კოალიცია უნდა ვსაუბრობდეთ ერთად საქმისთვის. ვინაიდან მოხდა პრეცედენტი ვენესუელაში, გარანტიას გაძლევთ, ეს ამბავი მოხდება საქართველოში, თუ კიდევ ერთხელ ვიქნებით თანმიმდევრულები, მტკიცენი, გვექნება კარგი კოორდინაცია ამ ოთხ ოპოზიციურ კოალიციას. სხვა რას გააკეთებს, ამას ვნახავთ, მაგრამ ახლა ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების, ახსნა-განმარტებების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე ერთად თუ არ დავდგებით და სტრატეგიაზე არ შევთანხმდებით, უბრალოდ, ქვეყანას წავაგებთ. ამიტომ, ეს საკითხი არის დისკუსიის და შეხვედრებისთვის გადადებული. ვთხოვ თქვენი ტელეეთერიდან გახარიას გუნდს და გახარიას, უახლოეს ხანში შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ, რადგან ამ საკითხში ბუნდოვანება არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაკურ ბაკურაძე: ბავშვი, რომელიც 7 ნოემბერს გვისურვებს, დგას 7 ნოემბრის შემოქმედის აქციაზე. განა ასე როგორ მოიწამლნენ, რომ მზად არიან ასეთი უბედურება უსურვონ თანამოქალაქეს?!
დავით ოქიტაშვილი აქციის მონაწილეებზე: სად იყვნენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის დროს, მარიკა ლორთქიფანიძე და რამდენიმე პროფესორი ოთახში გამოკეტეს და კართან „ომონები“ იდგნენ, მაშინ რატომ არ იცავდნენ მათ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოქალაქე ნატალი ჭანიშვილთან ზარის განხორციელებასთან დაკავშირებით
კახა კახიშვილი: ევროპის პრეზიდენტები, პრემიერები, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბაიდენის ქებაში და ტრამპის პოლიტიკური დამარხვით, ერთმანეთის მიყოლებით შლიან „ტვიტერზე“ ძველ განცხადებებს და არ უნდათ საერთოდ გახსენება
კახა კახიშვილი: ახლა ვის ხელშია ევროპა და საერთოდ ვის ხელში ვართ ჩვენ - ფაქტობრივად ვადაგასული ქალბატონი სალომე, უკვე ფაქტია ეს, კარგა ხნის ვადაგასული ზელენსკი, ვადაგასული ბორელი და ვადაგასული ბაიდენი
არქივი