19
21 ნოემბერი 2024, 13:51
არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს - ვერ ითანამშრომლებენ, გულითაც რომ უნდოდეთ რადგან, რომ მივიდნენ პროკურატურაში, უნდა უთხრან რაღაც კონკრეტული და ვერსიაც კი არ გააჩნიათ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის უარის შეფასებისას.
„დავსვი კითხვა და ვერსიაც კი არ გააჩნიათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ უნდა გასცენ კითხვებზე პასუხები - მაგალითად ეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოგვეჩვენა თუ მართლა მოვიდა? რიგები მართლა იყო თუ მოგვეჩვენა? თუ არ მოგვეჩვენა და მართლა მაღალი აქტივობა იყო, რა მოხდა? 4-იანები, 5-იანები, 9-იანები და 25-იანები შეიცვალა აპარატში - როგორც თვითონ ლაპარაკობენ, აპარატში ეშმაკი იჯდა და შეიცვალა 41-ით? ან ეს სისულელე უნდა ამტკიცონ, ან ის უნდა თქვან, რომ ეს რიგები მოგვეჩვენა ყველას. ან მესამე ვერსია - რომ ფარულობა დაირღვა, რადგან კონვერტი ვერ დამოკლდაო, ეს სისულელე უნდა ამტკიცონ. თითქოს, 300 ათასიდან 400 ათასამდე ადამიანმა ეს აღიქვა, შეშინდა ამით, ოღონდ 50 ათასზე მეტმა დამკვირვებელმა და მათმა წარმომადგენელმა ეს ვერ ნახა და ამას 3-4 დღის შემდეგ მიხვდნენ. რომელიღაც სისულელე უნდა ამტკიცონ და ამის მტკიცებას ურჩევნიათ, რომ არ ამტკიცონ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემას პასუხისმგებლობა ახლავს.
„როცა საგამოძიებო ორგანოში მიდიხარ და ოფიციალურად ჩვენებას აძლევ, იმ ჩვენებას სხვა პასუხისმგებლობა აქვს და ასე, ხალხის მოტყუებას მათი აზრით, პასუხისმგებლობა არ მოჰყვება.
ერთადერთი, რაზეც რაც სამართალდამცავ ორგანოებში მტკიცებულებები არსებობს, არის რამდენიმე ათეულის ან მაქსიმუმ ასეული ხმის მოპარვაზე, როდესაც ქართული მომხრეები მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს თავის კომისიებში ისეთ უბნებში, სადაც შეიძლებოდა ჩვენი მომხრეები ვერ მისულიყვნენ. ამაზე ნამდვილად არსებობს მტკიცებულებები და ვფიქრობ, სამართლებრივი შედეგი დადგება. ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული ჩაიდინა, მათ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრებათ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |