საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებს თუ შევხედავთ, საუბარი მხოლოდ ნორმატიულ საკითხებს ეხება, ევროპული არჩევანის გაკეთებას, ევროპისკენ სვლას, ევროპულ ღირებულებებს და ა.შ. ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი არც ყოფილა, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ.
აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა წამყვანის კითხვას: „მომავალში თუ გავიხედავთ, რამდენად არის გამართლებული საქართველოში იყოს მოლოდინი, რომ ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება იყოს დასაყრდენი. აქვთ თუ არა ამ მიმართულებით ბრიუსელში სტრატეგიული ხედვა, რომ დავეხმაროთ საქართველოს ინდუსტრიალიზაციაში. თუ ეს თითიდან გამოწოვილი ხედვებია და სინამდვილეში ყურადღებას ბრიუსელში გაამახვილებენ ნორმატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებაზე თბილისთან“.
როგორც იან პრაუდიმ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ის მიიღებდა ე.წ. რეგიონულ ფონდებზე წვდომას, ევროპულ კაპიტალზე, უფასო ფულზე, რაც შეიძლება საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდეს.
„საქართველო ისარგებლებდა სუბსიდიებითაც. მაგალითად, მიწათმოქმედების მიმართულებით, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები, საქართველო ევროკავშირის წევრი 15 წელიწადში თუ გახდება, ეს ხვალ არ მოხდება. როგორც უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, იმართება დიდი დებატები თუ რამდენად შეძლებს ევროპა შედარებით ღარიბი სახელმწიფოების, მაგალითად უკრაინის ან გნებავთ საქართველოს ისევე როგორც ამჟამინდელი წევრი სახელმწიფოების დაფინანსებას. მიმდინარეობს დებატი ამ ორმხრივი/ტყუპისებრი (Twin Track) მიდგომის თაობაზე, ეს კი გულისხმობს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც მომავალში ევროკავშირის წევრი გახდებიან ვერ მიიღებენ იმავე სარგებელს, რომელ სარგებელსაც ამჟამინდელი წევრი სახელმწიფოები იღებენ. მდიდარი სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ არ ისწრაფვიან, ეს როგორც წესი განვითარებადი ეკონომიკის პატრონი სახელმწიფოების სურვილია.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სავაჭრო ურთიერთობებამდე დადის და ევროკავშირთან ვაჭრობა საქართველოსთვის არათუ შედეგიანი, არამედ მისი განვითარებისთვის შემაფერხებელია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან შორეული პერსპექტივაა და ეს პროცესი ამჟამად საერთოდ გაყინულია, როგორც ინგლისში ვიტყოდით ტალახშია გაჭედილი“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში 1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე - თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლო - ამერიკულ სკოლაში“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |