12
18 ნოემბერი 2024, 18:44
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჟოზეფ ბორელის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, რაც არ უნდა თანხები შემოდიოდეს საქართველოში რადიკალური ძალების დასაფინანსებლად, შეუძლებელია ტყუილით რევოლუცია მოაწყონ. ექსპერტის თქმით, შეუძლებელია არჩევნებზე 300-400 ათასი ხმის მოპარვა და ეს კარგად იცის ყველამ, სწორედ ამიტომ ჩაიშალა ოპოზიციის რევოლუციური გეგმები.
„სიმართლე, რომლითაც ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა გიჟურია, როგორც მაგალითად ლოზუნგი -ხელისუფლება გვართმევს უფლებას ავირჩიოთ სქესი“- აცხადებს ექსპერტი და განმარტავს, რომ ხელისუფლების ღირებულებებისა და პოზიციის გამო, ამ მიზეზით ხალხის ქუჩაში გამოყვანა უფრო რეალურია, რადგან მმართველ გუნდს აქვს პოზიცია - ქვეყანაში იყოს ორი ბიბლიური სქესი.
დავით ქართველიშვილის თქმით, ის, რაც დღეს ქალაქში ხდება აკრმანისა და ჯინ შარპის სახელმძღვანელოდანაა. ანალიტიკოსის თქმით, კარვების გაშლა და მოსახლეობისათვის დისკომფორტის შექმნის მიზანი სამოქალაქო არეულობაა, რასაც მმართველი გუნდი თავს აარიდებს.
„ისინი [ევროპარლამენტარები] სხედან და მსჯელობენ - როგორ შეიძლება მოიხმარონ ეს თანხა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის - საქართველოში, რაც არ უნდა თანხები შემოდიოდეს, არ შეიძლება ტოტალურ სიცრუეზე ააგონ რევოლუციური მუხტი - ეს მათაც ესმით და მათ მიმდევრებსაც. არ შეიძლება არჩევნებზე 300 და 400 ათასი ხმა მოიპარო. ამ ნარატივით ისინი რევოლუციას ვერ მოახდენენ იმიტომ, რომ ეს არის სიცრუე და სიგიჟე. სიმართლე, რომლითაც ხალხის გამოყვანა შეიძლებოდა გიჟურია, როგორც მაგალითად ლოზუნგი -„ხელისუფლება გვართმევს უფლებას ავირჩიოთ სქესი“. წარმოიდგინეთ, ამ ლოზუნგით რომ გამოიყვანონ ქუჩაში, ამ ფაქტით შეწუხებული ათასობით ქართველი მამრი თუ მდედრი. ჩვენ მართლაც ვამბობთ და ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ ბიბლიური ორი სქესი, რომელმაც კაცობრიობა შექმნა და ამ გზას ჩვენ არ გადავუხვევთ. მაინტერესებს, ამ სიმართლის გარშემო რუსთაველის გამზირზე ხაზარაძის ან ელისაშვილის გამოსვლა - მოგვეცით შესაძლებლობა სქესის არჩევისო. კიდევ ათასი სიგიჟეა, რომელიც რეალობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე 300 და 400 ათასი დაკარგული ხმა.
იმაზე მეტს, რაც აკერმანის და ჯინ შარპის სახელმძღვანელოებშია გაწერილი, ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ. წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რა ფორმებს მიმართავენ ისინი საკუთარი მიზნებისა და ზრახვების განსახორციელებლად. ამას ვხედავთ ახლაც - კარვების გაშლა ქალაქის ცენტრში, დისკომფორტის შექმნა არა ხელისუფლებისთვის, არამედ თბილისელებისთვის იმ განზრახვით, რომ ეს ხალხო გამოვა და მათ დაუდგება გვერდში. მათ არ დაუდგება ხალხი გვერდში. ჩვენ არ გვინდა, რომ ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, თუნდაც თბილისის ერთ კონკრეტულ უბანში,“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |