აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი ადგენს სამხედრო ოფიცრების სიას, რომელთა გათავისუფლებაც პენტაგონიდან იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, სამსახურიდან დათხოვნის გეგმა ჯერ ადრეულ ეტაპზეა და შეიძლება შეიცვალოს ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოყალიბებასთან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, უჭერს თუ არა მხარს აღნიშნულ გეგმას თავად ტრამპი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე პასუხისმგებელი სამხედრო მაღალჩინოსნების გათავისუფლებაზე.
ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ სავარაუდოდ მომავალი ადმინისტრაცია ფოკუსირდება იმ სამხედრო ოფიცრებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან დონალდ ტრამპის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან. გასულ თვეში გამოქვეყნებულ ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტის, ბობ ვუდვარდის წიგნში „ომი“, მოყვანილია მარკ მილის ციტატა, რომელშიც ის დონალდ ტრამპს „ფაშისტს“ უწოდებს.
„თითოეული ადამიანი, რომელიც დააწინაურა და დანიშნა მილიმ, წავა. არსებობს ძალიან დეტალური სია ყველა იმ პირისა, ვინც დაკავშირებულია მილისთან. ყველა მათგანი წავა“, – განუცხადა „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე კანდიდატად „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანი პიტ ჰეგსეტი დაასახელა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |