35
10 ნოემბერი 2024, 23:21
"ერთი შეხედვით, თითქოს უცნაური ამბები ხდება არჩევნების შემდეგ - უცნაური, მაგრამ არა მოულოდნელი.
კერძოდ, სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, რომ წაგებული ოპოზიცია ყველა არსებულ და არარსებულ ბრალდებას გამოიყენებდა გამარჯვებული ხელისუფლების მიმართ და დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვას, დაშინებას, ბიულეტენების ჩაყრას, პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და გაყალბებისთვის გამოყენებას, ფარულობის პრინციპის დარღვევას, საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლების გაძევებას, ავტობუსებით ამომრჩეველთა მიყვანას საარჩევნო უბნებამდე და ა. შ." - სოციალურ ქსელში წერს ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე.
"უცნაური კი მხოლოდ ის იყო, რომ ამ „ფართომასშტაბიან რუსულ სპეცოპერაციაში“ (როგორც ისინი უწოდებენ) მონაწილე ასეულ ათასობით პოტენციური მონაწილიდან პრაქტიკულად ერთეული პიროვნებების კონკრეტული ფაქტებიც კი ვერ წარმოადგინეს ვერც საარჩევნო კომისიებში, ვერც პროკურატურაში და ვერც თავიანთი უცხოელი დამკვეთების წინაშე. მხედველობაში გვაქვს „მასობრივი გაყალბების“ ფაქტები, თორემ შეუძლებელია საერთოდ რაიმე ხარვეზის ან დარღვევის გარეშე ჩაევლო 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მიერ 3000-ზე მეტ უბანზე ხმის მიცემის პროცესს.
საარჩევნო პერიოდის კიდევ უფრო მეტი უცნაურობა ჩვენთვის იმ ადამიანების შეფასებები იყო, რომლებიც ადრე სხვებს აკრიტიკებდნენ აღქმებზე დამყარებული დასკვნებისთვის, ახლა კი მხოლოდ და მხოლოდ აღქმებზე, ვარაუდებზე და მკითხაობაზე დამყარებულ ისეთ დასკვნებს გვთავაზობენ, რომ ძალაუნებურად გახსენდება ცნობილი გამონათქვამი იმის შესახებ, როდესაც პეტრეს მოყოლილი ისტორია პავლეს შესახებ გაცილებით მეტს გეუბნება თვითონ პეტრეზე, რადგან ფიქრობ, ნეტავ რამ აიძულა ეს პეტრე ასეთი სისულელეები მოიგონოს პავლეს შესახებო.
სწორედ ეს შეკითხვა დაებადება ადამიანს, როდესაც მოუსმენს ვახტანგ კომახიძესა და გოგლა ჟვანიას 43-წუთიან საუბარს, გავრცელებულს სოციალური ქსელით, რომლებიც ისე თავდაჯერებულად იძლეოდნენ ანტისახელისუფლებო დასკვნებს, რომ ნაცების მამალ პროპაგანდისტებსაც კი გადააჭარბეს.
ჯერ ერთი, მათ უტყუარად გამოაცხადეს, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რუსეთს (ანუ მისი გამარჯვება არჩევნებში რუსეთის გამარჯვება იქნებაო), ხოლო ოპოზიცია წარმოადგენს ევროპას და მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვება იქნება ევროპის გამარჯვებაო. მეორე უდავო ჭეშმარიტებად ისინი წარმოგვიდგენდნენ „ედისონ რისერჩის“ კვლევის მაღალ სანდოობას და თურმე ეს არის აშშ-ში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს ზუსტ კვლევებსო. ამიტომ მისი წინასაარჩევნო კვლევა, რომ ოცნებას მხოლოდ 36% აქვს, ხოლო ოპოზიციას ჯამურად - 55%, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების შენარჩუნების შანსი „ოცნებას“ არ გააჩნიაო.
ამის დამადასტურებლად ისიც მოიყვანეს, რომ 2012 წლის შემდეგ პროპორციულ არჩევნებში ყოველთვის 50%-ზე ნაკლებს იღებდა და ახლა როგორ მიიღებს 50%-ზე მეტსო?
საოცრება აქ ის არის, რომ აშკარად განაცებულ კომახიძეს და ჟვანიას მიაჩნიათ, რომ დღეს სწორედ ნაცები არიან ევროპელებიც, დემოკრატებიც, ჰუმანურებიც და საქართველოსთვის ბედნიერების მომტანებიც, ხოლო „პრორუსული“ ოცნება თუ ჯამურად დაამარცხებს ოპოზიციას, ეს იქნება მხოლოდ გაყალბებით მიღებული შედეგიო. ვინც იცის ვახტანგ კომახიძისა და გოგლა ჟვანიას ბიოგრაფიები, იმათთვის გასაგები იქნება, თუ რატომ შეაფასებს მათ ამ საუბარს საზოგადოება არა იმდენად საარჩევნო ანალიზად, რამდენადაც მათი ეს დიალოგი საზოგადოების მხრიდან შეფასების საგანი იქნება მხოლოდ მათი მორალური და ზნეობრივი დეგრადირების მასშტაბები.
რაც შეეხება „ედისონ რისერჩის“ მაღალ რეპუტაციას, რასაც ეს ორი „ანალიტიკოსი“ ამტკიცებდა, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ 2024 წლის 5 ნოემბრის აშშ-ს არჩევნებში ეს „მაღალი რეპუტაციის“ ორგანიზაცია ვარაუდობდა დაახლოებით 6%-ის უპირატესობით კამალა ჰარისის გამარჯვებას, ხოლო საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებში მათი ცდომილება კიდევ უფრო მეტი - 12-13% იყო.
ასევე აბსურდულია იმის მტკიცება, რომ თითქოს „ოცნებამ“ ამომრჩევლები დაკარგა 2016 წლის შემდეგ სხვა პარტიების ჩამოცილებით. უფრო პირიქით მოხდა და ამის შემდეგ მათი მომხრეების რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, როდესაც ისინი აპელირებენ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თბილისში ჩატარებულ აქციებზე და ამბობენ, როგორ შეიძლება ასეთი მასშტაბის პროტესტის პირობებში ხელისუფლებამ გაიმარჯვოსო, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მარტო თბილისში ოთხმა ნაცურმა ოპოზიციამ ჯამურად 287 000 ხმა მიიღო, ხოლო მთლიანად საქართველოში - თითქმის 800 000. ეს საკმაოდ სოლიდური ოდენობაა, თუმცა, არასაკმარისია ხელისუფლებაში მოსასვლელად და ოპოზიციურად განწყობილი ამ ოდენობის მეათედიც რომ გამოვიდეს საპროტესტოდ (თუმცა, ვხედავთ, რომ მეასედიც კი არ აპროტესტებს არჩევნების შედეგებს), ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს?
ბოლოს, ძალიან საინტერესოა, ეს ორი განაცებული „ექსპერტი“ დღეს მონაწილეობს თუ არა „მასობრივ“ საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის პერიოდულად იმართება თბილისში და რა მიზნებსა და იმედებს ისახავენ ისინი ნაცპროპაგანდისტების რიგებში „საპატიო ადგილების“ დაკავებით," - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |