გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ, - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ რჩება შთაბეჭდილება, თოთქოს ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა.
„ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც მათი გამავრცელებლების მოსაზრებით, წარმოადგენს საარჩევნო პროცესში არასწორი ჩარევის ან ხმის ფარულობის წინასწარი განზრახვით დარღვევის ფაქტებს. მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირების მცდელობები ვერიფიკაციის მანქანაში ამომრჩეველთა დუბლირების შესახებ მთლიანად გააქარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია, ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენების მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა, თითქოს სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარ განზრახვით დარღვევის.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვილილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. ამასთანავე, ხმის მიცემის პროცედურის ყველა ნაბიჯი გამოკრული იყო საჯაროდ ყველა უბანზე. შესაბამისად, ჩარჩო კონცერტის და ბიულეტენის მანქანაში მოთავსების ინსტრუქციის სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ არსებობდა ფარულობის დარღვევის თეორიული შანსიც კი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან როგორც ინფორმაციულად, ისე მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო ყველა საშუალება ამ საკითხებთან დაკავშირებით. გაფერადება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ჩანს ბიულეტენის მეორე (უკანა) მხარეს, ზოგადად სუსტი და გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ოდნავ აღბეჭდილი იყოს, ის არცერთ შემთხვევაში ნათლად არ ავლენს ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ ზუსტ არჩევანს, რაც ინარჩუნებს ხმის საიდუმლოებას. ამომრჩევლის არჩევანის ფარულობა, მაშინაც კი არის უზრუნველყოფილი, თუ ძლიერად არის გაფერადებული ან მუქად, რაც შესაძლოა ჩანდეს მეორე მხარეს, მაგრამ არცერთ შემთხვევაში დგინდებოდეს არჩევანი. ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ. მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა ამომრჩეველთა ნაკადების და მონაცემების მეცნიერულ მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას, რომ ამომრჩეველთა ასეთი ნაკადის გატარება საეჭვოა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი კვლევები ერთი ან ორი უბნის მონაცემების მიხედვით წარმოებს, ამ გამოთვლების ავტორებს ხშირად ავიწყდებათ, რომ საარჩევნო უბნებზე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის მანქანა იყო განთავსებული და ასევე მინიმუმ ორი და მაქსიმუმ სამი ხმის მთვლელი მანქანა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მომსახურება ხდება არა თანმიმდევრულ, არამედ პარალელურ რეჟიმში, რაც ამგვარი კვლევების ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა არაერთი სტრეს ტესტი, საარჩევნო უბნების გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით და სწორედ ამაზე დაყრდნობით, ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე დიდი რიგების პრობლემა არ დადგებოდა. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობის პირობებშიც კი, დაუბრკოლებლად მოხერხდა ამომრჩევლების მომსახურება.
სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება დიაგრამები და კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური კვლევის და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა ამ მეთოდოლოგიის ერთ ერთი მთავარი წესი გახლავთ ის, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემს საარჩევნო ადმინისტრაციას დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზე განხორციელებული აქტივობის მონაცემები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევის მეთოდოლოგია, გამოკვლეული უბნების რაოდენობა და რეგიონული გადანაწილება, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ობიექტურ მკვლევართან, მათი რეალური დაინტერესების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევების მეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ პირიქით ხდება, რაც სერიოზული ეჭვის და შეშფოთების საგანია. კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც გვინდა გამოვეხმაუროთ, ხმის მთვლელ აპარატებს უკავშირდება. სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აპარატებს ჰქონდათ ბიულეტენის გამოცვლის ფუნქცია და ყოველი მეორე ბიულეტენი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ იცვლებოდა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აპარატს არ შეუძლია ამომრჩევლის ხმა შეცვალოს როგორც ფიზიკურად ბიულეტენზე, ასევე პროგრამულად. აპარატი მყისიერად და ზუსტად აფიქსირებს ამომრჩევლის გამოვლენილ ნებას და მისი შეცვლა შეუძლებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ საარჩევნო უბნების ბიულეტენები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდა, ხელითაც გადაითვალა და თანხვედრაშია ერთმანეთთან. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ასევე წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილს.
ასევე ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როგორ ათავსებს ბიულეტენებს ხმის მთვლელ აპარატში. ვიდეოზე მიმდინარე პროცესს გამავრცელებლები წარმოაჩენენ ისე, თითქოს კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა კანონდარღვევას წარმოადგენდეს. სინამდვილეში, ვიდეო ასახავს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ ტრადიციულ, კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცედურას - გადასატანი ყუთის ბიულეტენების მოთავსებას ძირითად საარჩევნო ყუთში, ამ შემთხვევაში ხმის მთვლელ აპარატში. ასეთი შემთხვევა იქნებოდა ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც იყო გადასატანი ყუთი და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი ყუთის ბიულეტენების მთვლელ აპარატში მოთავსება პროცედურით არის გათვალისწინებული. და, რა თქმა უნდა, ეს პროცედურა კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, მიუხედავად ამისა, ისინი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. გვინდა, გამოვეხმაუროთ მარკირების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარკირების სითხემ გამოყენების შემდეგ არ დატოვა შესაბამისი კვალი. მიუხედავად იმისსა რომ ამ საკითხს ცესკოს პრესსპიკერი არჩევნების დღესვე გამოეხმაურა და მედიის თანდასწრებით საჯარო დემონსტრირების გზით შემოწმდა მარკირების სითხის ეფექტურობა, დაინტერესებული მხარეები მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენთვის ნათელია, რომ ასეთი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი, სპეკულაციურია და ემსახურება ზოგადად საარჩევნო პროცესის, არჩევნების დისკრედიტაციას. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს საზოგადოებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას“, - აცხადებენ ცესკო-ში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |