ამომრჩეველი სიაში ხვდება მხოლოდ ერთხელ. ერთხელ ხვდება იმიტომ, რომ მისი სიაში მოხვედრის საფუძველი გახლავთ მისი პერსონალური ნომერი, რომელიც არის ერთადერთი და უნიკალური ამომრჩევლისთვის და მისი სიაში დუბლირება არის წარმოუდგენელი, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენად არის დაზღვეული სისტემა ამომრჩევლების დუბლირებისგან.
მისივე თქმით, ელექტრონულად ამომრჩევლის დადასტურების შემდგომ იბეჭდება ქვითარი და ქვითარზე ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი მის უტყუარ მონაწილეობას.
„ამ პროცესში ჩართულია არაერთი საერთაშორისო კომპანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ ამერიკულ კომპანიაზე უკვე ვისაუბრეთ და მეორე ეს არის, ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ძირითადად ბაზირებულია ამერიკაში. ეს არის ტექნოლოგიური, ვენდორული კომპანია „სმარტმატიკი“, რომელმაც განახორციელა ჩვენი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და ეს არის კომპანია, რომელსაც მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება გააჩნია. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ახორციელებენ ისეთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ისეთი ქვეყნების, როგორიც არის აშშ-ი ყველაზე მსხვილი საარჩევნო ოლქი, კანადაში რამდენიმე პროვინცია. ესტონეთი, რომელიც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ხშირად ჩვენ, როგორც კარგი მაგალითი ისე გესმის ხოლმე. ბელგია, ავსტრალია, არგენტინა, ბოსნია ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ბულგარეთი, ჩვენი მეზობელი სომხეთი და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
მათი ეს მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში და მათი ეს სოლიდური გამოცდილება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტობრივად ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით სრულად გვქონდა დაზღვეული ყველა ის რისკი და საფრთხე, რომელიც შესაძლოა კენჭისყრის პროცესში არსებობდეს.
ამასთანავე, დავამატებ იმას, რომ ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით 2018 წლიდან დღევანდელ დღემდე ჩატარებული რვა პილოტით, რომლითაც ასევე ვუპასუხეთ ევროპულ სტანდარტებს, ფაქტობრივად, შევქმენით ისეთი მოდელი, რომელმაც სივრცე არ დატოვა სპეკულაციისთვის. რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესში გამოყენებულია ქაღალდის კვალი, რომელიც კვალდაკვალ იძლევა ყველა მოქმედების გადამოწმების და მონიტორინგის შესაძლებლობას, რაც პროცესს სძენს უკიდურესად დიდ გამჭვირვალობასა და საჯაროობას და ამასთანავე, ასევე უპრეცედენტოდ ზუსტად ამ ქაღალდის კვალის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტის გამოყენებას არცერთ კომპონენტში ჰქონია ადგილი, შედეგები უპირობოდ, ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ტექნოლოგიური საშუალებები განთავსდა, ხელით გადაითვალა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ არჩევნებში, რამაც ასევე მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში ჩვენ მოსახლეობას, ამომრჩეველს, საზოგადოებას გავაცანით წინასწარი მონაცემები.
რაც შეეხება დუბლირების საკითხს, ეს არის ახალი სიახლე. მოკლედ, ჩვენ ყოველ არჩევნებზე გვესმის ხოლმე გარკვეული ახალი გამოკვეთილი ტენდენციები, შეთქმულების თეორიები, მითები თუ სხვადასხვა მოცემულობის შექმნის წინაპირობები, ესეც გახლავთ ზუსტად გამოძახილი ამისი. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მოვისმინეთ, როდესაც არჩევნები დასრულდა და სხვადასხვა მხარემ გარკვეული უკმაყოფილება გამოხატა შედეგებთან მიმართებაში. ჯერ კიდევ წარმოდგენილიც არ არის თუ რა შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, მაშინ, როდესაც ჯერ არის ხოლმე ფაქტები და ფაქტების ანალიზის შედეგად კეთდება ხოლმე დასკვნები და ამ შემთხვევაში ჩვენ პირიქით, საპირისპიროდ გვაქვს დასკვნა და ახლა ხდება გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ფაქტების მოძიება, რა შეიძლება იყოს ამ დასკვნის საფუძველი.
ავხსნათ ახლა რაზეა საუბარი. დუბლირება ამომრჩევლის. აუდიტის დასკვნამ ცალსახად აჩვენა და ჯერ კიდევ გასულ წელს ჩატარებულმა შესაბამისობის აუდიტმა დაადასტურა, რომ ამომრჩეველი სიაში ხვდება მხოლოდ ერთხელ. ერთხელ ხვდება იმიტომ, რომ მისი სიაში მოხვედრის საფუძველი გახლავთ მისი პერსონალური ნომერი, რომელიც არის ერთადერთი და უნიკალური ამომრჩევლისთვის და მისი სიაში დუბლირება არის წარმოუდგენელი.
პროცესში არის ქაღალდის კვალი. პირველ რიგში ის, რომ ელექტრონულად ამომრჩევლის დადასტურების შემდგომ იბეჭდება ქვითარი და ქვითარზე ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი მის უტყუარ მონაწილეობას.
მეორე, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდება ამომრჩეველთა სია და სხვათა შორის, ეს პოლიტიკური პარტიების მიერ ცესკოში დანიშნული წევრების მოთხოვნა იყო და ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერიფიკაციის აპარატში გააქტიურებული სიის ამობეჭდვის და გადადარების შესაძლებლობა არსებობს იქვე გამოკრულ სიებთან მიმართებაში. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა კომისიებიდან გამოითხოვონ სიები და კენჭის ყრის დღეს მოახდინონ შესაბამისი აუდიტირება, მონიტორინგი. მათ შორის, იმ სიების, რომელიც კონკრეტულ ვერიფიკაციის აპარატშია ჩატვირთული“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |