სტატიები
გახარიას მშვიდობა მოგებული ომის შემდეგ და ოპოზიციის „წინსვლა“ უკან - კრიმინალებისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3182 18 მაისი 2020, 12:21

ქეთი ხატიაშვილი

შეიძლება მოიგო ომი, მაგრამ წააგო მშვიდობა. ასე იყო ჩერჩილის შემთხვევაში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო. თუმცა, ბრიტანელებმა მას სოციალური გაჭირვება არ აპატიეს - ის მეორე ვადით პრემიერად აღარ აირჩიეს. გმირი გახდა, დასავლეთი ტაშს უკრავდა, მაგრამ მის ქვეყანაში ხალხი შიმშილობდა. ჩერჩილმა ომი მოიგო, მაგრამ გამარჯვებულის მაგიდას ბრიტანეთის სახელით სხვა მიუჯდა. 

საქართველოში ზვიად გამსახურდიამ ერთიც წააგო და მეორეც; ედუარდ შევარდნაძემ ორივე მოიგო; მიხეილ სააკაშვილმა ომი წააგო და მშვიდობა მოიგო; პრემიერმა გიორგი გახარიამ ომი მოიგო, მოიგებს თუ არა მშვიდობას, ამას შემოდგომაზე ვნახავთ. 

ჯერჯერობით მას დასავლეთში კოვიდთან ბრძოლის გამო ტაშს უკრავენ, პოლიტიკური პროცესების გამო კი აკრიტიკებენ. თუმცა, ეს სილის გაწვნას უფრო ჰგავს. 

ამ სილას კი საქართველოს პოლიტიკაზე მაგიური ძალა აქვს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, წინ დგახარ თუ უკან. და საერთოდ, დგახარ თუ არა. ამ ისტორიას წარსულის გაკვეთილებში აღარ შევყვები, ვიტყვი მხოლოდ, რომ „სილა“ უსამართლო ჯერ არ ყოფილა. 

მარტივია, თუ შეთანხმებას დაარღვევ, ამას თავისი ფასი აქვს და ის უნდა გადაიხადო. ამ მომენტისთვის, მმართველი ძალისთვის ეს ფასი წაგება ჯერ არ არის, თუმცა ოქრუაშვილისა და რურუასთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებით ოცნება სერიოზულად დაზარალდა. 

ერთხელ ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა: ყველაფერი შეიძლება შეასაღო რუსულ ბაზარს, дьермо-ც კიო. ახლა იგივეს აკეთებენ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე

და აქ მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღება სალომე ზურაბიშვილს მოუხდა და „ქართული ოცნება“ მას გაემიჯნა, ფასილიტატორებმა თავიანთი განცხადებით უკვე თქვეს მთავარი. მთავარი კი ისაა, რომ მმართველი პარტია ისეთ დიალოგში შევიდა, სადაც ბატონები ოქრუაშვილი და რურუა პოლიტპატიმრების სტატუსით მოიხსენიებოდნენ. ეს შეცდომაა, მაგრამ არა საბედისწერო. 

„ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, აქვს შანსი. და ამ შანსს მას ოპოზიცია აძლევს, რომელიც, იმის მაგივრად, რომ წინ წავიდეს, უკან მიდის. უკან - კრიმინალებისკენ, უკან - დაქირავებული მკვლელებისკენ, უკან - პოლიტიკური სანაგვისკენ! 

ოპოზიცია უკან მიდის. უკან - კრიმინალებისკენ, უკან - დაქირავებული მკვლელებისკენ, უკან - პოლიტიკური სანაგვისკენ!

ისე ჩანს, თითქოს ოპოზიციამ დიდ ნაგავსაყრელზე შეაბიჯა, სადაც მეორადებში გამოსადეგ მასალას ეძებს მისი გათანამედროვეობის იმედით. თუმცა, ეს სრულიად ფუჭი დროის ფლანგვაა. 

მაგალითად, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა გახდეს ბაჩუკი ქარდავა თანამედროვე, როცა მას აზროვნებაც კი უჭირს? როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკოსად სერიოზული მორალური პრობლემების მქონე მაჭუტაძე, რომელიც მეგობარს აშანტაჟებდა? როგორ უნდა გახდეს რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის მოკავშირე, ან 90-იანი წლების დანაშაულებრივი და სასტიკი დაჯგუფების ბოსი გიორგი რურუა - პოლიტპატიმარი?


და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ პოლიტიკა განწმენდის საშუალებაა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ეკლესიის იმ მეუფეებისა თუ მღვდლებისგან, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ზიარების კოვზი ჰაერში ათას გრადუსამდე ხურდება და ის შემდეგი მაზიარებლისთვის სრულიად უსაფრთხოა. 

სასაცილო რამე ვთქვი ჰო? რეალურად ხომ ისინი ასე არ ფიქრობენ, უბრალოდ, ჩვენ „გვაბოლებენ“. ჰოდა, არც პოლიტიკოსებს სწამთ პოლიტიკური განსაწმენდელის. ისინიც ჩვენ „გვაბოლებენ“. 

ერთხელ, თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ოქრუაშვილმა ასეთი რამ თქვა: ყველაფერი შეიძლება შეასაღო რუსულ ბაზარს, дьермо-ც კიო. ჰოდა, ახლა იგივეს აკეთებენ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე. 

გიგა ბოკერია, პრინციპში, ერთადერთი იყო, ვინც გიორგი რურუა მოიხსენია, როგორც პატიმარი და არა, როგორც პოლიტპატიმარი; ნინო ბურჯანაძეს, საერთოდ, კომენტარიც არ გაუკეთებია. თუმცა, მაშინ როცა რადიკალები ამ ფიგურებით თამაშობდნენ, თითქმის ვერავინ გაბედა, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის წინააღმდეგ წასვლა. 

მაგრამ ახლა, როცა ქუჩაში გასვლის მიზეზი აღარ არის, რა იქნება რადიკალიზაციის საბაბი? იმედია, არაფერი და ზომიერები შეძლებენ საარჩევნო მარათონზე დაწინაურებას
  

„ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, საკუთარი გათვლები აქვს, პოლიტიკური ზოგჯერ ნაგავი და ზოგჯერ дьермо მათ წყლის ასამღვრევად და ოქროს თევზის დასაჭერად სჭირდებათ. მარტივად რომ ვთქვათ, მშვიდობის მოგებას ისინი ომით აპირებენ. ამისთვის სჭირდებოდათ მათ პოზიციებისა და პოლიტიკის რადიკალიზაცია. ოპოზიციამ ქუჩა იცის და ქუჩა უქმნიდა მათ სიმართლისთვის მებრძოლის იმიჯსაც, პოპულისტური განცხადებებითა და ქუჩის შოუებით შეძლებდნენ საარჩევნო რეიტინგის აქაჩვას. გზადაგზა ხელისუფლების შეცდომებსაც დაელოდებოდნენ და ეს იყო მთელი ალია-ბალია. 

მაგრამ ახლა, როცა ქუჩაში გასვლის მიზეზი აღარ არის, რა იქნება რადიკალიზაციის საბაბი? იმედია, არაფერი და ზომიერები შეძლებენ საარჩევნო მარათონზე დაწინაურებას.  

მაგრამ რას აპირებს „ქართული ოცნება“? ის წინ მიდის, შეცდომებით, მაგრამ მაინც წინ, იმიტომ რომ ომი ერთადერთია, რაც მას არ აწყობს, მშვიდობა კი კორონასთან ბრძოლის შემდეგ ძალიან ძვირია. არის კიდევ ერთი რისკი. სააკაშვილმა, მაგალითად, არჩევნები სწორედ იმ დიდ ქალაქებში წააგო, სადაც გზებსაც აგებდა და ლამაზ შენობებსაც.

პრემიერ გახარიას ხელისუფლება ახლა ანტიკრიზისული გეგმით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ხელისუფლებას შეუძლია კრიზისის დარტყმის შემსუბუქება, მაგრამ იქნება კი ეს საკმარისი მშვიდობისთვის? 













    

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი