პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარების ორმაგ სტანდარტს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, არსებობს ორი ევროპა, მემარჯვენე პრაგმატული პოლიტიკოსებისა და მანკიერი ლიბერალური ძალებისაგან შემდგარი. „ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ არ აღნიშნო მათივე ინსტიტუციების მიერ შემუშავებული უამრავი ინდიკაციის მიხედვით, საქართველოს დინამიკურად ზრდა“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა და განმარტა, რომ ევროპარლამენტის ლიბერალური წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური იგნორირება ხდება ავტორიტეტული ინსტიტუციების დასკვნების საქართველოს მიმართ, რასაც მეორე ევროპაც ხედავს.
ანალიტიკოსი გამოთქვამს იმედს, რომ ეს ფაქტები 2029 წელს სულ სხვა ევროპამდე მიიყვანს ქვეყანას.
მისი თქმით, აუცილებელია თანამშრომლობის სახით, ევროპელ პრაგმატულ პოლიტიკოსებთან ხიდების აშენება, რათა საერთო მტერი დამარცხდეს.
„საქართველოსთან მიმართებით დიდი პრეტენზიაა პოლარიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა ისეთი პოლარიზებული საზოგადოება, როგორიც დღეს მაგალითად, აშშ-ში ან ევროკავშირშია, საქართველოს არც კი დაესიზმრება, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 20 წელია ჩვენ სექტასთან გვაქვს საქმე. მართლაც გამოკვეთილია ორი ევროპა და ეს ყველაზე კარგად და მკაფიოდ ჩანს ამა თუ იმ ქვეყანაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების მაგალითზე, სადაც იდეოლოგიურ დონეზე მიდის ბრძოლა, მემარჯვენე ძალებსა და იმ მანკიერ ლიბერალურ ძალებს შორის, რომლებმაც საკუთარი ქვეყნები პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანეს. როდესაც გვაქვს საუბარი ორ ევროპაზე, ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ საქართველოს მიმართებით არ აღნიშნო მათივე ინსტიტუციების მიერ შემუშავებული უამრავი ინდიკაციის, მაგალითად სასამართლო და საარჩევნო სისტემების, კორუფციასთან ბრძოლის, სიტყვის თავისუფლების, მედიაპლურალიზმისა და ბევრი სხვა მონაცემის მიხედვით, საქართველოს დინამიკურად ზრდა. ეს ხომ მათი შემუშავებული სისტემაა, რომელშიც შეიძლება ქართველ მოქალაქეს არაფერი ესმოდეს და სკეპტიციზმითაც იყოს ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი, მაგრამ ეს არის მათი სანაქებო სისტემა, რომელიც აქებს საქართველოს. მათი კვლევების მიხედვით ჩვენ ევროკავშირში შემავალ ბევრ ქვეყანას ვჯობნით, რიგ კომპონენტებში დიდ შვიდეულში შემავალ ქვეყნებსაც კი ვასწრებთ. აბსოლუტურად იგნორირება ხდება ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციის, როგორიც არის სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლო, რომელმაც სააკაშვილთან მიმართებით არაერთი გადაწყვეტილება გამოიტანა უკვე და განსახილველადაც არ მიიღო სააკაშვილის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით მისი ადვოკატების უამრავი სარჩელი, რომელიც აბსოლუტურ სიცრუეზე იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხედავს მეორე ევროპა, რომლის რიგებშიც არიან მემარჯვენე პრაგმატული პოლიტიკოსები და მათი წარმომადგენლები, მათ შორის, ამ ევროპარლამენტის შემადგენლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია 2029 წლამდე მიგვიყვანს სულ სხვა ევროკავშირამდე, სულ სხვა ევროპამდე. ჩვენ, ყველამ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი, ვგულისხმობ პრაგმატულ პოლიტიკოსებს ევროპიდან და ჩვენი ხელისუფლებიდან, თანამშრომლობის სახით საკუთარი ხიდები ავაგოთ და ერთობლივად მოვახერხოთ საერთო ურჩხულის დამარცხება,“- აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |