რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას აფხაზეთის „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა.
ლავროვის და შამბას შეხვედრა მოსკოვში გაიმართა.
„გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. შეთანხმებების შესაბამისად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა სირიასა და ნიკარაგუაში რუსეთისა და „აფხაზეთის დიპლომატიური მისიების“ ყოველდღიური კოორდინაცია.
„პრინციპული პოზიციები გვაქვს სამხრეთ კავკასიის შესახებ ჟენევის დისკუსიებზე და ვუწყობთ ხელს შეთანხმებებს, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ამ რეგიონში, რეალობების აღიარების საფუძველზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ „ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციაზე საუბრისას, ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ „დანარჩენი დოკუმენტებიც, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს, დროულად იქნება შეთანხმებული“.
ცნობისთვის, სადავო კანონპროექტების დამტკიცების მოთხოვნით, რუსეთმა 1-ელ სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |